კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა 2024 

 

 

 

1. პროგრამის დასახელება

 

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა 2024 (შემდგომში “მცირე საგრანტო პროგრამა”).

 

 

2. პროგრამის აღწერა

 

ა) კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამის შესახებ

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ განახორციელონ სხვადასხვა ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტი პროგრამით განსაზღვრულ თემატიკაზე, ცენტრის მიერ ამ კონკურსის წესით გაცემული გრანტებითა ან/და სხვა თანადაფინანსებით.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ მცირე საგრანტო პროგრამით.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრობითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკონკურსო კომისია.

 

ბ) პროგრამის მიზანი

მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულთა მიერ ახალგაზრდული, საზოგადოებრივი, კვლევითი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკურ განვითარებაზე.

მცირე საგრანტო პროგრამის სტრატეგიული ამოცანაა კურსდამთავრებულთა პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობა და მათი სამომავლო პროფესიული განვითარება.

 

გ) სამიზნე ჯგუფი

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება აქვთ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის საგრანტო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება უცხოეთში განათლების მიღების მიზნით, სწავლის დასრულების შემდგომ დაბრუნდნენ საქართველოში და მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, გეგმავენ პროექტის განხორციელებას.

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლებელია როგორც სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულების, ისე ცენტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომპეტენციების მქონე პირების მონაწილეობა.

 

დ) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი მიმართულებებია:

  • ტექნოლოგიები და ინოვაციები;
  • განათლება;
  • კლიმატი, გარემოს დაცვა;
  • მეწარმეობა და STEM;
  • სოფლის მეურნეობა;
  • ჯანდაცვა;
  • კონფლიქტები;
  • ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები;
  • რესტავრაცია, კონსერვაცია

 

თემის აქტუალობა შეფასდება როგორც გლობალური (გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ან/და იუნესკოს ძირითადი მიმართულებების კონტექსტში), ისე ქვეყნის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე. პრიორიტეტი მიენიჭება საერთაშორისო კომპონენტის შემცველ პროექტს.

 

მცირე საგრანტო კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებიც:

• ორიენტირებული იქნება საქართველოს რეგიონების განვითარებაზე ან/და

• ექნება საერთაშორისო კომპონენტი (საზღვარგარეთიდან მკვლევარის პროექტში ჩართვა, სპიკერის ჩამოყვანა და ა.შ).

 

ე) მცირე საგრანტო პროგრამის საკონკურსო ვადები

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკონკურსო ვადაში. კერძოდ, 2024 წლის 23 აპრილიდან 2024 წლის 19 მაისის ჩათვლით.

მიღებული გაანცხადების შეფასება და განხილვა მოხდება 2024 წლის 04 ივნისის ჩათვლით, ხოლო გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელი იქნება მცირე საგრანტო პროგრამის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის ხელმოწერიდან ოთხი სამუშაო დღის ვადაში და არა უგვიანეს 2024 წლის 07 ივნისისა. პროექტის განხორციელების პერიოდია 2024 წლის 10 ივნისი - 10 დეკემბერი.

 

 

 

3. მცირე საგრანტო პროგრამის განხორციელება

 

მცირე საგრანტო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. მცირე საგრანტო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით.

 

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსი გულისხმობს:

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ მცირე საგრანტო კონკურსის გამოცხადებას; ცენტრი კონკურსს აცხადებს პროგრამის საშუალებით.

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: კონკურსის გამოცხადებას; განაცხადების მიღებასა და გადარჩევას; საკონკურსო კომისიის შექმნას; საკონკურსო განაცხადების შეფასებას; გასაუბრებასა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენას;

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს:

• დაინტერესებული პირების კონსულტირებას;

• საკონკურსო განცხადების ტექნიკურ გადარჩევას;

• საკონკურსო კომისიის მოწვევასა და კომისიის შეუფერხებელ მუშაობას;

• საპროექტო განახადის ავტორებთან გასაუბრების ორგანიზებას;

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან: განაცხადის (პროგრამის დანართი N1 - განაცხადის ფორმა) შევსების პროცედურა და საკონკურსო შეფასების პროცესი

 

პირველი ეტაპი - საპროექტო განაცხადისა (პროგრამის დანართი N1 - განაცხადის ფორმა) და თანდართული დოკუმენტაციის ადმინისტრაციული შემოწმებისას არასრული განაცხადი არ განიხილება. ტექნიკური საკითხების გასასწორებლად, საპროექტო განაცხადის ავტორს ეძლევა 5 სამუშაო დღე, 2024 წლის 20 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით. თუ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზი არ გასწორდა, კონკურსის შემდგომ ეტაპზე საპროექტო განაცხადი არ განიხილება.

 

მეორე ეტაპი - განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასება. განაცხადის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, პროექტი გადადის კონკურსის მეორე ეტაპზე. პირველ ეტაპზე პროექტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა.

