აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020

 

მიზნები და ამოცანები

 

 

სასტიპენდიო პროგრამა „აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020“ წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტების სტიპენდიებით უზრუნველყოფას იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით. თითოეული სტუდენტის სტიპენდია ერთობლივად დაფინანსდება საქართველოს მხრიდან სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ და იტალიის მხრიდან თითოეული მონაწილე იტალიური უნივერსიტეტის მიერ. იტალიურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობა განმტკიცებულია მემორანდუმების საშუალებით, რომლებიც გაფორმებულია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ცალკეულ უნივერსიტეტებს შორის, ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.

პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია იტალიაში მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც იტალიურენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. სტიპენდია გაიცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია.

ზემოაღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა, ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ პროგრამით განსაზღვრული პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის აკადემიურ საფეხურზე სწავლის მიზნით. ცენტრი კონკურსში გამარჯვებულ პირთა შესახებ ინფორმაციას მიაწვდის პარტნიორ უნივერსიტეტებს, რომლებიც 15 დღის განმავლობაში დაუდასტურებენ ცენტრს აღნიშნულ პირთა ჩარიცხვას.

პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული ან/და ე.წ. “Executive” სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების დაფინანსებას.

დაფინანსებულ პირს ეკრძალება პარალელურად ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამით სარგებლობა. დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ, ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საფეხურის აკადემიურ პროგრამაზე.

სასტიპენდიო პროგრამის „აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, იტალიაში სწავლის შედეგად მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხი.
პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება.
სასტიპენდიო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებსაც

• მოპოვებული აქვთ ბაკალავრის/შემდგომი აკადემიური ხარისხი,
• სწავლობენ იტალიაში, პარტნიორ უნივერისტეტში, ამ პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტული მიმართულების სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე და სურთ მომდევნო აკადემიური წლისთვის
სწავლის დაფინანსების მოპოვება პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში;

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის 35 წლის ასაკის ჩათვლით, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის - ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

 

მიმართულებები/სპეციალობები

 

 

 

სასტიპენდიო პროგრამის „აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020“ კონკურსანტი გამარჯვების შემთხვევაში 2019-2020 სასწავლო წლისათვის უნდა ჩაირიცხოს იტალიის ამ პროგრამით განსაზღვრულ რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:

ა) სასტიპენდიო პროგრამის „აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020“ ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წლისთვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებების/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამაზე:

აგრარული მეცნიერებანი;
განათლება;
ინჟინერია;
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
სოციალური მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
სამართალი;
არქიტექტურა;
საჯარო მმართველობა;
მენეჯმენტი;
ხელოვნება.

სადოქტორო პროგრამაზე - პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების/სპეციალობებით შეზღუდვის გარეშე.
ბ) პარტნიორი უნივერსიტეტები:

1. Università degli Studi di Catania/კატანიის უნივერსიტეტი
საფეხური: MA, საკონტაქტო პირი: Maria Alessandra RAGUSA (maragusa@dmi.unict.it)
ვებგვერდი https://www.unict.it/

2. Università degli Studi dell’Aquila/ლაკვილას უნივერსიტეტი
საფეხური: MA, საკონტაქტო პირი: Ms. Anna Tozzi (anna.tozzi@gmail.com; anna.tozzi@univaq.it)
ვებგვერდი http://www.univaq.it/

3. Università Mediterranea di Reggio Calabria/კალაბრიის უნივერსიტეტი
საფეხური: MA, საკონტაქტო პირი: Mr Francesco Carlo Morabito (morabito@unirc.it)
ვებგვერდი http://www.unirc.it/

4. Università degli Studi della Tuscia/ტუსციის უნივერსიტეტი
საფეხური: MA; PHD, საკონტაქტო პირი: Angella Fattoreti (fattoretti@unitus.it), Nicolo Merendino (merendin@unitus.it)
ვებგვერდი http://www.unitus.it/

5. Università degli Studi del Piemonte Orientale - Amedeo Avogadro/აღმოსავლეთ პიემონტის უნივერსიტეტი
საფეხური: MA; PHD, საკონტაქტო პირი: Laura Dellora (laura.dellora@uniupo.it)
ვებგვერდი https://www.uniupo.it/

