შეხვედრა Fulbright-ის პროგრამის გამარჯვებულებთან

10 ივლ 2018
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ და ამ პროგრამის კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს უმასპინძლა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განათლებისა და კულტურის საკითხებში, მარი როისი, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ნინო ჭელიძე, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.

2017 წლიდან Fulbright-ის აკადემიურ გაცვლით პროგრამას საქართველოს მხრიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს. 2019-2020 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე საბუთების მიღება წელს მეორედ გამოცხადდა (2019-2020 Fulbright Graduate Student Program). სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.

მინისტრმა მარი როისს მადლობა გადაუხადა იმ პროექტებისთვის რაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება. მიხეილ ჩხენკელმა ვრცლად ისაუბრა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე, ათასწლეულის გამოწევის ფონდის მიღწევებსა და მნიშვნელობაზე.

მარი როისის განცხადებით, ამერიკის მთავრობა უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ძალისხმევას განათლებისა და მეცნიერების განვითარების კუთხით. მან განმარტა, რომ ქართული მხარის როლი და კონტრიბუცია უმნიშნველოვანესია ისეთი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში, როგორებიცაა ფულბრაიტის პროგრამა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა ქართულ უნივერსიტეტებთან და სხვა.

ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ბანკი აწარმოებს.
პროგრამის მთავარი დამფინანსებელი ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროა, თანადამფინანსებლები კი საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი. პროგრამა უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით ხორციელდება.