„2017 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ აპლიკანტებთან გასაუბრებები გაიმართა

16 აგვ 2017
16 აგვისტოს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე განათლების საერთაშორისო ცენტრში „2017 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ აპლიკანტებთან გასაუბრებები გაიმართა.

განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში სულ 34 განაცხადი შემოვიდა. 

ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს.

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არაუმეტეს 3 თვის ვადის ხანგრძლივობის. კონკურსის საფუძველზე გაიცემა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობაში შედიან საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები, ასევე ცენტრის კურსდამთავრებულები. 

საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 ქულა. 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან, ბოლო ეტაპია - გასაუბრება. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

კონკურსის დასრულებისას ჯამდება კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე დაგროვილი საშუალო ქულები, რის საფუძველზეც ვლინდება კონკურსის საბოლოო შედეგი.

კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის 20 აგვისტომდე.