აკადემიური პროგრამები იტალიაში 2024-2025

პროგრამის აღწერა

 

საგრანტო პროგრამა „აკადემიური პროგრამები იტალიაში 2024-2025“ წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) საგრანტო პროგრამას, რომლის საფუძველია ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციას (CRUI) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების სასწავლო გრანტით უზრუნველყოფას იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით. თითოეული სტუდენტის სასწავლო გრანტი ერთობლივად დაფინანსდება საქართველოს მხრიდან ცენტრის მიერ და იტალიის მხრიდან თითოეული მონაწილე იტალიური უნივერსიტეტის მიერ. იტალიურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობა განმტკიცებულია მემორანდუმების საშუალებით, რომლებიც გაფორმებულია ცენტრსა და იტალიის ცალკეულ უნივერსიტეტებს შორის, ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.

 

პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სასწავლო გრანტი იტალიაში მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც იტალიურენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. სასწავლო გრანტი გაიცემა ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საგრანტო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია.

 

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

 

პროგრამის ფარგლებში სასწავლო გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ პროგრამით განსაზღვრული პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის აკადემიურ საფეხურზე სწავლის მიზნით. კონკურსანტი უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურას აწარმოებს ცენტრისგან დამოუკიდებლად, ხოლო ცენტრი კონკურსში გამარჯვებულ პირთა შესახებ ინფორმაციას მიაწვდის პარტნიორ უნივერსიტეტებს, რომლებიც თავის მხრივ დაუდასტურებენ ცენტრს აღნიშნულ პირთა ჩარიცხვას.

 

პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online)/დისტანციური, ინტეგრირებული ან/და ე.წ. “Executive” სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების დაფინანსებას.

 

დაფინანსებულ პირს ეკრძალება პარალელურად ცენტრის სხვა საგრანტო პროგრამით სარგებლობა. დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ, ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საფეხურის აკადემიურ პროგრამაზე.

 

ზემოაღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ  სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა, ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

 

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

 

პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ პროგრამით განსაზღვრული პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის აკადემიურ საფეხურზე სწავლის მიზნით. ცენტრი კონკურსში გამარჯვებულ პირთა შესახებ ინფორმაციას მიაწვდის პარტნიორ უნივერსიტეტებს, რომლებიც თავის მხრივ დაუდასტურებენ ცენტრს აღნიშნულ პირთა ჩარიცხვას.

 

პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online)/დისტანციური, ინტეგრირებული ან/და ე.წ. “Executive” სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების დაფინანსებას (გარდა, ახალი კორონა (Covid - 19) ვირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში უნივერსიტეტში შეცვლილი რეგულაციებისა).

 

დაფინანსებულ პირს ეკრძალება პარალელურად ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამით სარგებლობა. დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ, ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საფეხურის აკადემიურ პროგრამაზე.

 

 

პროგრამის მიზნები და ამოცანები

 

პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება და საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში.

 

პროგრამის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და საქართველოში მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

 

 

 

პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩარიცხულნი არიან საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ მიმართულებებზე.

 

კერძოდ, პირი, რომელიც:

• მოპოვებული აქვთ ბაკალავრის/შემდგომი აკადემიური ხარისხი,

• ან სწავლობს ბაკალავრიატის დამამათავრებელ კურსზე.

• სწავლობენ იტალიაში, პარტნიორ უნივერისტეტში, ამ პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტული მიმართულების სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე და სურთ მომდევნო აკადემიური წლისთვის სწავლის დაფინანსების მოპოვება პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში;

• ან სწავლობენ სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; 

 

 

 

პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები

 

2024-2025 სასწავლო წლისთვის ამ პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამაზე პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:

 

➢ განათლება;

➢ ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

➢ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

➢ გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;

➢ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

➢ ჯანდაცვა;

➢ თავდაცვა, უსაფრთხოება.

➢ ჰუმანიტარული მეცნიერებები;

➢ სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;

➢ საჯარო მმართველობა;

➢ სამართალი;

➢ მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი;

➢ ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები;

 

სადოქტორო პროგრამაზე - პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების/სპეციალობებით შეზღუდვის გარეშე. 

