განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე აკადემიური პალმის ორდენით დაჯილდოვდა

08 აპრ 2019
5 აპრილს, 17:30 საათზე, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს ნინო ჭელიძეს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - ,,აკადემიური პალმის ორდენი’’ - გადასცა.

ნინო ჭელიძე 2015 წლიდან სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია. აქვს როგორ სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე საერთაშორისო ფონდებსა და საუნივერსიტეტო სფეროში - აკადემიური და ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 

,,აკადემიური პალმის ორდენებით’’ დაჯილდოება ჯერ კიდევ 1808 წლიდან ნაპოლეონ პირველმა დააკანონა, 1955 წელს კი პრეზიდენტმა რენე კოტიმ მას ახალი სტატუსი მიანიჭა და შემოიღო ჯილდოების მოქმედი იერარქია: კავალერი, ოფიცერი და კომანდორი.

საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო ,,აკადემიური პალმის ორდენი“ განსაკუთრებული დამსახურებისათვის სხვადასხვა დროს უკვე გადაეცათ საქართველოს მოქალაქეებს, აკადემიური მიმართულებით - დავით ლორთქიფანიძეს, თამარ ჯაყელს, მზაღო დოხტურიშვილს, ქეთევან ჯაშს, მერაბ ფიფიას, ციური ახვლედიანს და სხვებს. ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში კი - ელისო ბოლქვაძეს, გიორგი ოვაშვილს და ნესტან ნიჟარაძეს.

„აკადემიური პალმის ორდენს“ საფრანგეთის სახელმწიფო განათლების სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისა და მსოფლიოში ფრანგული კულტურის აქტიური პოპულარიზაციისათვის გადასცემს როგორც ფრანგ, ისე უცხოელ მოქალაქეებს.

ნინო ჭელიძის ხელმძღვანელობით განათლების საერთაშორისო ცენტრი, საფრანგეთის საელჩოსთან და ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად, უკვე მეოთხე წელია ახორციელებს ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას. ფრანგულ-ქართული სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამების ნაწილს წარმოადგენს. 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2016-2017 სასწავლო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად. 2016 – 2019 წლებში ოთხჯერ გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი და გაიცა 60 სტიპენდია. სასტიპენდიო პროგრამა ახალი მემორანდუმის ფარგლებში მომავალი 3 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.