სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი,
დაუბრუნე შენი ცოდნა საქართველოს!
ცენტრის მისია და საქმიანობა
განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს. მისი მთავარი მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების განვითარებას და საქართველოში ახალი ცოდნის ინტეგრირებას.
ცენტრი საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს სთავაზობს შესაძლებლობას, ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ, შეძენილი ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში მოახდინონ.
ამ მიზნით, ცენტრი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო, საპარტნიორო საგრანტო და ბილატერალურ სასტიპენდიო პროგრამებს. გარდა ამისა, ცენტრი საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვისაც ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამების ადმინისტრირებას.
საგრანტო პროგრამების კურსდამთავრებულები, ცენტრთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულნი არიან დაბრუნდნენ საქართველოში და სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, არანაკლებ 3 წლის ვადით, დასაქმდნენ ან გააგრძელონ მუშაობა შესაბამის სფეროში.
კონკურსში მონაწილეობის პროცედურა
პროგრამებში მონაწილეობისათვის კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია, რომელსაც ნიშნავს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. თითოეულ კონკურსანტს კომისიის წევრები აფასებენ დამოუკიდებლად, ელექტრონულ სისტემაში, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:
საზღვარგარეთ სამაგისტრო საფეხურზე განათლების მიღების ხელშეწყობა - წარმოადგენს პროგრამის - „საზღვარგარეთ სამაგისტრო საფეხურზე განათლების მიღების ხელშეწყობა“ - ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ დაფინანსება საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მიზნით.
დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.
საზღვარგარეთ სახელოვნებო მიმართულებით სამაგისტრო საფეხურზე განათლების მიღების ხელშეწყობა - წარმოადგენს სახელმწიფო საგრანტო პროგრამის - „საზღვარგარეთ სამაგისტრო საფეხურზე განათლების მიღების ხელშეწყობა“ - ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ დაფინანსება საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მიზნით, ამ ქვეპროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ მიმართულებებზე.
გრანტი გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ, როგორც ერთწლიან, ასევე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით (მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების წინაპირობით პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში).
საზღვარგარეთ სამაგისტრო საფეხურზე განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის - წარმოადგენს სახელმწიფო საგრანტო პროგრამის -„საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობა“ - ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, რომლებიც რეკომენდებულნი არიან საქართველოს რეგიონში პოტენციური დამსაქმებლისგან, შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ დაფინანსება საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მიზნით.
ქვეპროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდა და რეგიონების განვითარების მიზნით საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოს მუნიციპალიტეტებში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი რეკომენდებული უნდა იყოს პოტენციური დამსაქმებლისგან საქართველოს რეგიონში.
საზღვარგარეთ სადოქტორო საფეხურზე განათლების მიღების ხელშეწყობა - პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, რომელთაც მოპოვებული აქვთ საზღვარგარეთ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის საფასურის/კვლევის დაფინანსება ან არ აქვთ აღნიშნული საფასურის გადახდის ვალდებულება, შეუძლიათ მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი დოქტორანტურის აკადემიურ პროგრამაზე სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად.
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა - საგრანტო პროგრამით სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამსახურებრივი ფუნქციების შესაბამისად.
პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება.
დაფინანსება გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურის ან/და პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ.
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთ პირთათვის - წარმოადგენს სახელმწიფო საგრანტო პროგრამის - „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა“ - მიზნობრივ ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებს, პროფესიული განვითარების მიზნით, შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე („ევროკავშირის სწავლების ფუნდამენტური საკითხები“).
ქვეპროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება და მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში, შესაბამის მუნიციპალიტეტებში.
გასული წლების საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების გრანტის მფლობელთათვის მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელება - პროგრამა არეგულირებს ცენტრის გასული წლების საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების გრანტის მფლობელთა მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების გაგრძელების მიზნით გრანტის მოთხოვნის წესსა და პროცედურას.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ცენტრის გასული წლების საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების გრანტის მფლობელები, რომელთაც გრანტი მიენიჭათ საზღვარგარეთ, ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მიზნით.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მიერ საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვებისა და სწავლის გაგრძელების პროგრამა - პროგრამა არეგულირებს ცენტრის კურსდამთავრებულების საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვებისა და სწავლის გაგრძელების წესს, ასევე შესაბამისი უფლების მინიჭების პროცედურას.
პროგრამის მიზნობრივი ჯგუფია ცენტრის კურსდამთავრებულები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს ისარგებლონ სწავლის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების ან სწავლის გაგრძელების უფლებით, დაფინანსებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამისა და „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
საგრანტო პროგრამა კურსდამთავრებულთათვის - ცენტრის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ განახორციელონ პროექტები შრომით ბაზარზე მათი ინტეგრირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის. წარმოდგენილი პროექტები უნდა შეესაბამებოდეს საზღვარგარეთ მიღებული განათლების მიმართულებასა და კვალიფიკაციას.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ცენტრის პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლებიც სწავლის დასრულების შემდგომ დაბრუნდნენ საქართველოში, ასრულებენ სახელშეკრულებო პირობებს და მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად გეგმავენ პროექტების განხორციელებას.