 

პარტნიორი უნივერსიტეტები (პროგრამის დანართი N1):

1. BRESCIA - University of Brescia - https://www.unibs.it/it

2. CAMERINO - University of Camerino - https://www.unicam.it/en

3. University of Cassino and Southern Lazio- https://www.unicas.it/

4. University of Chieti-Pescara - https://www.unich.it/node/6

5. University of Ferrara - https://www.unife.it/it

6. University of Milano-Bicocca - https://www.unimib.it/node/25200

7. Polytechnic University of Milan - https://www.polimi.it/

8. IULM University of Milan - https://www.iulm.it/en/home

9. NAPOLI - The University of Naples “L’Orientale” - https://www.unior.it/it

10. PADOVA - University of Padua - https://www.unipd.it/convenzioni

11. PAVIA - University of Pavia - https://portale.unipv.it/it

12. PERUGIA - University for Foreigners of Perugia - https://www.unistrapg.it/

13. The University of Eastern Piedmont "Amedeo Avogadro"- https://www.uniupo.it/en

14. Sapienza University of Rome - https://www.uniroma1.it/en

15. University Of Salento - https://www.unisalento.it/

16. The University of Sannio - https://www.unisannio.it/it

17. University for Foreigners of Siena - https://www.unistrasi.it/home.asp

18. University of Siena - https://www.unisi.it/ugov/degree/16976

19. University of Teramo - https://www.unite.it/UniTE/

20. The Polytechnic University of Turin - https://www.polito.it/

21. University of Tuscia - https://www.unitus.it/

22. Urbino University - https://www.uniurb.it/

23. University of L'Aquila - https://www.univaq.it/en/index.php

 

 

პროგრამის შედეგი, საკონკურსო ვადა

 

პროგრამის შედეგს წარმოადგენს დაფინანსებული პირის მიერ სწავლის დასრულების შემდგომ:

- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

- საქართველოში დაბრუნება სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნება და დასაქმება საქართველოში, შესაბამის სფეროში, არანაკლებ 3 წლით, სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში;

 

პროგრამის შედეგს წარმოადგენს ასევე, ცენტრის შეთავაზებით საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან კურსდამთავრებულთა თანამშრომლობა.

 

განაცხადების მიღების ვადა - 2024 წლის 24 მაისიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით (23:59 სთ-მდე თბილისის დროით). კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2024 წლის 15 ივლისამდე.

 

 

პროგრამის განხორციელება

 

პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო პროცესი:

 

➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება ოფიციალური ვებგვერდის iec.gov.ge მეშვეობით;

➢ ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირება და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

➢ საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში - განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის შევსება, დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება, რედაქტირება შესაძლებელია განაცხადის გადმოგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში.

➢ განაცხადი წარმოდგენილად ითვლება კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადის დაცვით ელექტრონულ სისტემაში გადმოგზავნის შემდგომ. გადმოგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - ,,არსებობის შემთხვევაში’’.

➢ განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support

➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას ცენტრმა პროგრამის ფარგლებში და საკონკურსო პროცესის წარმოების მიზნით დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გაასაჯაროოს პერსონალური ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

➢ საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით გამარჯვებულების გამოვლენა;

➢ კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით.

➢ ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართს;

➢ გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა. 

 

 

 

განაცხადის შევსების პროცედურა

 

ძირითად საკონკურსო (24/05/2024 - 10/06/2024) ვადაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი:

 

განაცხადის შევსებისას შესაბამის ველში კონკურსანტს შეუძლია მიუთითოს მაქსიმუმ 3 შერჩეული უნივერსიტეტი ან/და აკადემიური პროგრამა, სადაც აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს.

 

იტალიის შესაბამის უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამის, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურისა და წარსადგენი დოკუმენტების/საკონკურსო მოთხოვნების (მათ შორის უცხო ენასთან დაკავშირებული პირობის) შესახებ ინფორმაციისთვის კონკურსანტმა უნდა მიმართოს შესაბამისი უნივერსიტეტს.

 

დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან არასათანადო ფორმით/შინაარსით წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი ვეღარ გააგრძელებს კონკურსის შემდგომ ეტაპებზე მონაწილეობას. 

 

 

 

საკონკურსო კომისია, საკონკურსო შეფასების პროცესი

 

საკონკურსო შეფასების პროცესი გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას, ასევე, კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებს/შეფასების ფორმებს ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

 

საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადის, სამოტივაციო წერილის და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე.

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

 

➢ პირველი ეტაპი - განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ტექნიკური) შემოწმება. ცენტრი უფლებამოსილია დაადგინოს ხარვეზი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ტექნიკურ) შეფასების ეტაპზე და განუსაზღვროს კონკურსანტს ხარვეზის შესწორების ვადები და პირობები. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ტექნიკურ შემოწმებას ახორციელებს ცენტრის საერთაშორისო საპარტნიორო პროგრამებისა და პროექტების განვითარების სამსახური.

 

➢ მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების (სამოტივაციო წერილის) შინაარსობრივი შეფასება. აღნიშნულ ეტაპზე, შესაბამისი ქულის (მაქსიმუმ 50 ქულა) დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე.

