საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2024-2025 

სახელმწიფო საგრანტო პროგრამის აღწერა

 

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2024-2025 (შემდგომში - პროგრამა) წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სახელმწიფო საგრანტო პროგრამას.

 

პროგრამის ფარგლებში საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებულისაქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.

 

ამ პროგრამის მეშვეობით საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს.

 

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის. კონკურსის საფუძველზე გაიცემა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

 

საკონკურსო კომისიის მიერ მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის მიერ მოპოვებული ინსტიტუციური თანადაფინანსების შესახებ.

 

პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური ან/და ინტეგრირებული პროგრამების დაფინანსებას.

 

 

მიზნები და ამოცანები

 

პროგრამის მიზანია საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საჯარო სამსახურში (საბიუჯეტო) დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.

პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება.

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში.

 

 

პროგრამის შედეგი

 

პროგრამის შედეგს წარმოადგენს დაფინანსებული პირის მიერ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ასევე, შერჩეული პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში კურსდამთავრებულის საქართველოში დაბრუნება და მინიმუმ 12 თვე მუშაობის გაგრძელება იმ საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.    

 

 

საკონკურსო ვადა

 

განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 03 აპრილიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

 

კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2024 წლის 15 ივლისამდე.

 

 

 

პროგრამის განხორციელება

 

პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო/სააპლიკაციო პროცესი:

➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება ოფიციალური ვებგვერდის iec.gov.ge მეშვეობით;

➢ ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირება და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

➢ საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში - განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის შევსება, დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება, რედაქტირება შესაძლებელია განაცხადის გადმოგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში. 

განაცხადი წარმოდგენილად ითვლება კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადის დაცვით ელექტრონულ სისტემაში გადმოგზავნის შემდგომ. გადმოგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - ,,არსებობის შემთხვევაში’’.

განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support ;

➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას ცენტრმა პროგრამის ფარგლებში და საკონკურსო პროცესის წარმოების მიზნით დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გაასაჯაროოს პერსონალური ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

➢ საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით გამარჯვებულების გამოვლენა;

➢ კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით;

➢ ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართს;

➢ გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა.

 

 

განაცხადის შევსების პროცედურა

 

განაცხადის შევსება გულისხმობს ორ ეტაპიან პროცედურას:

 

განაცხადის შევსების I ეტაპი - ძირითად საკონკურსო (03/04/2024 - 30/04/2024) ვადაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი, გარდა შემდეგი დოკუმენტისა:

- კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში, თანადაფინანსების შესახებ დოკუმენტი).

- კურსის საფასურის შესახებ დოკუმენტი (თუ კონკურსანტი ითხოვს აღნიშნულის ანაზღაურებას).


განაცხადის შევსების II ეტაპი - განაცხადის შევსების I ეტაპზე სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართზე ეგზავნებათ შეტყობინება ჩარიცხვის ოფიციალური წერილის, სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტის (და საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტის) წარმოდგენის ვადის თაობაზე. აღნიშნული ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2024 წლის 31 მაისისა.

ჩარიცხვის ოფიციალური წერილის და სწავლის საფასურის დაფინანსების ოფიციალური წერილის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა მიერ, რომელთა მიერ ელ განაცხადში მითითებულ ორგანიზაციაში, ოფიციალური საქმისწარმოების შესაბამისად, 31 მაისის შემდეგ გაიცემა ზემოთ მითითებული დოკუმენტები და ორგანიზაციის მიერ გაცემული ოფიციალური წერილით ადასტურებს აღნიშნულს.

აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან არასათანადო ფორმით/შინაარსით წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი ვეღარ გააგრძელებს კონკურსის შემდგომ ეტაპებზე მონაწილეობას.

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსების პირველ ეტაპზე უნდა მიეთითოს ის დაწესებულება და პროგრამა, სადაც კონკურსანტი აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურას. შესაძლებელია მაქსიმუმ 3 ორგანიზაციის/პროგრამის მითითება. განიხილება მხოლოდ განაცხადში მითითებულ დაწესებულებაში და პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი.

 

 

 

საკონკურსო კომისია, საკონკურსო შეფასების პროცესი

 

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას, ასევე კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა/შეფასების ფორმებს ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადის, სამოტივაციო წერილის და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე. 

 
კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:


პირველი ეტაპი - განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. ცენტრი უფლებამოსილია დაადგინოს ხარვეზი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შეფასების ეტაპზე და განუსაზღვროს კონკურსანტს ხარვეზის შესწორების ვადები და პირობები. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის სახელმწიფო საგრანტო პროგრამების მართვის სამსახური.

 

მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების (სამოტივაციო წერილის) შინაარსობრივი შეფასება. აღნიშნულ ეტაპზე, შესაბამისი ქულის (მაქსიმუმ 50 ქულა) დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე.

 

მესამე ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება, განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასება. აღნიშნულ ეტაპზე შესაბამისი ქულის (მაქსიმუმ 50 ქულა) დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი დასახელდება გამარჯვებულად. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელ საკომუნიკაციო საშუალებით).

 

კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. შესაბამისად, მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლენას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.

 

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

2. CV;

3. სამოტივაციო წერილი (კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან);

4. ერთი რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელფოსტაზე);

5. ცნობა სამსახურის შესახებ. დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის თანამდებობა და ინფორმაცია ფუნქცია-მოვალეობების შესახებ (ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ცაკლე დოკუმენტით);

6. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (შესაბამის ვადაში);

7. დოკუმენტი პროგრამის საფასურის შესახებ (შესაბამის ვადაში) (თუ კონკურსანტი ითხოვს აღნიშნულის ანაზღაურებას), საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა.

 

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია და ატვირთული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად ქართულ ენაზე.

ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.

 

 

 

მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

 

ცენტრი იღებს ვალდებულებას საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

 

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

- პროგრამის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- დაბრუნდეს საქართველოში პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და მინიმუმ 12 თვე მუშაობა გააგრძელოს იმ საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.

 

დაფინანსებულ პირს არ შეუძლია ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მოითხოვოს დაფინანსება ამ პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც დაფინანსებული იყო ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, მიენიჭა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, სწავლის დასრულების შემდგომ შესაბამის ვადაში დაბრუნდა საქართველოში და დასაქმებულია შესაბამისი კვალიფიკაციით (სფეროში).

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

დაფინანსების სახეები. პროგრამის ბიუჯეტი. ანგარიშსწორების წესი.

 

დაფინანსება გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურისა ან/და პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ.

 

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:

- კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურს უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებაში;

- პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

 

პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია

 

  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
  •  
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II

ტელეფონი: 032 2 97 01 97

ელ ფოსტა: info-iec@iec.gov.ge

ვებგვერდი: iec.gov.ge

 

 

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი;

ბრძანება;

ბრძანების დანართი;

ხშირად დასმული კითხვები

 

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345