განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფუძნება

18 ოქტ 2018
17 ოქტომბერს „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ დაფუძნების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის კურსდამთავრებულები და ცენტრის სხვადასხვა სასწავლო სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარები.

ასოციაციის დამფუძნებლებმა ცენტრის სხვა კურსდამთავრებულებს გააცნეს ასოციაციის წესდება, მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ასევე შედგა ასოციაციის „მრჩეველთა საბჭოს“ წევრების წარდგენა და დაფუძნების დოკუმენტზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია. მრჩეველთა საბჭოს წევრები გახდნენ სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: მაია ცქიტიშვილი - ვიცე პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი - პრემიერ მინისტრის მრჩეველი განათლებისა საკითხებში; ლევან დავითაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი; ნინო ჭელიძე - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; ნინო ზამბახიძე - ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; საბა ბუაძე - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი; სოსო გალუმაშვილი - საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრას" პარტნიორი; ჟან ფრედერიკ პოლსენი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ასოციაციის მისიაა სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ხელშეწყობა კურსდამთავრებულთა ჩართულობით, გამოცდილების გაზიარების, ინსტიტუტების განვითარების, პრიორიტეტული პროექტების განხორციელების, კავშირების დამყარებისა და გაძლიერების გზით. ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება; ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება; საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.

ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

განათლება და მეცნიერება;
ეკონომიკური განვითარება;
ადამიანის უფლებები;
კულტურა;
საერთაშორისო ურთიერთობები;
გარემოს დაცვა;
რეგიონული განვითარება.