სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში  2023-2024

პროგრამის აღწერა

 

სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2023-2024“ (შემდგომში სასტიპენდიო პროგრამა) წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ -განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის 2023 წლის 3 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება მაგისტრატურის საფეხურზე სტიპენდიების თანადაფინანსების შესახებ.

 

ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეები მაქსიმუმ 10 თვის განმავლობაში (დაფინანსებით სარგებლობის პერიოდი 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან არაუგვიანეს 2024 წლის 30 ივნისისა, სტუდენტის საფრანგეთში ყოფნის პროპორციულად) დახმარებას გაუწევენ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომლებიც სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხებიან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კერძოდ:

 

  • - სტუდენტის მიერ მიღებული ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 860 (რვაას სამოცი) ევროს: აქედან ცენტრის დაფინანსებით 560 (ხუთას სამოცი) ევრო, ხოლო 300 (სამასი) ევრო საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დაფინანსებით.

 

  • - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სწავლის საფასური არაუმეტეს 5000 ევროს ოდენობით აუნაზღაურდებათ 2023-2024 სასწავლო წელს გამარჯვებულ კონკურსანტებს STEM-ის მიმართულებით.

 

საფრანგეთის საელჩოს საქართველოში საკუთარი წვლილი შექვს სასტიპენდიო პროგრამაში და პარტნიორთან ერთად შერჩეულ სტუდენტებს ანიჭბს საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიას. საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიების მართვას ახორციელებს ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და, ასევე, საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოპერატორი სააგენტო კამპუს ფრანსი.

 

საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტის სტატუსის მინიჭებას და მასთან დაკავშირებულ უპირატესობებს :

  • - უმაღლესი განათლებისა და კვლევის სამინისტროს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი სამეცნიერო, კულტურული და პროფესიული ხასიათის საჯარო დაწესებულებებში ეროვნული მაგისტრის ან დიპლომირებული.
  • - გათავისუფლება CVEC გადასახადისგან (სტუდენტური ცხოვრებისა და კამპუსის მოსაკრებელი).
  • - ინჟინრის წოდების მოსამზადებელი პროგრამების რეგისტრაციის (და არა სწავლის) საფასურისაგან განთავისუფლება.
  • - დაზღვევის სქემაში ჩართვა საფრანგეთში ჩასვლისას სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაში გაწევრიანებამდე.
  • - ჯანმრთელობის დამატებით დაზღვევა.
  • - პრიორიტეტული დახმარება CROUS-ის საუნივერსიტეტო რეზიდენციებში და კერძო რეზიდენციებში საცხოვრებლის პოვნაში.
  • - სასწავლებლის მისამართზე ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვა  მხოლოდ მე-2 კლასის მატარებლით (საერთაშორისო აეროპორტიდან სასწავლო ქალაქამდე).
  • - შეღავათიანი ტარიფები კამპუს ფრანსის მიერ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებზე.
  • - შერჩეული კანდიდატების გათავისუფლება ვიზის მოსაკრებლებისგან.
  • - შერჩეულ კანდიდატებს გაუწიოს დახმარება ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურებში.

 

პროგრამის ბენეფიციარებს ექნებათ წვდომა საფრანგეთში სტუდენტის სტატუსით მინიჭებულ სხვა უპირატესობებზე :

  • - « VISALE »- ის ბინის ქირავნობის დეპოზიტი.
  • - ბინის ქირაში დახმარება საოჯახო შემწეობის ფონდიდან.
  • - საფრანგეთის სოციალური დაზღვევის საერთო რეჟიმში უფასო გაწევრიანება.
  • - ფასდაკლება საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობაზე და წვდომა კულტურულ ღონისძიებებზე.

 

პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. სტიპენდია გაიცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის და ცენტრის მიერ შერჩეული წევრებისგან.

 

კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/-ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

  • და იმავე სტუდენტს, არ აქვს უფლება:
  •  
  • - ისარგებლოს ცენტრის და საფრანგეთის მთავრობის თანადაფინანსებული პროგრამით და პარალელურად აკუმულირება მოახდინოს სხვა ევროპული  Erasmus +, Erasmus Mundus და სხვა) თუ ეროვნული დაფინანსების პროგრამების ერთდროულად.
  • - საფრანგეთის ფარგლებს გარეთ სტაჟირების დროს, იმ შემთხვევაში თუ სტაჟირება განსაზღვრულია სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას მხოლოდ აუცილებელი სტაჟირების პერიოდში, რომელიც დადგენილია ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ  პროგრამის კურიკულუმით.
  • - სტუდენტები ვერ ისარგებლებენ საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიით საფრანგეთის ფარგლებს გარეთ არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის და მობილობის შემთხვევაში.
  • დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ, სამაგისტრო  პროგრამაზე სწავლის მიზნით.

 

 

 

პროგრამის მიზნები და ამოცანები

 

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, საფრანგეთში სწავლის შედეგად მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შენარჩუნებულია ცენტრის ერთ-ერთი პრინციპული პირობა - კონკურსანტები დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში უნდა ჩაირიცხონ მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე.