საპარტნიორო საგრანტო პროგრამები:
საპარტნიორო პროგრამა იტალიასთან - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2019 წლიდან იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ახორციელებს საპარტნიორო პროგრამას – „აკადემიური პროგრამები იტალიაში“. პროგრამის საფუძველია 2018 წელს ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციას (CRUI) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც კვლავ განახლდა 2024 წელს.
საპარტნიორო პროგრამა დაიწყო 7 იტალიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია იტალიის 23 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს შესაძლებლობას, განაგრძონ სწავლა იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველო–იტალიას შორის საგანმანათლებლო ურთიერთობებს.
ბილატერალური პროგრამა უნგრეთთან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი 2017 წლიდან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ახორციელებს ბილატერალურ პროგრამას უნგრეთთან.
პროგრამა ითვალისწინებს უნგრეთის მთავრობის მხრიდან Stipendium Hungaricum -ის ფარგლებში საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო (OTM) და სადოქტორო საფეხურის აკადემიური პროგრამების, ასევე სემესტრული გაცვლითი პროგრამებისა და სასერტიფიკატო (Non-degree) კურსების დაფინანსებას, ხოლო საქართველოს მხრიდან ფინანსდება უნგრეთის მოქალაქეების მოკლევადიანი სასწავლო/კვლევითი ვიზიტები.
2023 წელს თანამშრომლობის მემორანდუმი მესამედ განახლდა და პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ფინანსდება საქართველოს 80-მდე მოქალაქე.
„სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum” კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა - პროგრამის მიზანია სასტიპენდიო პროგრამის - სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში “Stipendium Hungaricum” - კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული, სტიპენდიის მფლობელი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. პროგრამა ხორციელდება 2024 წლიდან და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტიპენდიანტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ 1250 ევროს ოდენობის სემესტრული სახელმწიფო დაფინანსება უნგრეთში ცხოვრების ხარჯების დასაფარად.
ბილატერალური პროგრამა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჩინეთთან ბილატერალური პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს 2022 წლიდან, რომლის ფარგლებშიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან.
პროგრამა ითვალისწინებს ყოველწლიურად საქართველოს 20 მოქალაქის დაფინანსებას უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-მკვლევართა პროგრამებსა და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე.
2001 წლიდან აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას განათლების სფეროში და უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტებისთვის ჩინეთში განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას.
საპარტნიორო პროგრამები აშშ-სთან
ფულბრაითი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018 წლიდან წარმოადგენს ფულბრაითის პროგრამის პარტნიორს, რომელიც საფუძველა 2018 წლის მთავრობათაშორისი შეთანხმება, ასევე ცენტრსა და საერთაშორისო განათლების ინსტიტუტს (IIE) შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას.
ყოველწლიურად ცენტრი აფინანსებს აშშ-ში სწავლის მსურველ ოთხამდე ქართველ სტუდენტს.
პარტნიორობა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსსიტეტთან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს, ააიპ - ათასწლეულის ფონდი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდს შორის 2018 წლის 4 მაისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებობა სახელმწიფო დაფინანსებით სწავლა გაეგრძელებინათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიისა ან ბიოქიმიის მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
საპარტნიორო პროგრამა საფრანგეთთან - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი Campus Franceთან და საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტთან პარტნიორობით 2016 წლიდან ახორციელებს საფრანგეთთან საპარტნიორო პროგრამას.
პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ფინანსდება საქართველოს 17-მდე მოქალაქე, მათ შორის როგორც მიმდინარე სასწავლო წლის კონკურსში გამარჯვებულები, ასევე წინა წელს დაფინანსებული ბენეფიციარები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამებზე და აგრძელებენ სწავლას მეორე აკადემიურ წელს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პირებს ენიჭებათ როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტის სტატუსი.
ბილატერალური პროგრამა ჩეხეთთან - ბილატერალური პროგრამა ჩეხეთთან წარმოადგენს საერთაშორისო გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის შეთანხმება.
პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლე და საშუალოვადიან სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურისთვის, ასევე კვლევით სტიპენდიებს უნივერსიტეტის ლექტორებისა და მკვლევარებისთვის.
საპარტნიორო პროგრამა სომხეთის რესპუბლიკასთან - სასტიპენდიო პროგრამა სომხეთის რესპუბლიკაში წარმოადგენს საპარტნიორო პროგრამას რომელიც ეფუძნება 2011 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის დადებულ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. 2022 წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აღნიშნული პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.
პროგრამა ითვალისწინებს სომხეთის რესპუბლიკაში, პარტნიორ უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების დაფინანსებას ყოველწლიურად, საქართველოს 10 მოქალაქისთვის, ნებისმიერი აკადემიური მიმართულებით.
საპარტნიორო პროგრამა ყაზახეთის რესპუბლიკასთან - სასტიპენდიო პროგრამა ყაზახეთის რესპუბლიკაში წარმოადგენს საპარტნიორო პროგრამას, რომელიც ეფუძნება 2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის გაფორმებულ შეთანხმებას უმაღლესი და დიპლომისშემდგომი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიზნით საქართველოს მოქალაქეების ნომინირებას ახორციელებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.
პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლის დაფინანსებას, რაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, განათლება მიიღონ ყაზახეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.