კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა 2017-2018
9 ოქტომბრიდან - 9 ნოემბრის 19:00 სთ-მდე (თბილისის დროით)

 

 

მიზნები

(დასაწყისი)

 

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულების (შემდგომში - კურსდამთავრებულები) ჩაბმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულებისა და ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელების თანამშრომლობას ერთობლივი პროექტებისა და კვლევების განხორციელების მიზნით.

მცირე საგრანტო პროგრამა აგრეთვე მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო განვითარების პროგრამების პოპულარიზაციას კურსდამთავრებულთა შორის და კურსდამთავრებულთა თანამშრომლობის გზით მათი პროფესიული ქსელის შექმნას.

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

(დასაწყისი)

 

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება აქვთ ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება და განაცხადის გაკეთების დროისთვის დასრულებული აქვთ სწავლა.

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში ცენტრის კურსდამთავრებულებმა შეიძლება წარადგინონ პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ და აკადემიურ განვითარებას. ერთობლივი პროექტების ფარგლებში კურსდამთავრებულებმა შესაძლებელია შექმნან საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7-ს. საპროექტო განაცხადში უნდა იქნეს მითითებული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი. პროექტის სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, პროექტში შესაძლებელია სხვა პირების ჩართვაც, მათ შორის ცენტრის იმ სტიპენდიანტების, რომლებსაც სწავლა ჯერ არ დაუსრულებიათ.

 

 

პროგრამის არსი

(დასაწყისი)

 

მცირე საგრანტო პროგრამა  წარმოადგენს ცენტრის მიერ ინიცირებული „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ერთ-ერთ საგრანტო სქემას.

მცირე საგრანტო პროგრამის საშუალებით ცენტრის სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ  ცენტრის ფინანსური უზრუნველყოფით ან/და სხვა წყაროდან მოძიებული თანხით:

 

  • მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში;
  • განახორციელონ პროექტები, რომლებიც   საქართველოში საუნივერსიტეტო სივრცის როგორც აკადემიურ,  ასევე ინსტიტუციურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

 

პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები

(დასაწყისი)

 

მცირე საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარება;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური განვითარება;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი კვლევის წარმართვა.

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში აკადემიური და ინსტიტუციური საპროექტო თემები შეირჩევა პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეთანხმებით.

 

 

შედეგი

(დასაწყისი)

 

საქართველოში ავტორიზებული  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და სამეცნიერო ადამიანური რესურსის გაძლიერება მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულებით.

პროექტების განხორციელება, რომლებიც ემსახურება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ და აკადემიურ განვითარებას.

 

 

 

კონკურსის პროცესი

(დასაწყისი)

 

მცირე საგრანტო პროგრამის განმახორციელებელია ცენტრი. მცირე საგრანტო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით.

კონკურსის პროცესი გულისხმობს:

  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ მცირე საგრანტო საკონკურსო პროგრამის დამტკიცებასა და კონკურსის გამოცხადებას; ცენტრი კონკურსს აცხადებს ოფიციალური ვებ-გვერდის IEC.GOV.GE მეშვეობით;
  • საზოგადოების ინფორმირებასა და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
  • დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის უცხო ენაზე შედგენილი) ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში: https://app.iec.gov.ge/ არასრული განაცხადი არ განიხილება.
  • საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ კომპეტენციების ფარგლებში ცენტრის ადმინისტრაციისა და საკონკურსო კომისიის მიერ განაცხადების შეფასებასა და კონკურსანტებთან გასაუბრების გზით გამარჯვებულის გამოვლენას;
  • გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებასა და ფინანსურ უზრუნველყოფას.

 

 

საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი

(დასაწყისი)

 

 

საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 ქულა,  აქედან:

  • ელ. განაცხადის შეფასებისას - მაქსიმუმ 60 ქულა;
  • გასაუბრების შეფასებისას - მაქსიმუმ 40 ქულა. გასაუბრება ტარდება  პროექტის ავტორებთან/საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, სადაც იგეგმება პროექტის განხორციელება.

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.

 

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი არ იმყოფება თბილისში, გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა. 
შეფასების კრიტერიუმებსა და ფორმებს ამტკიცებს ამ საგრანტო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკონკურსო კომისია.
ამ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის ავტორს/საინიციატივო ჯგუფის წევრს გამარჯვებული პროექტის დასრულებამდე არ აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ცენტრის მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში.

 

 

 

წარსადგენი დოკუმენტაცია

(დასაწყისი)

 

ცენტრის ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • პროექტის სახელწოდება;
  • საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელისა და საინიციატივო ჯგუფის წევრების შესახებ მონაცემები;
  • პროექტის აღწერა;
  • პროექტის რისკები;
  • უნივერსიტეტის მხარდაჭერის წერილი;
  • თანადამფინანსებლებისა და თანადაფინანსების შესახებ მონაცემები;
  • პროექტის ბიუჯეტი.

 

 

მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები

(დასაწყისი)

 

ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის  საფუძველია ცენტრსა და გამარჯვებული პროექტის ავტორს/საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს თუ კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორის/საინიციატივო ჯგუფის წევრის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია ამ პროგრამასთან.

ცენტრი იღებს ვალდებულებას საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს გამარჯვებული პროექტის ავტორის/საინიციატივო ჯგუფის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

გამარჯვებული პროექტის ავტორი/საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ამ პროგრამის ფარგლებში პროექტის განხორციელებაზე. ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს პროექტის ავტორის/საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში პროექტის ავტორი/საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი. პროგრამის ბიუჯეტი

(დასაწყისი)

 

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეულ პროექტზე შეადგენს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე მოიძიონ დაფინანსების (ფულადი და/ან ნატურით) სხვა წყაროები. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი დეტალურად   უნდა იყოს გაწერილი და  შედგენილი ეროვნულ ვალუტაში. პროექტის ბიუჯეტი არ შეიძლება ითვალისწინებდეს პროექტის ავტორის/საინიციატივო ჯგუფის წევრების ჰონორარებს, გარდა იმ მოწვეული ექსპერტების ჰონორარებისა, რომლებიც არ წარმოადგენენ ცენტრის ბენეფიციარებს. პროექტის მსვლელობისას საერთო ბიუჯეტის 10 %-მდე  გადატანა/გადაადგილება შესაძლებელია პროექტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 10%-ის ზევით ბიუჯეტის შეცვლა/გადატანა შეთანხმებული უნდა იყოს საკონკურსო კომისიასთან.

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილი თანხა ირიცხება: 
ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში - პროექტის ავტორის ანგარიშზე;
ერთობლივი პროექტის შემთხვევაში  - პროექტის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ საბანკო ანგარიშზე.

 

ამ პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

ვადები

(დასაწყისი)

 

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2017 წლის 9 ოქტომბრიდან - 9 ნოემბრის ჩათვლით (19:00 სთ-მდე თბილისის დროით). გამარჯვებული პროექტები უნდა განხორციელდეს გრანტის გაცემიდან 1 წლის მანძილზე.