ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

17 ივლ 2018
16 ივლისს იტალიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და იტალიას შორის რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი. მათ შორის იყო ურთიერთგაგების მემორანდუმი სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს „იტალია“ შორის. ცენტრის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ, ხოლო იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს სახელით, „ლაკვილას“ უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა, პაოლა ინვერარდიმ.

იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭო არის როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო, სამართლებრივად აღიარებული იტალიის 82 უნივერსიტეტის კერძო ასოციაცია. ამ საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამების განხორციელებას, საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში 2016-2020 წლებში ორმხრივ აკადემიურ თანამშრომლობას.