 

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიზნების შესაბამისად სასტიპენდიო პროგრამის ამოცანაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებისთვის საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობა და მიღებული ცოდნის რეალიზებით  ქვეყნის მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის ზრდა. აღნიშნული მიზნით, სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები დაბრუნდებიან და დასაქმდებიან საქართველოში შესაბამის სფეროში. ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

 

სასტიპენდიო პროგრამა  ასევე ემსახურება ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით. 

  

 

პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობები

 

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2023-2024“ ფარგლებში 2023-2024 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:

  • - განათლება;
  • - სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;
  • - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
  • - ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები.
  • - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;
  • - ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • - სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;
  • - სამართალი;
  • - მენეჯმენტი;
  • - საჯარო მმართველობა;
  •  

კონკურსანტი გამარჯვების შემთხვევაში უნდა ჩაირიცხოს საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამაზე აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე/სპეციალობაზე.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლება-სწავლის სრული დატვირთვის რეჟიმის მქონე სამაგისტრო აკადემიური პროგრამები, რაც გამორიცხავს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის, დისტანციური, ე.წ. “Executive”, სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას (გარდა, ახალი კორონა (Covid - 19) ვირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში უნივერსიტეტში შეცვლილი რეგულაციებისა).

 

 

პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი

 

სასტიპენდიო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 30 წლის ჩათვლით ასაკის  საქართველოს მოქალაქეები, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომელებსაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის/შემდგომი აკადემიური ხარისხი, ან  სწავლობენ საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე, ან სწავლობენ საფრანგეთში: ა) სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და სურთ მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსების მოპოვება; ბ) ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე და სურთ მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსების მოპოვება პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

აღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ  სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა, ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

 

 

 

პროგრამის შედეგი

 

2023-2024 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საფრანგეთში, აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის საერთაშორისოდ აღიარებული მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის შემდგომში საქართველოში რეალიზებას. 

 

 

საკონკურსო ვადა

 

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2023 წლის 17 მაისიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).

კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების ვადა -  2023 წლის 30 ივნისამდე.

 

 

პროგრამის განხორციელება

 

პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო/სააპლიკაციო პროცესი:

  • - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება ოფიციალური ვებგვერდის iec.gov.ge მეშვეობით;
  • - ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირება და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • - საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში - განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. არასრული განაცხადი არ განიხილება. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.

  • ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის შევსება, დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება, რედაქტირება შესაძლებელია განაცხადის გადმოგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში.
  •  

განაცხადი წარმოდგენილად ითვლება კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადის დაცვით ელექტრონულ სისტემაში გადმოგზავნის შემდგომ. გადმოგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - ,,არსებობის შემთხვევაში’’.

განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support

  • -  სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში და საკონკურსო პროცესის წარმოების მიზნით დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია და სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გაასაჯაროოს პერსონალური ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
  • - საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით  გამარჯვებულების გამოვლენა;
  • - კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით. 
  • - ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს  განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართს;
  • - გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა.

 

 

საკონკურსო მოთხოვნები

 

  • - საქართველოს მოქალაქე, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
  • - ასაკი არ აღემატება 30 წელს;
  • - მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი,  
  • - ან სწავლობს საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე,
  • - ან სწავლობს საფრანგეთში:
    • სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და ითხოვს საფრანგეთში მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსებას;
    • ან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე და ითხოვს მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.
  • - გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით: GPA­-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 13 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;

 

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები

 

  • -   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრა­ლური მოწმო­ბის/ნეიტრალური სამგ­ზავ­რო დოკუმენტის ასლი;
  • -   CV - ორ ენაზე ( ქართულ - ფრანგული ან ქართულ - ინგლისური);
  • -   სამოტივაციო წერილი - ორ ენაზე (ქართულ - ფრანგული ან ქართულ - ინგლისური).
  • -   ერთი  რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული  რეკომენდატორის ელ. ფოსტაზე);
  • -   ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი, დიპლომის დანართი/შეფასების ფურცელი. დიპლომის დროებით  არქონის შემთხვევაში, ცნობა  აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი (GPA­-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ „ძალიან კარგი,“ ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 13 ქულა 20 ქულიდან,  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);
  • -   განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში, ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების ამ პროგრამაში მითითებულ რომელიმე შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ.

 

საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

-   ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

-   შეფასების ფურცელი ყველა განვლილი სემესტრის ჯამური შეფასების მითითებით (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 13 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).

-   განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების ამ პროგრამაში მითითებულ რომელიმე შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ;

 

საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამა მასტერ 2-ზე/ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამის მეორე კურსზე სწავლის დაფინანსების მოთხოვნის მსურველმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

  • -  მასტერ 1-ის დიპლომი/სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა და შეფასების ფურცელი/პირველი აკადემიური წლის შეფასების ფურცელი (GPA-­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 13 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);
  • -  მასტერ 1-ის/პირველი აკადემიური წლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტმა განვლილი სემესტრის შეფასების ფურცელი (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 13 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • -  საკონკურსო ვადაში აღნიშნული შედეგის არ არსებობის შემთხვევაში შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. კონკურსანტი განხილულ იქნება უკვე მოპოვებული ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომის, დიპლომის დანართის/შეფასების ფურცლის საფუძველზე.