 

➢ მესამე ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება, განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასება. აღნიშნულ ეტაპზე შესაბამისი ქულის (მაქსიმუმ 50 ქულა) დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი დასახელდება გამარჯვებულად. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელ საკომუნიკაციო საშუალებით).

 

კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლენას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.

 

კონკურსანტს შეიძლება მიენიჭოს (მაქსიმუმ 5) შესაბამისი სტატუსის - სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის, ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის - დადასტურების შემთხვევაში (ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები ჯამდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებულ შედეგთან.

 

 

 

საკონკურსო მოთხოვნები, წარმოსადგენი დოკუმენტები

 

ა) სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის საკონკურსო პირობები:

 

➢ არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

➢ მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი. საბოლოო შეფასება: GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), იტალიაში მოქმედი 30 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 25 ქულა, ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში),

• ან სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე. განვლილი სემესტრების საშუალო შეფასება: GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).

• ან სწავლობს იტალიაში, პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. სემესტრული/წლიური GPA - ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81 - 90, ან მინიმუმ (B), იტალიაში მოქმედი 30 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 25 ქულა, ან მინიმუმ „ძალიან კარგი,“ ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში); საკონკურსო ვადაში აღნიშნული შედეგის არ არსებობის შემთხვევაში შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. კონკურსანტი განხილულ იქნება უკვე მოპოვებული ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომის, დიპლომის დანართის/შეფასების ფურცლის საფუძველზე. 

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

 

➢ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური

➢ მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

➢ CV/რეზიუმე - ორ ენაზე (ქართულ - იტალიური ან ქართულ - ინგლისური);

➢ სამოტივაციო წერილი - ორ ენაზე ქართულ - იტალიური ან ქართულ - ინგლისური (კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან);

➢ იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური ან/და ადმინისტრაციული პირობისა) (შესაბამის ვადაში);

➢ დოკუმენტი შერჩეული სამაგისტრო პროგრამის ამ პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებასთან მიკუთვნების შესახებ.

➢ ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის მითითებით;

* კონკურსანტებმა, რომლებიც სწვლობენ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში და სურს ამავე სამაგისტრო პროფრამის მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსება, უნდა წარმოადგინონ:

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

• განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით;

➢ დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საშუალო ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები;

➢ იტალიაში, პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით; საკონკურსო ვადაში აღნიშნული შედეგის არ არსებობის შემთხვევაში შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. კონკურსანტი განხილულ იქნება უკვე მოპოვებული ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომის, დიპლომის დანართის/შეფასების ფურცლის საფუძველზე.

➢ პორტფოლიო (მხოლოდ ხელოვნების მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებისთვის);

➢ რეკომენდაცია (მინიმუმ ერთი) ინგლისურ ენაზე; (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელ ფოსტაზე);

➢ სწავლის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ და მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

➢ საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

 

 

არსებობის შემთხვევაში:

 

➢ სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები;

➢ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და საგანმანთლებლო გრანტის გამცემ ორგანიზაციაში ალტერნატიული დაფინანსების წყაროს მოძიების/მოძიების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ შესაბამის ორგანიზაციას არ აქვს მსგავსი სერვისი/ან არსებობს სხვა გარემოება, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

➢ ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, ასევე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

➢ სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე /იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის/მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის ან/და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

ბ) სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის საკონკურსო პირობები:

 

➢ არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

➢ გეგმავს სწავლას უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე და

• მოპოვებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. საბოლოო ჯამური GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში); იტალიაში მოქმედი 30 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 25 ქულა ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში

• ან სწავლობს მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე. განვლილი სასწავლო სემესტრების საშუალო ჯამური GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);

• ან სწავლობს იტალიაში, პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის/წლების ან/და სემესტრის ჯამური შეფასება GPA¬ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, იტალიაში მოქმედი 30 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 25 ქულა, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში. ქულობრივი შეფასების სისტემის არარსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს/სემესტრში, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში; ქულობრივი შეფასების სისტემის არარსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს/სემესტრში დაგეგმილი აკადემიური მიღწევის ან/და კვლევითი სამუშაოს ოფიციალური შეფასება სადოქტორო პროგრამის ან დისერტაციის ხელმძღვანელისგან.

• ფლობს იტალიურ ან/და ინგლისურ ენას/-ებს. ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებული მოთხოვნა შესაძლოა დადგენილი იყოს კონკურსანტის მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მიერ და კონკურსანტმა უნდა გადაამოწმოს აღნიშნულ უნივერსიტეტთან ჩარიცხვის პროცედურების უზრუნველსაყოფად.

