საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2024-2025

სახელმწიფო საგრანტო პროგრამის აღწერა

 

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2024-2025 (შემდგომში - პროგრამა) წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სახელმწიფო საგრანტო პროგრამას.

 

პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

 

დაფინანსება გაიცემა სრულად ან ნაწილობრივ, ერთი აკადემიური წლისთვის, დაფინანსების გაგრძელების წინაპირობით, სადოქტორო პროგრამის 3(+1) წლის ხანგრძლივობის ფარგლებში.

 

პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური სადოქტორო პროგრამების დაფინანსებას.

 

საკონკურსო კომისიის მიერ მხედველობაში მიიღება ინფორმაცია, თუ კონკურსანტს აქვს საუნივერსიტეტო სივრცეში სამუშაო გამოცდილება და გეგმავს აკადემიურ საქმიანობას საქართველოში..

 

 

მიზნები და ამოცანები

 

პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება და საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში.

 

პროგრამის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და საქართველოში მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისთვის კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

 

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე და მოპოვებული აქვთ სწავლის საფასურის დაფინანსება მიმღები უნივერსიტეტიდან და ითხოვს სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. კერძოდ, პირი, რომელიც:

1. ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს;

2. ან სწავლობს მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე;

3. ან სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

 

 

პროგრამის შედეგი

 

პროგრამის შედეგს წარმოადგენს დაფინანსებული პირის მიერ სწავლის დასრულების შემდგომ შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აგრეთვე, საქართველოში დაბრუნება სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნება და დასაქმება საქართველოში შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლით, სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში;

 

პროგრამის შედეგს წარმოადგენს ასევე, ცენტრის შეთავაზებით საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან კურსდამთავრებულთა თანამშრომლობა.

 

 

საკონკურსო ვადა

 

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2024 წლის 03 აპრილიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით (23:59 სთ-მდე თბილისის დროით).

 

კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2024 წლის 15 ივლისამდე.

 

 

პროგრამის განხორციელება

 

პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო/სააპლიკაციო პროცესი:

➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ პროგრამის დამტკიცება დ აკონკურსის გამოცხადება ოფიციალური ვებგვერდის iec.gov.ge მეშვეობით;

➢ ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირება და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

➢ საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში - განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის შევსება, დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება, რედაქტირება შესაძლებელია განაცხადის გადმოგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში. განაცხადი წარმოდგენილად ითვლება კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადის დაცვით ელექტრონულ სისტემაში გადმოგზავნის შემდგომ. გადმოგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - ,,არსებობის შემთხვევაში’’;
განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support;

➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას ცენტრმა პროგრამის ფარგლებში და საკონკურსო პროცესის წარმოების მიზნით დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გაასაჯაროოს პერსონალური ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

➢ საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით გამარჯვებულების გამოვლენა;

➢ კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით;

➢ ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართს;

➢ გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა.

 

 

განაცხადის შევსების პროცედურა

 

განაცხადის შევსება გულისხმობს ორეტაპიან პროცედურას:

 

განაცხადის შევსების I ეტაპი - ძირითად საკონკურსო (02/04/2024 - 30/04/2024) ვადაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი, გარდა შემდეგი დოკუმენტებისა:

 

➢ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი.

➢ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოპოვებული სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ დოკუმენტი.

 

განაცხადის შევსების II ეტაპი - განაცხადის შევსების I ეტაპზე სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართზე ეგზავნებათ შეტყობინება ჩარიცხვისა წერილისა და სწავლის საფასურის დაფინანსების ოფიციალური წერილის (და საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტის) წარმოდგენის ვადის თაობაზე. აღნიშნული ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2024 წლის 31 მაისისა.

ჩარიცხვის ოფიციალური წერილის და სწავლის საფასურის დაფინანსების ოფიციალური წერილის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა მიერ, რომელთა მიერ ელ განაცხადში მითითებულ უნივერსიტეტში/უნივერსიტეტში, ოფიციალური საქმისწარმოების შესაბამისად, 31 მაისის შემდეგ გაიცემა ზემოთ მითითებული დოკუმენტები და უნივერისტეტის მიერ გაცემული ოფიციალური წერილით ადასტურებს აღნიშნულს.

ჩარიცხვის ოფიციალური წერილის წარმოუდგენლობის ან არასათანადო ფორმით/შინაარსით წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი ვეღარ გააგრძელებს კონკურსის შემდგომ ეტაპებზე მონაწილეობას.
 

 

საკონკურსო კომისია, საკონკურსო შეფასების პროცესი

 

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას, ასევე კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა/შეფასების ფორმებს ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადის, სამოტივაციო წერილის და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე.

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:


პირველი ეტაპი - განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. ცენტრი უფლებამოსილია დაადგინოს ხარვეზი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შეფასების ეტაპზე და განუსაზღვროს კონკურსანტს ხარვეზის შესწორების ვადები და პირობები. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის სახელმწიფო საგრანტო პროგრამების მართვის სამსახური.

 

მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების (სამოტივაციო წერილის) შინაარსობრივი შეფასება. აღნიშნულ ეტაპზე, შესაბამისი ქულის (მაქსიმუმ 50 ქულა) დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე.

