„Stipendium Hungaricum"-ის მფლობელი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა სახელმწიფო დაფინანსება

დაფინანსების მიზნები და პირობა

 

დაფინანსების მიზანია სასტიპენდიო პროგრამის - „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum” კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული სტიპენდიის მფლობელი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან.

დაფინანსება მიენიჭება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებიც მომართავენ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს (შემდგომში „ცენტრი“) განცხადებით და წარმოადგენენ უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედ 5 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით საშუალო ჯამურ შეფასებას მინიმუმ 4 (კარგი) ქულა, რომელიც საერთაშორისო შეფასების სისტემით განიმარტება როგორც „B“.

დაფინანსების ათვისება არის ნებაყოფლობითი.

 

 

დაფინანსების მიზნობრივი ჯგუფი

 

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum” კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული სტიპენდიის მფლობელი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, რომლებსაც დასრულებული აქვთ პირველი აკადემიური წლის პირველი სემესტრი.

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე (info-iec@iec.gov.ge)

 

➢ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

➢ განცხადება ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის სახელზე.

➢ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

➢ შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით;

კონკურსანტმა უცხოენოვანი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

 

 

მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

ა) ხელშეკრულების გაფორმება

- ამ დანართით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გრანტის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი, დაფინანსების გაგრძელების წესი და ა.შ.

 

ბ) მხარეთა ვალდებულებები

ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ წესით დადგენილი ანგარიშსწორების გზით.

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

⎯ სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად ქართულ ენაზე.

⎯ დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნდეს და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლით სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის“ შესაბამისად).

 

გ) ვალდებულების გადავადება

დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დაფინანსებული პირის ვალდებულებების შესრულების ვადის

გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლებას.

საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს, იგივე აკადემიური მიმართულებით, შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ შემდგომ აკადემიურ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულებამდე ან სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური წერილი და დოკუმენტი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული მიზნით, ასევე უფლება აქვს ცენტრის პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით კვლავ მოიპოვოს დაფინანსება შემდგომ აკადემიურ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მიზნით. აღნიშნული განიხილება ვალდებულებების შესრულების გადავადებად და ვალდებულებების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამის დასრულებისთანავე.

დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში უფლება არ აქვს მოითხოვოს დაფინანსება ორჯერ ერთისა და იმავე საფეხურის აკადემიურ პროგრამაზე სწავლის მიზნით.

დაფინანსებული პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს დაფინანსების სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა

 

პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის პერიოდში, კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური სემესტრის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი 5 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით განისაზღვრება მინიმუმ 4 (კარგი) ქულით და საერთაშორისო შეფასებს სისტემით განიმარტება როგორც „B“.

დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

 

დაფინანსების სახე და ბიუჯეტი

 

- დაფინანსების ოდენობა განისაზღვროს სემესტრულად 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ევროს ოდენობით, პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის პერიოდში. უნგრეთში სწავლის პერიოდში ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად.

 

- ამ ბრძანებით განსაზღვრული დაფინანსების გაცემა უზრუნველყოფილი იქნება სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.

 

დაფინანსების მოთხოვნის შესახებ განაცხადები მიიღება 2024 წლის 15  ივლისიდან - 15 სექტემბრის  ჩათვლით.

საკონკურსო კომისიის მიერ განაცხადების ეტაპობრივად განხილვის ვადებია:

  • 2024 წლის 20 აგვისტომდე განიხილება, 15 აგვისტოს ჩათვლით შემოსული განაცხადები.
  • 2024 წლის 20 სექტემბრამდე განიხილება, 15 სექტემბრის ჩათვლით შემოსული განაცხადები.

 

 

 

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345