სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018

 

 

სასტიპენდიო პროგრამის - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ მიზნები და ამოცანები

 

სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“  წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ -განათლების საერთაშორისო ცენტრს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.

სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ გრანტი საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე.  გრანტი გაიცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე.

პროგრამის მხარდაჭერა გამოიხატება პარტნიორების - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის,  საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსის ერთობლივ ფინანსურ უზრუნველყოფაში.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ინტერესების შესაბამისად სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ ამოცანაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებისთვის საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობა და მიღებული ცოდნის რეალიზებით  ქვეყნის მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსების ზრდა. აღნიშნული მიზნით, სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და დასაქმდებიან შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით.  ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

 

 პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებები/სპეციალობები:

  • აგრარული მეცნიერებანი;
  • განათლება;
  • ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

 

კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში/ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ პრიორიტეტულად განსაზღვრულ მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისათვის. გამარჯვებული კონკურსანტის მიერ არა პრიორიტეტული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ წერილი წარმოადგენს ცენტრის მხრიდან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლება-სწავლის სრული დატვირთვის რეჟიმის მქონე სამაგისტრო აკადემიური პროგრამები, რაც გამორიცხავს ნებისმიერი არასტანდარტული, მათ შორის: სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის, დისტანციური, ე.წ. “Executive” სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

 

პროგრამის კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლება

 

(დასაწყისი)

საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

საკონკურსო პროცედურებისას მხედველობაში მიღებული იქნება სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
   

 

 

 

  

საკონკურსო ვადები

 

(დასაწყისი)

განაცხადების წარმოდგენის ვადაა 1 თებერვლიდან - 1 მარტის ჩათვლით (19:00 სთ), 2017.

დაინტერესებული პირები განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით  https://app.iec.gov.ge/.

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.  ელექტრონული განაცხადი და შესაბამის დოკუმენტაცია 1 მარტის ჩათვლით (19:00 სთ)  უნდა აიტვირთოს სააპლიკაციო ფორმაში და გადმოიგზავნოს. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.

ელექტრონული განაცხადისა და დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. ელექტრონული განაცხადისა და დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში ელექტრონული განაცხადი არ განიხილება. 
დოკუმენტების წარმოდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება.

 

 

საკონკურსო მოთხოვნები

 

(დასაწყისი)

  • საქართველოს მოქალაქე, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
  • ასაკი არ აღემატება  30 წელს;
  • მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი;  
  • ან სწავლობს საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე;
  • ან სწავლობს საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და ითხოვს საფრანგეთში მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსებას;
  • გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით: GPA­-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90),  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;
  • ფლობს ფრანგულ ენას (მინიმუმ DELF - B2, TCF – B2),  ან ინგლისურ ენას (მინიმუმ TOEFL – 79, IELTS – 6,5).

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

(დასაწყისი)

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრა­ლური მოწმო­ბის/ნეიტრალური სამგ­ზავ­რო დოკუმენტის ასლი;
  • CV – 2 ენაზე ( ქართულ - ფრანგული ან ქართულ - ინგლისური);
  • სამოტივაციო წერილი 2 ენაზე (ქართულ - ფრანგული ან ქართულ - ინგლისური);
  • ერთი  რეკომენდაცია (მეორე არსებობის შემთხვევაში), ქართულ ენაზე არსებული რეკომენდაციის შემთხვევაში, ასევე მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე;
  • ფრანგული/ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (DELF, TCF (TCF DAP - არ მიიღება), TOEFL, IELTS);

ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს:
ა) საქართველოში ან საზღვარგარეთ ფრანგულენოვან აკადემიურ პროგრამაზე მინიმუმ ერთი აკადემიური წლის ხანგრძლივობით სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსანტი საფრანგეთის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თავისუფლდება ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის წარდგენის ვალდებულებისგან.

 

  • ბაკალავრის ან/და შემდგომი აკად. ხარისხის დიპლომი/დიპლომის დანართი/შეფასების ფურცელი.  დროებით დიპლომის არქონის შემთხვევაში, ცნობა  აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი (GPA­-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90), ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);
  • განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში, ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების GPA-სთან ან 100 ქულიანი შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ.
  • საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსის სტუდენტმა  დამატებით უნდა წარმოადგინოს:

- შეფასების ფურცელი ყველა განვლილი სემესტრის საბოლოო წლიური/სემესტრული ქულების მითითებით ცალ-ცალკე ან ჯამურად (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90), ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).

  • განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების GPA-სთან ან 100 ქულიანი შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ;

- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

  • საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამა მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსების მოთხოვნის მსურველმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

- მასტერ 1-ის დიპლომი და შეფასების ფურცელი (GPA-­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90), ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში). 
- მასტერ 1-ის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტმა განვლილი სემესტრის შეფასების ფურცელი (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90), ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

 

  • - განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების GPA-სთან ან 100 ქულიანი შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ.

არსებობის შემთხვევაში:

  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები;
  • ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები  (აღნიშული დოკუმენტაციის ასლები შეიძლება წარმოდგენილ იქნას მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე);
  • სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი

 

(დასაწყისი)

გამარჯვებულის გამოვლენასთან, კონკურსის ჩატარებასა და დაფინანსებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების მხარეებთან შეთანხმებით. საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 ქულა (+ 3 ბონუს ქულა). აქედან:
  • ელ. განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 60 ქულა;
  • გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 40 ქულა;
  • ბონუს ქულა მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა.
კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა. მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება სკაიპით. გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა.

 

კონკურსანტების ინფორმირება შედეგების შესახებ

 

 

(დასაწყისი)

შეფასების ელექტრონული ქულობრივი სისტემა კონკურსის დასრულებისას  კონკურსანტებს ჰყოფს (1)გამარჯვებულ, (2)სარეზერვო და (3) დაბალქულიან ჯგუფებად.
კონკურსანტების ინფორმირება საბოლოო შედეგის შესახებ ხდება გასაუბრების ეტაპის დამთავრებიდან ერთ თვის განმავლობაში. 
ცენტრი კონკურსის ყველა ეტაპზე კომუნიკაციას ახორციელებს კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებულ ელ ფოსტის მისამართზე.

 

     საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებულის  მიერ გრანტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გრანტს მიიღებს სარეზერვო სიაში მყოფი უმაღლესი ქულის მფლობელი კონკურსანტი, რომელიც ვალდებული იქნება ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს პროგრამით დადგენილი დოკუმენტები.

     რეზერვის სტატუსის ცვლილების შემთხვევაში, სარეზერვო სიაში მყოფი უმაღლესი ქულის მფლობელი კონკურსანტის მიერ ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობა განიხილება როგორც უარი გრანტის მიღებაზე და აღნიშნული კონკურსანტი კარგავს გრანტის მოთხოვნის უფლებას.

 

 

დაფინანსების შესახებ

 

 

(დასაწყისი)

პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე საფრანგეთში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.  დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია ერთი სასწავლო წლისათვის.

დაფინანება გულისხმობს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:

• სწავლის (სავარაუდო) ხარჯების საფასური;
• ყოველთვიური სტიპენდია - 767 ევროს ოდენობით (ათი თვის განმავლობაში);
• სტუდენტური დაზღვევის ხარჯები;
• სავიზო მოსაკრებელი;
• დოსიეს შექმნის ხარჯები.


ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების შემთხვევაში საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90), ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

 

(დასაწყისი)

კონკურსში გამარჯვებულ პირებთან ფორმდება „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტი საქართველოში არ იმყოფება, განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფს შესაბამის პროცედურებს.

ხელშეკრულებით განისაზღვრება გრანტის ოდენობა, გრანტის ანგარიშსწორებისა და ანგარიშგების წესი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა.

(!) ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის/ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს აგრეთვე:
1. თუ კონკურსში გამარჯვებული ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვერ წარმოადგენს ბაკალავრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს და შეფასების ფურცელს, ხოლო საფრანგეთში მასტერ 1-ის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი მასტერ 1-ის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტსა და შეფასების ფურცელს. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი შეფასების მაჩვენებელი უნდა იყოს  GPA­-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90), ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.
2. თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
3. თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.

 

დაფინანსებული პირი ვალდებულია სწავლის დასრულების შემდგომ:

  1. წარმოადგინოს შესაბამისი მიმართულების/სპეციალობის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი,
  2. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდეს საქართველოში და დასაქმდეს შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში 3 წლის ვადით.
  3. ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთაშორისო საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით,  დაფინანსებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადასავადებლად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პირს ეკრძალება ისარგებლოს პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ქვეყნების სხვა სახელმწიფო/სამთავრობო დაფინანსებით/სტიპენდიით.