 

მესამე ეტაპი - გასაუბრება - პროექტის წარდგენა. მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა.

 

პროექტის შეფასებისას საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს შემდეგი შეფასების კრიტერიუმებით: 

- პროგრამის მიზნებთან შესაბამისობა; 

- *პროექტის ეფექტიანობა და განხორციელების შესაძლებლობა;

- ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯის ეფექტურობა;

- შედეგების მიღწევის გზები და მდგრადობა;

- პროექტის ორიენტირი საქართველოს რეგიონის განვითარებაზე ან/და საერთაშორისო ჩართულობა;

- თანადამფინანსებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა;

 

*ეფექტიანობისა და განხორციელების შესაძლებლობის შეფასებისას ყურადღება ექცევა დეტალურად გაწერილ სამოქმედო გეგმას, პროექტის მდგრადობას, ამოცანათა თანამიმდევრულობას, შესრულების ვადებს, მოვალეობების გადანაწილების ნუსხას. გეგმაში მნიშვნელოვანია ობიექტურად შემოწმებადი ინდიკატორების არსებობა, არსებობის შემთხვევაში პარტნიორი ორგანიზაციების როლი და ჩართულობა.

 

 

საკონკურსო კომისია და საკონკურსო შეფასების პროცესი.

 

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს მცირე საგრანტო პროგრამის საკონკურსო კომისია.

კომისიის წევრებს და კომისიის უფლებამოსილებებს ამტკიცებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. კომისია შედგება არანაკლებ 7 წევრისგან.

კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია მხოლოდ მაშინ, როცა იგი წარმოდგენილია კომისიის შემადგენლობის უმრავლესობის მიერ (პრინციპით 50%+1).

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით მტკიცდება კომისიის შემადგენლობა. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ კომისიის წევრები.

 

 

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე:

- ხელმძღვანელობს კომისიის სხდომას;

- უზრუნველყოფს კომისიის გამჭვირვალედ და შეუფერხებლად მუშაობას;

 

კომისიის წევრი:

- მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებაში და საკონკურსო კომისიის სხდომაში;

- ვალდებულია აიცილოს საკონკურსო პროექტის შეფასება, თუკი სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი;

- კომისიის ყველა წევრი ვალდებულია, არსებობის შემთხვევაში, წერილობით დააფიქსიროს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კომისიის სხდომამდე.

 

კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება:

- კომისია პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმებით, ქულების მინიჭების საფუძველზე;

- კომისიის სხდომის შედეგები ფორმდება სხდომის ოქმით, კომისიის მდივანი უზრუნველყოფს სხდომის ოქმის მომზადებას რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი;

- წარმოდგენილი ოქმის საფუძველზე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი აპლიკანტებს წერილობით აცნობებს კონკურსის შედეგებს საკონკურსო წესით დადგენილ ვადებში.

 

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსის ფარგლებში შეფასება 100 ქულიანია. აქედან:

- განაცხადის შეფასებისას - მაქსიმუმ 60 ქულა;

- გასაუბრების შეფასებისას - მაქსიმუმ 40 ქულა;

 

საკონკურსო კომისია ადგენს წარმოდგენილი განაცხადის კონკურსის მიმართულებებთან შესაბამისობას, თუ რამდენადაა გათვალისწინებული პროექტების ძირითადი მიმართულებები და დამატებითი პრიორიტეტები, არის თუ არა გათვლილი რისკები, როგორია მოსალოდნელი შედეგები და ა.შ.

 

 

 

4. საკონკურსო პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

- სრულად შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი;

- ინფორმაცია პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის შესახებ: ჩართული ადამიანების რეზიუმეები (ქართულ ენაზე), გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები და ძირითადი პასუხისმგებლობები;

- თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში: ხელშეკრულება თანადაფინანსების შესახებ, წერილი თანადამფინანსებლისგან ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;

- ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია დანართის სახით, რაც გაამყარებს წარმოდგენილ განაცხადს.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საკონკურსო დოკუმენტები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ფოსტაზე: iec-alumni@gov.ge არა უგვიანეს 2024 წლის 19 მაისისა, თბილისის დროით 23:59 საათამდე.

 

• ელექტრონულად წარმოსადგენი დოკუმენტების (PDF ფორმატში) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20MB-ს.

• წერილის სათაურის ველში უნდა მიეთითოს: „მცირე საგრანტო პროგრამა-2024“

 

კონკურსში მონაწილეობა დასტურდება ერთ სამუშაო დღეში განაცხადისთვის მინიჭებული რეგისტრაციის ნომრით. გაიგზავნება ელექტრონულ ფორმაზე.

 

 

5. დაფინანსება და ანგარიშსწორების წესი.

 

პროგრამის ბიუჯეტი. კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის მაქსიმალურმა ოდენობამ თითოეულ საპროექტო განაცხადზე შეიძლება შეადგინოს 50,000 ლარი - თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ხოლო თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში - 35,000 ლარი. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე მოიზიდონ დამატებითი ფინანსური წყაროები. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა საფეხურის ბიუჯეტი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი და შედგენილი ეროვნულ ვალუტაში.

