სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი - 2018

23 ივლ 2018
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2018 წლის 19-21 ივლისს გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში“ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპედიატთა ყოველწლიური ფორუმი გამართა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი მიზნად ისახავს საერთაშორისო პროგრამების სხვადასხვა პროგრამებისა და თაობის სტუდენტების შეხვედრასა და გაცნობას, მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა, ასევე 2018-2019 სასწავლო წლის ხუთი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებმა.

ორდღიანი კონფერენციის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების გლობალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ჭრილში, შეფასებისა და შერჩევის სტრუქტურასა და პარამეტრებს, პრიორიტეტებს, მსგავსებასა და განსხვავებას სასტიპენდიო სქემებს შორის.

კონფერენციის განმავლობაში შედგა შეხვედრები კომისიის წევრებთან/სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, კურსდამთავრებულებთან, სადაც სტუდენტებმა ცენტრის ბენეფიციარებისგან მიიღეს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო რჩევები და გაეცნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებებს.

კონფერენციამ ორი დღის მანძილზე სტუდენტებს 5 სესია შესთავაზა. კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო სესია ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფუძნებასა და საქმიანობას, ფორმატს და სამომავლო გეგმებს დაეთმო. განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის პრეზენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი შეუერთდნენ. ქალბატონმა მაიამ და ბატონმა ლევანმა ხაზგასმით აღნიშნეს კურსდამთავრებულთა საერთაშორისო განათლებისა და გამოცდილების გაზიარების როლი რეგიონული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის საბჭოს წევრები, კურსდამთავრებულებთან ერთად, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი იქნებიან.