 

არსებობის შემთხვევაში:

  • -  სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები;
  • -  ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (აღნიშული დოკუმენტაციის ასლები შეიძლება წარმოდგენილ იქნას მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე);
  • -  სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი (გარდა იმ დოკუმენტებისა, სადაც მითითებულია ორ ენაზე წარმოდგენა). ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება მხოლოდ ინგლისურ/ფრანგულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, ხოლო ფრანგულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

 

 

საკონკურსო კომისია, საკონკურსო შეფასების პროცესი

 

გამარჯვებულის გამოვლენასთან, კონკურსის ჩატარებასა და დაფინანსებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე  გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება  სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, ხელშეკრულების მხარეების შეთანხმებით.

 

საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი -  განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.

მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების და თანდართული დოკუმენტაციის  შინაარსობრივი შეფასება. შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად (ელ. საკომუნიკაციო საშუალებით). მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

 

კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. შესაბამისად, მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლებას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.

კონკურსანტს კონკურსის პირველ ეტაპზე შეიძლება მიენიჭოს ბონუს ქულა  (მაქსიმუმ 4) შესაბამისი სტატუსის - სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირის, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის - დადასტურების შემთხვევაში (ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებულ შედეგთან.

ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.

კონკურსანტი პროგრამის სტიპენდიატი ხდება საფრანგეთის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ პროგრამით დადგენილი პირობებით ჩარიცხვისა და შემდგომ ცენტრთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისშემთხვევაში.

 

 

სტიპენდიის ოდენობა

 

2023-2024 სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიზნით გაიცემა 15 სტიპენდია, როგორც ამ სასწავლო წლისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა დასაფინანსებლად, ასევე გასულ წელს დაფინანსებულ იმ პირთა მეორე აკადემიური წლის დასაფინანსებლად, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსებული პირებისთვის განსაზღვრული სტიპენდიების კვოტა არ შეივსება, თავისუფალი სტიპენდია გაიცემა 2023-2024 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგად სარეზერვო სიაში მყოფ პირზე ამ პროგრამით დადგენილი წესით.

 

 

კონკურსანტის რეზერვის სტატუსის ცვლილების წესი

 

საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებულის მიერ სტიპენდიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში სტიპენდიას მიიღებს სარეზერვო სიაში მყოფი უმაღლესი ქულის მფლობელი კონკურსანტი, რომელიც ვალდებული იქნება ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს პროგრამით დადგენილი დოკუმენტები.

   

რეზერვის სტატუსის ცვლილების საფუძველია, ასევე, გასულ წელს ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსებული პირის მიერ დაფინანსების გაგრძელების საკითხის განხილვის საფუძვლის - შესაბამისი აკადემიური მოსწრების დოკუმენტის წარმოუდგენლობა.

 

რეზერვის სტატუსის ცვლილების შემთხვევაში, სარეზერვო სიაში მყოფი უმაღლესი ქულის მფლობელი კონკურსანტის მიერ ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა განიხილება როგორც უარი სტიპენდიის მიღებაზე და აღნიშნული კონკურსანტი კარგავს სტიპენდიის მოთხოვნის უფლებას.

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

 

ცენტრი იღებს ვალდებულებას:

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

 

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

- სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს დაფინანსებული პრიორიტეტული მიმართულების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში; 

- ცენტრის შეთავაზებით ითანამშრომლოს საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

 

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ცენტრისგან გამოყოფილი გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის/ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს:

  1. გამარჯვებული კონკურსანტის მიერ არაპრიორიტეტული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ წერილის წარმოდგენა.
  2. კონკურსში გამარჯვებული ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის მიერ ბაკალავრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის და შესაბამისი შეფასების ფურცლის, ხოლო საფრანგეთში: ა) მასტერ 1-ის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის მიერ მასტერ 1-ის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტისა და შესაბამისი შეფასების ფურცლის, ბ) ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის მიერ პირველი კურსის საბოლოო შესაბამისი შეფასების ფურცლის წარმოუდგენლობა.

კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი შეფასების მაჩვენებელი უნდა იყოს  GPA­-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 13 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).

  1. თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
  2. თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.

პროგრამის ფარგლებში ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA­-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 13 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში. დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საერთაშორისო საკონკურსო კომისია.

 

აღნიშნული უფლების მოპოვების მიზნით,  დაფინანსებულმა პირმა, სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლებას.

 

პროგრამის ფარგლებში სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

ანგარიშსწორების წესი, ბიუჯეტი

 

სასტიპენდიო პროგრამის დაფინანსება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, კამპუს ფრანსის მიერ წარმოდგენილი ინვოისის, სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 32 04 04)

 

დამატებითი ინფორმაცია

 

საფრანგეთის უნივერსიტეტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს - https://institutfrancais.ge/ka.

 

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი 

ბრძანება

ბრძანების დანართი

ხშირად დასმული კითხვები

 

 

 

«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
3012
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.

 

Read more
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910