 

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანტის სახით გამოყოფილ თანხას სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ურიცხავს დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელს (ფიზიკურ პირს) ამ პროექტისთვის შექმნილ საბანკო ანგარიშზე.

 

პროექტის მსვლელობისას, საერთო ბიუჯეტის პუნქტების 10%-მდე ოდენობის გადატანა/გადაადგილება შესაძლებელია პროექტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 10% ის ზევით ბიუჯეტის პუნქტებს შორის ცვლილება შეთანხმებული უნდა იყოს საკონკურსო პროგრამის კომისიასთან.

 

პროექტის დასრულების შემდეგ, ხელმძღვანელი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული პროექტის ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში.

 

 

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი და ანგარიშგება (ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმით).

 

კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორები ვალდებულნი არიან, პროექტის დასრულების შემდგომ საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშები (პროგრამის დანართი N2 და N3) წარუდგინონ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 დეკემბრისა. პროექტის ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირია პროექტის ხელმძღვანელი.

პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება პროექტის ხელმძღვანელს.

 

პროგრამის შესრულების ინდიკატორია:

- დაფინანსებული პროექტის დასრულების შემდგომ პროექტის ადრესატებისა და მოსარგებლე პირების რაოდენობა ამ პროგრამით განსაზღვრული სფეროების შესაბამისად;

- სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ინტეგრირება სხვადასხვა პროფესიულ სივრცეში;

- კურსდამთავრებულთა პორტფოლიო პროექტების შექმნა;

- კურსდამთავრებულთა პროფესიული შესაძლებლობებისა და ადამიანური რესურსების საჯაროდ და პროფესიულ წრეებში პოპულარიზაცია.

 

 

 

7. მონიტორინგი

 

საკონკურსო კომისიის შედეგების საფუძველზე სსიპ - განათლების საერთშორისო ცენტრი გამარჯვებული პროექტების ავტორებთან აფორმებს გრანტის შესახებ ხელშეკრულებას, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს და იბარებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს. შუალედური ანგარიში ცენტრს წარედგინება პროექტის პირველი ნახევრის დამთავრებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2 კვირისა.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი. გრანტის გამცემის მხრიდან ამ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი ხორციელდება გრანტის მიმღებისგან და სხვა შესაბამისი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების საფუძველზე.

 

 

8. სახელშეკრულებო ურთიერთობები, მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

 

გრანტის გამცემს უფლება აქვს:

• მოსთხოვოს გრანტის მიმღებს მცირე საგრანტო პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი, დროული და სრული შესრულება;

• ნებისმიერ დროს, კანონმდებლობის ფარგლებში მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით, მოახდინოს გადარიცხული საგრანტო თანხების მიზნობრივი ხარჯვის და გრანტის მიმღების მხრიდან ამ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვა;

• გრანტის მიმღების მიერ მოქმედი კანონმდებლობით და პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს გრანტის სახით გაცემული თანხის სრულად ან ბიუჯეტით შეუსრულებელი პუნქტების შესაბამისი თანხის უკან დაბრუნება;

 

გრანტის მიმღებს უფლება აქვს:

• გრანტის გამცემს დადგენილი წესით მოსთხოვოს საგრანტო თანხის გაცემა;

• მოსთხოვოს გრანტის გამცემს მოქმედი კანონმდებლობის და ამ ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

 

გრანტის მიმღები ვალდებულია:

• ამ პროგრამის და მის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, გრანტის სახით გაცემული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

• ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები;

• ცენტრის დადგენილ ვადასა და მოთხოვნილი ფორმით წარადგინოს პროექტის შესრულების ანგარიში, მათ შორის, სამუშაო მასალები, საფინანსო და სხვა სახის დოკუმენტები;

• არაუგვიანეს 2024 წლის 15 დეკემბრისა სრულყოფილად წარმოადგინოს პროგრამული და ფინანსური ანგარიშები (პროგრამის დანართი N2 და N3) მიღებული თანხის ხარჯვის თაობაზე, ხარჯების გაწევის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად;

 

ამ პროგრამის და მის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს გრანტის მიმღების ფინანსურ პასუხისმგებლობას.

 

ამ პროგრამის და მის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა, დარღვევის გამოვლენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.

 

ამ პროგრამის და მის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გამოყოფილი გრანტის სრულად ან/და ნაწილობრივ აუთვისებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, დააბრუნოს გრანტის აუთვისებელი ოდენობა ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

 

გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხა.

 

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას მცირე საგრანტო პროგრამის მიმდინარეობის ეტაპების შესახებ;

 

დამატებით იხილეთ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

 

 

ბრძანება

ბრძანების დანართი

 

  •  
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
3012
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.

 

Read more
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910