სასტიპენდიო პროგრამის აღწერა
სასტიპენდიო პროგრამა - საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2022-2023 (შემდგომში - სასტიპენდიო პროგრამა) წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სასტიპენდიო პროგრამას.
სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ გრანტი და სწავლა განაგრძონ სამაგისტრო პროგრამაზე საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
აღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული დარგის /სპეციალობის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას.
გრანტი გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.
გრანტი გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს.
პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული ან/და ე.წ. “Executive” სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას (გარდა, ახალი კორონა (Covid - 19) ვირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში უნივერსიტეტში შეცვლილი რეგულაციებისა).
მიზნები და ამოცანები
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.
პროგრამის ამოცანაა შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაბამის დარგში ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება.
პროგრამის სამიზნე ჯგუფი
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩარიცხულნი არიან საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ, პირი, რომელიც:
ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს;
სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;
სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.
პრიორიტეტული მიმართულება/დარგი/სპეციალობა
2022-2023 სასწავლო წლისთვის ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/ დარგი/სპეციალობა:
- ხელოვნება;
- კულტურული მემკვიდრეობა.
პროგრამის შედეგი.
პროგრამის შედეგს წარმოადგენს დაფინანსებული პირის მიერ სწავლის დასრულების შემდეგ შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აგრეთვე, სწავლის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოში შესაბამის სფეროში დასაქმება.
საკონკურსო ვადა
საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2022 წლის 9 თებერვლიდან 2022 წლის 10 აპრილის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).
კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2022 წლის 30 ივნისამდე.
პროგრამის განხორციელება
პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო/სააპლიკაციო პროცესი:
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება ოფიციალური ვებგვერდის IEC.GOV.GE მეშვეობით;
ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირება და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში - განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. არასრული განაცხადი არ განიხილება. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.
ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. განაცხადი რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.
განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - არსებობის შემთხვევაში.
განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში და საკონკურსო პროცესის წარმოების მიზნით დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია და სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გაასაჯაროოს პერსონალური ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით გამარჯვებულების გამოვლენა;
კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით. ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართს;
გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა.
განაცხადის შევსების პროცედურა
განაცხადის შევსება გულისხმობს ორ ეტაპიან პროცედურას:
განაცხადის შევსების I ეტაპი - ძირითად საკონკურსო (9/02/2022 - 10/04/2022) ვადაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი, გარდა შემდეგი დოკუმენტებისა:
უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ;
თანადაფინანსების შესახებ დოკუმენტი უცხო ქვეყნის მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
განაცხადის შევსების II ეტაპი - განაცხადის შევსების I ეტაპზე სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართზე ეგზავნებათ შეტყობინება ჩარიცხვის ოფიციალური წერილის, სწავლის საფასურის შესახებ და თანადაფინანსების შესახებ დოკუმენტების (და საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტის) წარმოდგენის ვადის თაობაზე. აღნიშნული ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა.
მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან თანადაფინანსების შესახებ დოკუმენტის ან/და ჩარიცხვის ოფიციალური წერილის, სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტის წარმოუდგენლობის ან არასათანადო ფორმით/შინაარსით წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი ვეღარ გააგრძელებს კონკურსის შემდგომ ეტაპებზე მონაწილეობას.
საკონკურსო კომისია, საკონკურსო შეფასების პროცესი.
გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებს/შეფასების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადის, სამოტივაციო წერილის და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე.
კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:
პირველი ეტაპი - განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.
მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების (სამოტივაციო წერილის) შინაარსობრივი შეფასება. შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.
მესამე ეტაპი - გასაუბრების და განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელ საკომუნიკაციო საშუალებით). მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.
კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. შესაბამისად, მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლენას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.
კონკურსანტს კონკურსის პირველ ეტაპზე შეიძლება მიენიჭოს ბონუს ქულა (მაქსიმუმ 4) შესაბამისი სტატუსის - სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირის, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის - დადასტურების შემთხვევაში (ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებულ შედეგთან.
საკონკურსო მოთხოვნები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია
საკონკურსო პირობები:
საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
ასაკი არ აღემატება 35 წელს;
გეგმავს საზღვარგარეთ, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების /დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას და მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი. საბოლოო ჯამური შეფასება: GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).
ან სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე. განვლილი სასწავლო წლების და სემესტრის საშუალო ჯამური შეფასება: GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;
ან სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის საშუალო ჯამური შეფასება შეფასება: GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;
მოიპოვებს/მოპოვებული აქვს თანადაფინანსება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. ეს პირობა არ ეხება, იმ კონკურსანტებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან უფასო აკადემიურ პროგრამაზე და მხოლოდ ადმინისტრაციული რეგისტრაციის საფასური აქვთ გადასახდელი;
აქვს სამუშაო გამოცდილება.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
CV/რეზიუმე;
პორტფოლიო (სავალდებულოა ხელოვნების დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის. კულტურული მემკვიდრეობის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის - არსებობის შემთხვევაში);
სამოტივაციო წერილი (კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან);
უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური ან/და ადმინისტრაციული პირობისა; ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში გარდა ფინანსური, ადმინისტრაციული ან/და ბაკალავრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი საბუთის ან/და შეფასების დოკუმენტის წარდგენის პირობისა) (შესაბამის ვადაში);
დოკუმენტი შერჩეული სამაგისტრო პროგრამის ამ სასტიპენდიო პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებასთან მიკუთვნების შესახებ.
ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის მითითებით;
ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლების/სემესტრების შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით;
უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი ჯამური საშუალო ქულის მითითებით; საკონკურსო ვადაში აღნიშნული შედეგის არ არსებობის შემთხვევაში შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. კონკურსანტი განხილულ იქნება მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით.
დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საბოლოო საშუალო / საშუალო ჯამური ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დიპლომის საშუალო ჯამური ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები;
ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელფოსტაზე);
დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ (შესაბამის ვადაში);
თანადაფინანსების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (შესაბამის ვადაში);
საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;
სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (ეს პუნქტი არ ვრცელდება ხელოვნების მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებზე).
სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას უნდა მიეთითოს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და აკადემიური პროგრამა, სადაც კონკურსანტი აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურას. კონკურსანტს შეუძლია მიუთითოს მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტი ან/და აკადემიური პროგრამა, სადაც აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს.
განიხილება მხოლოდ ზემოაღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი.
ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ატვირთული დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა
ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში, კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA¬ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში). დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.
მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები
ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ. ამ სასტიპენდიო პროგრამის შესაბამისად.
კონკურსში გამარჯვებულ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ოფიციალური დოკუმენტისა და შესაბამისი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.
უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა, გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების შემდგომ საშუალო ჯამური შეფასების (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.
ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს აგრეთვე წარმოადგენს თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.
ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გასცეს გრანტი გამარჯვებულ პირებზე, შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.
დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:
სწავლის დასრულების შემდეგ წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;
სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდეს საქართველოში სამი წლის განმავლობაში შესაბამის სფეროში.
დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლებას.
დაფინანსებულ პირს არ შეუძლია ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით.
დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.
დაფინანსების სახეები. ანგარიშსწორების წესი. პროგრამის ბიუჯეტი.
დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.
კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:
სწავლის საფასურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ დაწესებულებაში დადგენილია საქართველოს ხაზინაში მოქმედი საერთაშორისო გადარიცხვის წესისგან განსხვავებული წესი;
სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.
პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
დამატებითი ინფორმაცია
იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი
ბრძანება
ხშირად დასმული კითხვები