მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტი

01 თებ 2018
2017 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა პირველად გამოაცხადა კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა. პროგრამის მიზანია, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულების ჩაბმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში, ერთობლივი პროექტებისა და კვლევების განხორციელებით. ამ კონკურსის ფარგლებში ოთხმა პროექტმა გაიმარჯვა და დაფინანასდა ცენტრის მიერ. მათ შორის ერთ-ერთია - „სტუდენტური თვითმმართველობების/გაერთიანებების/კლუბების ელექტრონული მართვის სისტემის შექმნა”. 

ცენტრის კურსდამთავრებულთა მიერ წარმოდგენილი პროექტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ საქართველოში არსებული სტუდენტური თვითმმართველობები, შიდა-საუნივერსიტეტო გაერთიანებები და კლუბები. 

პროექტის საპილოტე რეჟიმში განხორციელება იგეგმება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ბტუ).

პროექტის ამოცანაა, შეიქმნას ისეთი მოქნილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც მორგებული და მარტივად გამოყენებადი იქნება სტუდენტური თვითმმართველობის, სხვადასხვა გაერთიანებისა და კლუბისთვის, ამის შედეგად უნივერსიტეტებში სტუდენტური თვითმმართველობის/გაერთიანებების/კლუბების საქმიანობა სტუდენტებზე მეტად ორიენტირებული, მოქნილი და ეფექტური გახდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების ინსტიტუციურ განვითარებას.

ამ პროექტის ფარგლებში 23 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის ავტორები და ექსპერტები თსუ-ს თვითმმართველობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა დაეთმო თსუ-ში არსებული სიტუაციის განხილვას, რომელიც მოიცავდა, როგორც თვითმმართველობის და მისი სტრუქტურის, ასევე სხვადასხვა გაერთიანებებისა და კლუბების თემატიკის შესწავლას. შეხვედრის მიმდინარეობისას, გაჟღერდა, რომ საწყის ეტაპზე საჭიროა თვითმმართველობის წევრების ჩართულობა, მათი მხრიდან პრობლემების იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების ანალიზი და სისტემის შექმნის პროცესში მონაწილეობა, რათა პორტალი მაქსიმალურად ითვალისწინებდეს მათ საჭიროებებს. ასევე, დაიგეგმა თსუ-ს IT სამსახურთან თანამშრომლობა, რათა წარმატებულად მოხდეს სისტემის ინტეგრაცია უნივერსიტეტის ბაზებთან და სისტემებთან. შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებმა სრული მზაობა გამოთქვეს შემდგომ თანამშრომლობაზე.