საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020

სასტიპენდიო პროგრამის აღწერა

 

სასტიპენდიო პროგრამა - საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020 (შემდგომში - სასტიპენდიო პროგრამა) წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სასტიპენდიო პროგრამას.

სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. 

აღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა, ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. 

დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს. 

პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული ან/და ე.წ. “Executive” სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია, თუ:

 ა) კონკურსანტს მოპოვებული აქვს ინსტიტუციური თანადაფინანსება; 

 ბ) პირველად გეგმავს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ;

 გ) აქვს საუნივერსიტეტო სივრცეში სამუშაო გამოცდილება და გეგმავს აკადემიურ მოღვაწეობას ან მუშაობას საუნივერსიტეტო სივრცეში/საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების მიზნით.

 

მიზნები და ამოცანები

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

პროგრამის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის ან/და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების მიზნით.

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩარიცხულნი არიან საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. კერძოდ, პირი, რომელიც:

 1. ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს; 

 2. სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

 

 

 
პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები

 

2019-2020 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:

◦აგრარული მეცნიერებანი;

◦განათლება;

◦ინჟინერია;

◦საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

◦სოციალური მეცნიერებები;

◦ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

◦სამართალი;

◦არქიტექტურა;

◦საჯარო მმართველობა;

◦მენეჯმენტი.

 

პროგრამის შედეგი

პროგრამის შედეგს წარმოადგენს დაფინანსებული პირის მიერ სწავლის დასრულების შემდგომ შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აგრეთვე, სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში საქართველოში დაბრუნება, ქვეყანაში 3 წლით დარჩენა და დასაქმება შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში.

პროგრამის შედეგს წარმოადგენს ასევე, ცენტრის შეთავაზებით, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან - კურსდამთავრებულთა თანამშრომლობა აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

 

 

საკონკურსო ვადა

 

განაცხადების მიღების ვადა - 2019 წლის 01 თებერვლიდან 2019 წლის 01 აპრილის ჩათვლით (19:00 სთ-მდე თბილისის დროით).

კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2019 წლის 30 ივნისამდე.

 

 

პროგრამის განხორციელება

 

პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო/სააპლიკაციო პროცესი: 

◦სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება ოფიციალური ვებგვერდის IEC.GOV.GE მეშვეობით;

◦ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირება და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

◦საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში - განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. არასრული განაცხადი არ განიხილება. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. განაცხადი რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - ,, არსებობის შემთხვევაში ’’. 

განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - http://iec.gov.ge/4166.

◦საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით გამარჯვებულების გამოვლენა;

◦კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით. 

ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართს;

◦გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა.

 

განაცხადის შევსების პროცედურა

განაცხადის შევსება გულისხმობს ორეტაპიან პროცედურას:

განაცხადის შევსების I ეტაპი - ძირითად საკონკურსო (01/02/2019 - 01/04/2019) ვადაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი, გარდა შემდეგი დოკუმენტისა:

◦უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში, თანადაფინანსების შესახებ დოკუმენტი).

განაცხადის შევსების II ეტაპი - განაცხადის შევსების I ეტაპზე სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართზე ეგზავნებათ შეტყობინება ჩარიცხვის ოფიციალური წერილის წარმოდგენის ვადის თაობაზე. აღნიშნული ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2019 წლის 31 მაისისა.

ჩარიცხვის ოფიციალური წერილის წარმოუდგენლობის ან არასათანადო ფორმით/შინაარსით წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი ვეღარ გააგრძელებს კონკურსის შემდგომ ეტაპებზე მონაწილეობას. 

 

 

საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი

 

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო კომისია.

საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 (+ დამატებითი ბონუს) ქულა. აქედან:

◦განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

◦გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

◦ბონუს ქულა მაქსიმუმ 4 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის მქონე კონკურსანტებს), ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა.

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება, რაც გულისხმობს განაცხადის შევსების ორივე ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმებას. არასრული განაცხადი არ განიხილება. 

ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური. 

მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით.

 

 

საკონკურსო პირობები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

საკონკურსო პირობები:

1.არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

2.ასაკი არ აღემატება 35 წელს;

3.გეგმავს საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული პროგრამული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას.

4.მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი. საბოლოო ჯამური შეფასება: GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), 20 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 12 ქულა ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).

5.ან სწავლობს საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის ჯამური შეფასება GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), 20 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 12 ქულა ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).

6.აქვს მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, სტაჟირება, პრაქტიკის გავლა, კვლევითი საქმიანობა). 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

2.CV/რეზიუმე;

3.სამოტივაციო წერილი;

4.უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური ან/და ადმინისტრაციული პირობისა) (შესაბამის ვადაში);

5.ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის მითითებით;

6.უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში ამ პროგრამით პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში 

-ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

-განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით;

7.დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საშუალო ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები;

8.ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელფოსტაზე);

9.დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ;

10.საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

11.სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები (ცნობა სამსახურის შესახებ ვადების მითითებით);

12.ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

13.სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას უნდა მიეთითოს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და აკადემიური პროგრამა, სადაც კონკურსანტი აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურას. განიხილება მხოლოდ ზემოაღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი.

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ატვირთული დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან. 

 

 

 
დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა

 

ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში, კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, 20 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 12 ქულა ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში). დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ. 

საზღვარგარეთ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა, გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, 20 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 12 ქულა ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს ასევე წარმოადგენს კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებული სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.

ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

 

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

- სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში;

- ცენტრის შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლოს საქართველოში შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აკადემიური მოღვაწეობის ან საუნივერსიტეტო სივრცეში/საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებისთვის მუშაობის მიზნით.

დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლებას.

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა განაგრძოს საზღვარგარეთ სადოქტორო პროგრამაზე. აღნიშნული მიზნით, აგრეთვე აქვს უფლება ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით კვლავ მოიპოვოს დაფინანსება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება სადოქტორო პროგრამის დასრულებისთანავე.

დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მიზნით. 

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

ანგარიშსწორების წესი. პროგრამის ბიუჯეტი.

 

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:

- სწავლის საფასურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწესებულებაში დადგენილია საქართველოს ხაზინაში მოქმედი საერთაშორისო გადარიცხვის წესისგან განსხვავებული წესი;

- სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. 

 

 

დამატებითი ინფორმაცია

 

  ◦ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.

   სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II 

ტელეფონი: 032 2 97 01 97

ელ ფოსტა: info-iec@iec.gov.ge

ვებგვერდი: iec.gov.ge

 

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი 

ბრძანება

 

 

«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტის - „პირუტყვის სეზონური გადაადგილების სივრცითი კონფლიქტები და პოტენციალი“ ავტორებმა დიზაინ ინსტიტუტში შემაჯამებელი გამოფენა გამართეს.

Read more
222324
2526272829301
2345678