განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპედიატთა ყოველწლიური ფორუმი

15 ივლ 2019
განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის 11-13 ივლისს გუდაურში სტიპედიატთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა.

ფორუმი მიზნად ისახავს სხვადასხვა პროგრამისა და თაობის სტუდენტების შეხვედრასა და გაცნობას, მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა, ასევე 2019-2020 სასწავლო წლის ხუთი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებმა.

ორდღიანი ფორუმის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების გლობალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის პირობებში, შეფასებისა და შერჩევის სტრუქტურასა და პარამეტრებს, პრიორიტეტებს, მსგავსებასა და განსხვავებას სასტიპენდიო სქემებს შორის.

ინტერაქტიული სესიების განმავლობაში შედგა შეხვედრები კომისიის წევრებთან/სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ცენტრის კურსდამთავრებულებთან, სადაც სტუდენტებმა მიიღეს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო რჩევები, გაეცნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებებს, აკადემიური წარმატების წინაპირობებს, დაეუფლნენ ფსიქოლოგიური თვით-ზრუნვისა და ჯანსაღი ურთიერთობების საწყისებს, გეოგრაფიის, სეზონისა და ადგილმდებარეობის თავისებურებებით გამოწვეულ ფიზიკური საფრთხის ამოცნობას და მართვას.