„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ - კონკურსი დასრულდა

02 მარ 2017

დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე -www.iec.gov.ge 1 თვის მანძილზე, 2017 წლის 1 თებერვლიდან - 1 მარტის  ჩათვლით შეეძლოთ. პროგრამის ფარგლებში განაცხადი 62 კონკურსანტმა გააკეთა.

აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოს 15-მდე მოქალაქე  შეძლებს საფრანგეთში, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზებას.

გამარჯვებულის გამოვლენასთან, კონკურსის ჩატარებასა და დაფინანსებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია. საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 ქულა (+ 3 ბონუს ქულა). აქედან:

ელ. განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 60 ქულა;

გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 40 ქულა;

ბონუს ქულა მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა.

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა. მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება სკაიპით. გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა.

 

შეფასების ელექტრონული ქულობრივი სისტემა კონკურსის დასრულებისას  კონკურსანტებს ჰყოფს (1)გამარჯვებულ, (2)სარეზერვო და (3) დაბალქულიან ჯგუფებად.

კონკურსანტების ინფორმირება საბოლოო შედეგის შესახებ ხდება გასაუბრების ეტაპის დამთავრებიდან ერთ თვის განმავლობაში.

ცენტრი კონკურსის ყველა ეტაპზე კომუნიკაციას ახორციელებს კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებულ ელ ფოსტის მისამართზე.