საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა გამოცხადდა

28 აპრ 2017

სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

სასტიპენდიო პროგრამის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და  მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში  აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

 

2017-2018 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები:

  • აგრარული მეცნიერებანი;
  • განათლება;
  • ინჟინერია;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

 

განაცხადების წარმოდგენის ვადაა 28 აპრილიდან - 31 მაისის  ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე), 2017.

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/

განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია 31 მაისის ჩათვლით (19:00 სთ-მდე)  უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. 

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ( მის.ი.ჭავჭავაძის გამზირი, 7).
საკონკურსო პირობების, წარმოსადგენი დოკუმენტაციის, საკონკურსო შერჩევის პროცესისა და დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - http://iec.gov.ge/4300