6. Universita di Trento/ტრენტოს უნივერსიტეტი
საფეხური: MA; PHD, საკონტაქტო პირი: Grazia Callovini (grazia.callovini@unitn.it)
ვებგვერდი https://www.unitn.it/

7. L’Università degli Studi di Bari Aldo Moro /ბარის უნივერსიტეტი
საფეხური: MA; PHD, საკონტაქტო პირი: Orsola Castoro (orsola.castoro@uniba.it)
ვებგვერდი https://www.uniba.it/

8. Universita Degli studi “G. d’annunzio” Chieti-Pescara/კიეტის უნივერსიტეტი
საფეხური: MA, საკონტაქტო პირი: Glauco Conte (international@unich.it)
ვებგვერდი https://www.unich.it/

განაცხადის შევსებისას შესაბამის ველში კონკურსანტს შეუძლია მიუთითოს მაქსიმუმ 2 შერჩეული უნივერსიტეტი ან/და აკადემიური პროგრამა, სადაც აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს. იტალიის შესაბამის უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურისა და წარსადგენი დოკუმენტების/საკონკურსო მოთხოვნების (მათ შორის უცხო ენასთან დაკავშირებული პირობის) შესახებ ინფორმაცია კონკურსანტმა უნდა იხილოს შესაბამისი უნივერსიტეტის ვებ გვერდზე ან მიმართოს შესაბამისი უნივერსიტეტის საკონტაქტო პირს.

სააპლიკაციო პროცედურა

 

 

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის 

საკონკურსო პირობები:
  • არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
  • ასაკი 35 წლის ჩათვლით;
  • მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი. საბოლოო შეფასება: GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში),
- ან სწავლობს იტალიაში, პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. სემესტრული/წლიური GPA - ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81 - 90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ „ძალიან კარგი,“ ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);
  • აქვს მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო (მათ შორის, სტაჟირების, პრაქტიკის გავლის, კვლევითი საქმიანობის) გამოცდილება; 
  • ფლობს იტალიურ ან/და ინგლისურ ენას/-ებს. ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებული მოთხოვნა შესაძლოა დადგენილი იყოს კონკურსანტის მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მიერ და კონკურსანტმა უნდა გადაამოწმოს აღნიშნულ უნივერსიტეტთან ჩარიცხვის პროცედურების უზრუნველსაყოფად.

წარმოსადგენი დოკუმენტები:
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
  • CV/რეზიუმე ( ქართულ - იტალიური ან ქართულ - ინგლისური);
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები (ცნობა სამსახურის შესახებ ვადების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი ( ქართულ - იტალიური ან ქართულ - ინგლისური);
  • ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი საშუალო ქულის მითითებით);
  • დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის/საშუალო ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან დიპლომის საშუალო ქულის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები;
  • იტალიაში, პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით;
  • ერთი რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე; (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც ავტომატურად იგზავნება კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ. ფოსტაზე);
  • დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ;
  • პორტფოლიო (მხოლოდ ხელოვნების მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებისთვის).
  • ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
  • სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის
საკონკურსო პირობები:

  • არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
  • მოპოვებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. საბოლოო ჯამური შეფასება GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ „ძალიან კარგი“, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;
- ან სწავლობს იტალიაში, პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის/წლების ან/და სემესტრის ჯამური შეფასება GPA¬ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში. ქულობრივი შეფასების სისტემის არარსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს/სემესტრში დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური შეფასება);
  • აქვს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, სტაჟირება, პრაქტიკის გავლა, კვლევითი საქმიანობა);
  • ფლობს იტალიურ ან/და ინგლისურ ენას/-ებს. ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებული მოთხოვნა შესაძლოა დადგენილი იყოს კონკურსანტის მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მიერ და კონკურსანტმა უნდა გადაამოწმოს აღნიშნულ უნივერსიტეტთან ჩარიცხვის პროცედურების უზრუნველსაყოფად.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
  • CV/რეზიუმე ( ქართულ - იტალიური ან ქართულ - ინგლისური);
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები (ცნობა სამსახურის შესახებ ვადების მითითებით;
  • სამოტივაციო წერილი ( ქართულ - იტალიური ან ქართულ - ინგლისური);
  • კვლევის გეგმა. აგრეთვე, კვლევის გეგმის დამტკიცების ან შესაბამის იტალიურ უნივერსიტეტთან/პროფესორთან შეთანხმების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ქართულ - იტალიური ან ქართულ - ინგლისური);
  • მაგისტრის დიპლომი/ცნობა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საბოლოო ჯამური ქულის მითითებით;
  • იტალიაში, პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში: ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლების/სემესტრების შეფასების ფურცელი ჯამური საშუალო ქულის მითითებით. ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს/სემესტრში დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური შეფასება;
  • დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საშუალო ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები;
  • ერთი რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე; (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც ავტომატურად იგზავნება კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ ფოსტაზე);
  • დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ;
  • პორტფოლიო (მხოლოდ ხელოვნების მიმართულების სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებისთვის);
  • ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
  • სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმნეტი, გარდა იმ დოკუმენტებისა რომლებიც წარმოდგენილი უნდა იქნეს 2 ენაზე. ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება მხოლოდ ინგლისურ/იტალიურ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, ხოლო იტალიურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
საკონკურსო ვადები

