საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2017
30 ივნისი - 20 ივლისის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე)

 

 

პროგრამის აღწერა

(დასაწყისი)

 

 

სასტიპენდიო პროგრამა - „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2017“ (შემდგომში - სასტიპენდიო პროგრამა) არის სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სასტიპენდიო პროგრამა.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.
დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს. 

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არაუმეტეს 3 თვის ვადის ხანგრძლივობის. კონკურსის საფუძველზე გაიცემა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. 

პროგრამა არ ითვალისწინებს ნებისმიერი არასტანდარტული, მათ შორის: სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული, ე.წ. “Executive” პროგრამების დაფინანსებას.

 

 

 

პროგრამის კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლების შესახებ

(დასაწყისი)

 

დაინტერესებულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

(დასაწყისი)

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც დასაქმებულნი არიან სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში და სურთ დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამით აიმაღლონ კვალიფიკაცია.

 

 

განაცხადით მომართვის პროცესი და საკონკურსო ვადები

(დასაწყისი)

 

 

განაცხადების წარმოდგენის ვადაა 30 ივნისიდან - 20 ივლისის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე), 2017.

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/.

განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია 20 ივლისის ჩათვლით (19:00 სთ-მდე) უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს განაცხადი საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. 

ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია.

განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - http://iec.gov.ge/4166.

კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის 20 აგვისტომდე.

 

 

 

საკონკურსო პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

(დასაწყისი)

 

საკონკურსო პირობები:
1. საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
2. დასაქმებულია საქართველოს სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში;
3. მოპოვებული აქვს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
2. CV/რეზიუმე;
3. სამოტივაციო წერილი;
4. ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში მითითებული რეკომენდატორის მიერ ამავე სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით);
5. თანხმობა სამუშაო ადგილიდან (ამავე დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია კონკურსანტის ფუნქცია - მოვალეობების შესახებ);
6. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
7. დოკუმენტი პროგრამის საფასურის შესახებ, საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია, თუ კონკურსანტს მოპოვებული აქვს ინსტიტუციური თანადაფინანსება;

 

 

კონკურსანტის შერჩევის პროცესი

(დასაწყისი)

 

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 ქულა. აქედან:

  • ელ. განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;
  • გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება სკაიპის საშუალებით.

კონკურსის დასრულებისას ჯამდება კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე დაგროვილი საშუალო ქულები, რის საფუძველზეც ვლინდება კონკურსის საბოლოო შედეგი.

 

 

კონკურსანტის ინფორმირება შედეგების შესახებ

(დასაწყისი)

 

 

შეფასების ელექტრონული სისტემა კონკურსის დასრულებისას კონკურსანტებს მიღებული ქულების შესაბამისად ჰყოფს (1) გამარჯვებულ, (2) სარეზერვო და (3) დაბალქულიან ჯგუფებად.

კონკურსანტების ინფორმირება საბოლოო შედეგის შესახებ (გამარჯვებული, სარეზერვო და დაბალქულიანი) ხდება მათ მიერ განაცხადში მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე.

 

 

 

დაფინანსება

(დასაწყისი)

 

 

დაფინანსება გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურისა ან/და პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ.

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:

  • კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურს უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებაში;
  • პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

 

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები

(დასაწყისი)

 

 

ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

ცენტრი იღებს ვალდებულებას საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:
- პროგრამის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამის კვალიფიკაციის პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დაბრუნდეს საქართველოში პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და მინიმუმ 12 თვე მუშაობა გააგრძელოს იმ სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.

დაფინანსებულ პირს არ შეუძლია ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მოითხოვოს დაფინანსება ამ პროგრამითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.