საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2021-2022 

სასტიპენდიო პროგრამის აღწერა

სასტიპენდიო პროგრამა - „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2021-2022“  (შემდგომში - სასტიპენდიო პროგრამა) არის სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის  (შემდგომში - ცენტრი) სასტიპენდიო პროგრამა.


სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და საზღვარგარეთ  აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.


აღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ  ამ სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 
დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

 

ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების  გაუმჯობესებას.  კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს. 

 

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის. კონკურსის საფუძველზე გაიცემა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. 

 

კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის მიერ მოპოვებული ინსტიტუციური თანადაფინანსების შესახებ. 


პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური ან/და ინტეგრირებული  პროგრამების დაფინანსებას (გარდა, ახალი კორონა (Covid - 19) ვირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში უნივერსიტეტში/ორგანიზაციაში შეცვლილი რეგულაციებისა).

 

 

მიზნები და ამოცანები

 

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.


პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება. 
 

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში და სურთ დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამით აიმაღლონ კვალიფიკაცია.

 

პროგრამის შედეგი.

 

სასტიპენდიო პროგრამის შედეგს წარმოადგენს დაფინანსებული პირის მიერ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.  ასევე, შერჩეული პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში კურსდამთავრებულის საქართველოში დაბრუნება და მინიმუმ 12 თვე მუშაობის გაგრძელება იმ საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.  

 

საკონკურსო ვადა

 

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2021 წლის  5 თებერვლიდან  2021 წლის  5 აპრილის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).


კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2021წლის 30 ივნისამდე.

 

 

 

პროგრამის განხორციელება

პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო/სააპლიკაციო პროცესი: 

 

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება ოფიციალური ვებგვერდის iec.gov.ge მეშვეობით;

ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირება და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში - განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. არასრული განაცხადი არ განიხილება. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.

ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. განაცხადი რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.  ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - ,,არსებობის შემთხვევაში’’.

განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში და საკონკურსო პროცესის წარმოების მიზნით  დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია და სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მის ოფიციალურ ვებგვერდზე გაასაჯაროოს პერსონალური ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით  გამარჯვებულების გამოვლენა;

კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით.  

ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს  განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართს;

გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა.

 

 

განაცხადის შევსების პროცედურა

 

განაცხადის შევსება გულისხმობს ორ ეტაპიან პროცედურას:

განაცხადის შევსების I ეტაპი - ძირითად საკონკურსო (05/02/2021 - 05/04/2021) ვადაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი, გარდა შემდეგი დოკუმენტისა:

 

- კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში, თანადაფინანსების შესახებ დოკუმენტი).

- პროგრამის საფასურის შესახებ დოკუმენტი.

 

განაცხადის შევსების II ეტაპი - განაცხადის შევსების I ეტაპზე სრულყოფილი დოკუმენტაციის  წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართზე ეგზავნებათ შეტყობინება ჩარიცხვის ოფიციალური წერილის, სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტის (და საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტის) წარმოდგენის ვადის თაობაზე. აღნიშნული ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა. 

აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან არასათანადო ფორმით/შინაარსით წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი ვეღარ გააგრძელებს კონკურსის შემდგომ ეტაპებზე მონაწილეობას.

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსების პირველ ეტაპზე უნდა მიეთითოს ის დაწესებულება და პროგრამა, სადაც კონკურსანტი აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურას. შესაძლებელია მაქსიმუმ  3 ორგანიზაციის/პროგრამის მითითება. განიხილება მხოლოდ  განაცხადში მითითებულ დაწესებულებაში  და  პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი. 

 

 

საკონკურსო კომისია, საკონკურსო შეფასების პროცესი.

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე  გადაწყვეტილებას იღებს  საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას  ამტკიცებს  ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებს/შეფასების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადის, სამოტივაციო წერილის და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე. 


კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:


პირველი ეტაპი -  განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.


მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების (სამოტივაციო წერილის) შინაარსობრივი შეფასება. შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.


მესამე ეტაპი - გასაუბრების და განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელ საკომუნიკაციო საშუალებით). მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.


კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. შესაბამისად, მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლენას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.

 

 

 

საკონკურსო პირობები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

საკონკურსო პირობები:        

1. საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

2. დასაქმებულია საქართველოს საჯარო(საბიუჯეტო)  დაწესებულებაში;

3. მოპოვებული აქვს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

2. CV/რეზიუმე; 

3. სამოტივაციო წერილი (კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან);

4. ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული  რეკომენდატორის ელფოსტაზე); 

5. თანხმობა სამუშაო ადგილიდან (ამავე დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის თანამდებობა და ინფორმაცია ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ან ცალკე ცნობის სახით თანდართული); 

6. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (შესაბამის ვადაში); 

7. დოკუმენტი პროგრამის საფასურის შესახებ (შესაბამის ვადაში), საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა.

 

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ატვირთული დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

 

ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.

 

მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები

ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის  საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ. 

 

ცენტრი იღებს ვალდებულებას საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის  ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

 

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

- პროგრამის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- დაბრუნდეს საქართველოში პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და მინიმუმ 12 თვე მუშაობა გააგრძელოს იმ საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.  

   

დაფინანსებულ პირს არ შეუძლია ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში  მოითხოვოს დაფინანსება ამ პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

 

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

დაფინანსების სახეები. ანგარიშსწორების წესი. პროგრამის ბიუჯეტი

დაფინანსება გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურისა ან/და პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ. 


კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას  ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:


-     კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურს უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებაში;
-    პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.


პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
 

 

 

დამატებითი ინფორმაცია

 

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი 

ბრძანება 

 

ხშირად დასმული კითხვები

 

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345