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

➢ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

➢ CV/რეზიუმე ორ ენაზე (ქართულ - იტალიური ან ქართულ - ინგლისური);

➢ სამოტივაციო წერილი ორ ენაზე ქართულ - იტალიური ან ქართულ - ინგლისური (კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან);

➢ კვლევის გეგმა. აგრეთვე, კვლევის გეგმის დამტკიცების ან შესაბამის იტალიურ უნივერსიტეტთან/პროფესორთან შეთანხმების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქართულ - იტალიური ან ქართულ - ინგლისური);

➢ საქართველოს შესაბამის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის გეგმა/პროექტი. აგრეთვე, უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის გეგმის/პროექტის შეთანხმების/დამტკიცების ან შესაბამის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან /უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთან შეთანხმების პროცესის დამადასტურებლი დოკუმენტი;

➢ იტალიის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის და დაფინანსების შესახებ ოფიციალური წერილი (გარდა ფინანსური ან/და ადმინისტრაციული პირობისა; მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში გარდა ფინანსური, ადმინისტრაციული ან/და მაგისტრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი საბუთის ან/და შეფასების დოკუმენტის წარდგენის პირობისა) შესაბამის ვადაში.

➢ მაგისტრის დიპლომი/ცნობა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საბოლოო ჯამური ქულის მითითებით;

* კონკურსანტებმა, რომლებიც სწავლობენ მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე ან იტალიის პარტნიორი უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე და სურთ მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსება, უნდა წარმოადგინონ:

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

• განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით; ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს/სემესტრში დაგეგმილი აკადემიური მიღწევის ან/და კვლევითი სამუშაოს ოფიციალური შეფასება სადოქტორო პროგრამის ან დისერტაციის ხელმძღვანელისგან.

• დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საშუალო ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები;

➢ სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხვრებისათვის ხარჯების ანაღაურების მიზნით მოთხოვნილი ოდენობა;

➢ ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელფოსტაზე). 

 

არსებობის შემთხვევაში:

1. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები;

2. ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/ სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

3. სოციალურად დაუცველის, / შეზღუდული შესაძლებლობის მქონე /იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის/მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის ან/და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი ინგლისურ/იტალიურ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, ასევე, ინგლისურ ან იტალიურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.

 

 

 

დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა 

 

ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის აკადემიურ პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში, კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, იტალიაში მოქმედი 30 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 25 ქულა, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში). დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

 

მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

ა) ხელშეკრულების გაფორმება

 

ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

ხელშეკრულების გაფორმება ხდება კონკურსანტის გამარჯვებულად გამოვლენისა და მისი განაცხადში მითითებულ რომელიმე პარტნიორ უნივერსიტეტში/აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში. აღნიშნული მიზნით გამარჯვებულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს განაცხადში მითითებულ უნივერსიტეტში და აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი და სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტი.

ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ჩარიცხულ პირს და პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა, გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან მინიმუმ (B) იტალიაში მოქმედი 30 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 25 ქულა, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს ასევე წარმოადგენს კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებული სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია პროგრამასთან.

 

ბ) მხარეთა ვალდებულებები

ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

 

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

⎯ სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

⎯ დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნდეს და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლით სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში;

 

გ) ვალდებულების გადავადება

დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლებას.

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს, იგივე აკადემიური მიმართულებით, შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულებამდე ან სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური წერილი და დოკუმენტი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული მიზნით, ასევე აქვს უფლება ცენტრის პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით კვლავ მოიპოვოს დაფინანსება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება სადოქტორო პროგრამის დასრულებისთანავე.

დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მიზნით.

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლებამოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით. 

 

 

დაფინანსების სახეები , ანგარიშსწორების წესი პროგრამის ბიუჯეტი

 

„სამაგისტრო პროგრამები იტალიაში 2024-2025“ პროგრამის დაფინანსება უზრუნველყოფილია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ამ მემორანდუმის ფარგლებში სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შორის გაფორმებული მემორანდუმების შესაბამისად.

 

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.

 

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:

- სწავლის საფასურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწესებულებაში დადგენილია საქართველოს ხაზინაში მოქმედი საერთაშორისო გადარიცხვის წესისგან განსხვავებული წესი;

- სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

 

პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.

 

 

დამატებითი ინფორმაცია
  •  
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
  •  
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:

 

მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II

ტელეფონი: 032 2 97 01 97

ელ. ფოსტა: info-iec@iec.gov.ge

ვებგვერდი: iec.gov.ge

 

 

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი 

ბრძანება

ბრძანების დანართი

ხშირად დასმული კითხვები

 

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345