 

მესამე ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება, განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასება. აღნიშნულ ეტაპზე შესაბამისი ქულის (მაქსიმუმ 50 ქულა) დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი დასახელდება გამარჯვებულად. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელ საკომუნიკაციო საშუალებით).

კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. შესაბამისად, მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლენას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.

კონკურსანტს კონკურსის პირველ ეტაპზე შეიძლება მიენიჭოს ბონუს ქულა (მაქსიმუმ 5) შესაბამისი სტატუსის - სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის, ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის - დადასტურების შემთხვევაში (ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებულ შედეგთან.

 

 

საკონკურსო პირობები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

საკონკურსო პირობები:

1. არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

2. გეგმავს სწავლას უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე და

➢ მოპოვებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. საბოლოო ჯამური GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);

➢ ან სწავლობს მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე. განვლილი სასწავლო სემესტრების საშუალო ჯამური GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);

➢ ან სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო 6 პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის/წლების ან/და სემესტრის ჯამური შეფასება GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში; ქულობრივი შეფასების სისტემის არარსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს/სემესტრში დაგეგმილი აკადემიური მიღწევის ან/და კვლევითი სამუშაოს ოფიციალური შეფასება სადოქტორო პროგრამის ან დისერტაციის ხელმძღვანელისგან.

 


წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

2. CV/რეზიუმე;

3. სამოტივაციო წერილი (კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან);

4. კვლევის გეგმა/კვლევის საგანი. აგრეთვე, კვლევის გეგმის/კვლევის საგნის დამტკიცების ან შესაბამის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან/პროფესორთან შეთანხმების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. საქართველოს შესაბამის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის გეგმა/პროექტი. აგრეთვე, უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის გეგმის/პროექტის შეთანხმების/დამტკიცების ან შესაბამის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან /უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთან შეთანხმების პროცესის დამადასტურებლი დოკუმენტი;

6. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის და დაფინანსების შესახებ ოფიციალური წერილი (გარდა ფინანსური ან/და ადმინისტრაციული პირობისა; მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში გარდა ფინანსური, ადმინისტრაციული ან/და მაგისტრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი საბუთის ან/და შეფასების დოკუმენტის წარდგენის პირობისა) (შესაბამის ვადაში);

7. მაგისტრის დიპლომი/ცნობა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საბოლოო ჯამური ქულის მითითებით;

* კონკურსანტებმა, რომლებიც სწავლობენ მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე და სურთ მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსება, უნდა წარმოადგინონ:

- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

- განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით; ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს/სემესტრში დაგეგმილი აკადემიური მიღწევის ან/და კვლევითი სამუშაოს ოფიციალური შეფასება სადოქტორო პროგრამის ან დისერტაციის ხელმძღვანელისგან.

8. დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საშუალო ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები;

9. სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხვრებისათვის ხარჯების ანაღაურების მიზნით მოთხოვნილი ოდენობა;

10. ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელფოსტაზე).

 

არსებობის შემთხვევაში: 

1. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები;

2. ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

3. სოციალურად დაუცველის, / შეზღუდული შესაძლებლობის მქონე /იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის/მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის ან/და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას უნდა მიეთითოს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და აკადემიური პროგრამა, სადაც კონკურსანტი აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურას. შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტის/პროგრამის მითითება. განიხილება მხოლოდ ზემოაღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი.

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია და ატვირთული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად ქართულ ენაზე.

ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.

 

 

დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა

 

კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის (3 (+1) წლის ხანგრძლივობის ფარგლებში) დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში, ან ქულობრივი შეფასების სისტემის არარსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური მიღწევის ან/და კვლევითი სამუშაოს ოფიციალური შეფასება სადოქტორო პროგრამის ან დისერტაციის ხელმძღვანელისგან.

დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

 

 სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

ხელშეკრულების გაფორმება: 

ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ. ამ პროგრამის შესაბამისად.

 

კონკურსში გამარჯვებულ მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთან გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ოფიციალური დოკუმენტისა და შესაბამისი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა, გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში ან ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს/სემესტრში დაგეგმილი აკადემიური მიღწევის ან/და კვლევითი სამუშაოს ოფიციალური შეფასება სადოქტორო პროგრამის ან დისერტაციის ხელმძღვანელისგან. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს აგრეთვე წარმოადგენს კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებული სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია ამ პროგრამასთან.

 

მხარეთა ვალდებულებები: 

ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

 

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

- სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

- დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნდეს და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლით სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში;

- ცენტრის შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლოს საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

- დაასრულოს სწავლა სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური ხანგრძლივობის პერიოდში (ორი აკადემიური წლის დამატებით საჭიროების შემთხვევაში).

 

დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მიზნით.

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

ვალდებულების გადავადება: 

დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლებას.

 

 

დაფინანსების სახეები. ანგარიშსწორების წესი. პროგრამის ბიუჯეტი

 

დაფინანსება გულისხმობს სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას. კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია

 

  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
  •  
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II

ტელეფონი: 032 2 97 01 97

ელ ფოსტა: info-iec@iec.gov.ge

ვებგვერდი: iec.gov.ge

 

 

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი;

ბრძანება;

ბრძანების დანართი;

ხშირად დასმული კითხვები

 

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345