შეხვედრა კურსდამთავრებულებთან

21 თებ 2018
20 თებერვალს, 17:00 საათზე განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე, აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის წარმომადგენლები და 20-მდე კურსდამთავრებული დაესწრო. 

შეხვედრის მიზანია, ცენტრის ბენეფიციართა ერთიანი ქსელის შექმნა, სხვადასხვა თაობის სტიპენდიანტების შეხვედრა, ცენტრისა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. ინტერაქტიული საუბრისას შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ცენტრის საქმიანობა და სამომავლო გეგმები, კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ნინო ჭელიძემ ცენტრის ბენეფიციარებს სასტიპენდიო პროგრამების ეფექტიანობის კვლევაში მონაწილეობა და სასტიპენდიო, საგრანტო კომისიებისა და ომბუდსმენის ჯგუფის წევრობაც შესთავაზა. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ სტიპენდიატებს  "STEM საზაფხულო სკოლა" და მის ბაზაზე junior STEM summer school-ის პროექტად ჩამოყალიბების პერსპექტივა გააცნო.

ასეთი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება და ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულთა ინტელექტუალური რესურსის ქვეყნის სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საქმეში გამოყენებას მოემსახურება.