სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი

მოახმარე შენი ცოდნა საქართველოს!



განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-18 წლებში 650 სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.


ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში ბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით.

კონკურსში მონაწილეობის პროცედურა - ცენტრის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტები ავსებენ ელექტრონულ აპლიკაციას. კონკურსანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრის საერთაშორისო კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ. კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონული სისტემის მეშვეობით.





განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:


საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის ამოცანებია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისთვის კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
- სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება კონკურსის წესით და საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.

სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში
- გულისხმობს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში ცენტრის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით. „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას.

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები - გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით.

სახელოვნებო პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოაცხადა.

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) - პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

პროგრამა მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგ მიმართულებებზე: STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სამედიცინო, სპორტისა და ხელოვნების დარგები.

სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის -2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უნგრეთის 10 მოქალაქის დაფინანსებას საქართველოში, სწავლება-სწავლის სრული ან არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე სამაგისტრო ან სადოქტორო, მათ შორის ინგლისურენოვან პროგრამებზე/კურსებზე სწავლის, ასევე საზაფხულო სკოლებსა და კვლევებში მონაწილეობის მიღების მიზნით.

სტიპენდიატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილნი არიან: უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სტიპენდიით 800 ლარის ოდენობით.

Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა - ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ბანკი.


მცირე საგრანტო პროგრამა ცენტრის სტიპენდიანტებისთვის, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულთა ინტელექტუალური რესურსის გამოყენებას ქვეყნის სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საქმეში.

განათლების საერთაშორისო ცენტრი საერთაშორისო სასტიპენდიო და კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამებს „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამულ მიმართულებაში“ აერთიანებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი სტრატეგიული მიმართულება ხელს შეუწყობს საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და შესაბამისად, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში უკეთ ინტეგრირებას.


განათლების საერთაშორისო ცენტრი 5 წლისაა!

2014-2018


2014 წელი

3 სასტიპენდიო პროგრამა

77 სტიპენდია

14 ქვეყანაში დაფინანსებული სტიპენდიატები



2018 წელი

9 სასტიპენდიო პროგრამა

650 სტიპენდია

30 ქვეყანაში დაფინანსებული სტიპენდიატები

4 საერთაშორისო პარტნიორი



მისამართი:
თბილისი, , ი. ჭავჭავაძის გამზირი 7, მეორე სართული;
საინფორმაციო ხაზის ნომერი:
0322 97 01 97
ელ.ფოსტა: info-iec@iec.gov.ge
ვებ.გვერდი: http://iec.gov.ge/


 2018