 

 

პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო პროცესი: 

  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება.
  • საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში, განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. არასრული განაცხადი არ განიხილება. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.
  • ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. განაცხადი რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.
  • განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - არსებობის შემთხვევაში.
  • განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოთ ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - http://iec.gov.ge/4166.
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონსულტაციებს ერთობლივად ან ცალ-ცალკე გამართავენ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და იტალიის საელჩოს წარომადგენლები საქართველოში.
  • საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა.
  • გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა.
  • კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის მეშვეობით. 
  • ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს განაცხადში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართს.
საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2019 წლის 28 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით (19:00 სთ-მდე თბილისის დროით). კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს 2019 წლის 31 მაისისა.

საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი

 

 

 

გამარჯვებულის გამოვლენასთან, კონკურსის ჩატარებასა და დაფინანსებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, პარტნიორ მხარეებთან შეთანხმებით.

საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 ქულა (+ 4 ბონუს ქულა). აქედან:
  • განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;
  • გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;
  • ბონუს ქულა მაქსიმუმ 4 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის), ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა.
კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი - განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება.ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.

მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება სკაიპით. მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

კონკურსანტი პროგრამის სტიპენდიატი ხდება იტალიის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და შემდგომ ცენტრთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.

 

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები


 ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

ხელშეკრულების გაფორმება ხდება კონკურსანტის გამარჯვებულად გამოვლენისა და მისი განაცხადში მითითებულ რომელიმე პარტნიორ უნივერსიტეტში/აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში.

პარტნიორ უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა, გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81-90, მინიმუმ ძალიან კარგი, ან მინიმუმ (B) ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს ასევე წარმოადგენს თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.

ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

  • სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში.

დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლებას.

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.



 

დაფინანსება

 

 

 

„სამაგისტრო პროგრამები იტალიაში 2019-2020“ პროგრამის დაფინანსება უზრუნველყოფილია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ამ მემორანდუმის ფარგლებში სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შორის გაფორმებული მემორანდუმების შესაბამისად.

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტი¬ს სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად: სწავლის საფასურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწესებულებაში დადგენილია საქართველოს ხაზინაში მოქმედი საერთაშორისო გადარიცხვის წესისგან განსხვავებული წესი. სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

სტიპენდიის ოდენობა სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად განისაზღვრება ამ პროგრამაში მითითებული უნივერსიტეტების მიერ წარმოდგენილი ფინანსური მხარდაჭერისა და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (სრულად ან ნაწილობრივ). სტიპენდიის ოდენობა სწავლის პერიოდში იტალიაში ცხოვრების ხარჯების ასანაზღაურებლად განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.

ცენტრის მიერ ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ცენტრისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

2019-2020 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ იტალიაში, ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის საერთაშორისოდ აღიარებული მაგისტრის/დოქტორის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის შემდგომში საქართველოში რეალიზებას.

 

  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:

 

მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II

ტელეფონი: 032 2 97 01 97

ელ ფოსტა: info-iec@iec.gov.ge

ვებგვერდი: iec.gov.ge

 

 

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი

 

 

ბრძანება