სასტიპენდიო პროგრამა ჩეხეთში 2025-2026

 

სასტიპენდიო პროგრამა ჩეხეთში 2025 -2026

 

1. პროგრამის აღწერა

 

„სასტიპენდიო პროგრამა ჩეხეთში 2025-2026“ (შემდგომში - „პროგრამა“) წარმოადგენს საერთაშორისო გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის შეთანხმება და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა „2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიები საქართველოდან წარდგენილი აპლიკანტებისთვის”.

ორმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის[1], ლექტორებისა და მკვლევარებისთვის, და ითვალისწინებს მოკლე ან საშუალოვადიან სასწავლო/კვლევით/აკადემიურ ვიზიტებს ჩეხეთის რესპუბლიკის საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადები მიიღება ნებისმიერი სასწავლო და კვლევითი მიმართულებით, თუმცა ზოგიერთი სფეროს აპლიკანტთა მიღება შეიძლება გარკვეულწილად შეზღუდული იყოს. სტიპენდიაზე დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას ავტონომიურად იღებენ ჩეხეთის შესაბამისი უნივერსიტეტები/ფაკულტეტები.

სტიპენდია არ გულისხმობს სრულ კურსს, ხარისხის მინიჭებას. შესაბამისად, აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ მისაღები გამოცდების ჩაბარება. თუმცა, სტიპენდიით ჩეხეთში სწავლის დროს მოპოვებული კრედიტები შეიძლება აღიარებულ იქნას საქართველოში შესაბამის სასწავლო პროგრამაზე (აპლიკანტებმა აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მიმართონ თავიანთ სასწავლო დაწესებულებებს საქართველოში).

ჩარიცხვის წესებსა და პირობებს, ისევე, როგორც სწავლების ენასთან[2]დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს მასპინძელი უნივერსიტეტი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას აპლიკანტის მიღების თაობაზე ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.  პოტენციური აპლიკანტები  სასურველია უშუალოდ დაუკავშირდნენ შერჩეულ უნივერსიტეტს და ფაკულტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტისგან ან შესაბამისი სამსახურისგან გამოითხოვონ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მოწვევის წერილი/მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი არ არის სავალდებულოდ წარმოსადგენი სააპლიკაციო ფორმის შევსებისას, თუმცა რეკომენდებულია მისი წარმოდგენა, რადგან ამან შეიძლება გაამარტივოს და დააჩქაროს სტიპენდიის მიღების პროცედურა. მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტმა შეატყობინოს შერჩეულ უნივერსიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს (MEYS) მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გამოცხადებული სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთების შესახებ.

 

2025-2026 აკადემიური წლისთვის ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს: 

  1. მოკლე და საშუალოვადიანი სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის ყველა მიმართულებით (სასწავლო ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 თვიდან მაქსიმუმ 9 თვემდე ვადით თითოეული აპლიკანტისთვის. სასწავლო ვიზიტების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 27 თვეს). 
  2. კვლევით სტიპენდიებს უნივერსიტეტის ლექტორებისა და მკვლევარებისთვის (თითოეული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 1 თვეს, ხოლო მათი ჯამური ხანგრძლივობა - 2 თვეს. 

სტიპენდიით სარგებლობის პერიოდია 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის ივნისი-ივლისამდე. ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში შემოდგომის სემესტრი ჩვეულებრივ გრძელდება სექტემბრიდან იანვრამდე, ხოლო გაზაფხულის სემესტრი თებერვლიდან ივნისამდე.

 

 

2. დაფინანსების პირობები

 

- სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები შესაბამის საფეხურზე სწავლის პერიოდში მიიღებენ სტიპენდიას ყოველთვიურად 12,000 კრონის ოდენობით, ხოლო სადოქტორო პროგრამის სტუდენტისთვის გამოყოფილი სტიპენდია შეადგენს თვეში 13,000 კრონს. სტიპენდიის მინიჭების შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით. სტიპენდია განკუთვნილია საყოფაცხოვრებო ხარჯების, მათ შორის საცხოვრებლის საფასურის, დასაფარად. 

- ყველა დარგის მკვლევარი და ლექტორი, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან კვლევითი ვიზიტებისთვის, მიიღებენ 933 კრონს დღეში კვებისა და პირადი ხარჯისათვის. ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ან/და ანაზღაურებული იქნება სტუდენტური რეზიდენცია/სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი.

 

სტიპენდია განკუთვნილია მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯების დასაფარად და არ მოიაზრებს შესაძლო თანმხლები ოჯახის წევრებისთვის რაიმე დამატებით ფინანსურ დახმარებას (ოჯახის წევრის თანხლება ნებადართული უნდა იყოს მიმღები მხარის, ანუ ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ). 

სტიპენდიის მოპოვება არ წარმოადგენს აპლიკანტის იურიდიულ უფლებამოსილებას, ასევე, დაუშვებელია მიღებული სტიპენდის გადაცემა სხვა პირისთვის. 

სტიპენდიის მიღება ხდება პირადად ჩეხეთის მიმღები უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტში (ჩვეულებრივ სასწავლო განყოფილებაში) (თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული). ნებისმიერი სხვა გადასახადი, როგორიცაა სტუდენტური კავშირის საფასური, ბიბლიოთეკის წევრობის საფასური და ა.შ. ეკისრება სტიპენდიის მფლობელს. 

განთავსება (ვრცელდება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებზე): მოთხოვნის შემთხვევაში, მასპინძელი დაწესებულება უზრუნველყოფს სტიპენდიის მფლობელის განთავსებას საერთო საცხოვრებელში ან უნივერსიტეტის პანსიონში.  განაცხადი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში დაბინავების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს ჩეხეთის ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში. დაინტერესებულ აპლიკანტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დახმარებას გაუწევენ ჩეხეთის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლები. გარდა ამისა, უცხოელ სტუდენტებსა და მკვლევარებს თავად შეუძლიათ იქირაონ  საცხოვრებელი. განთავსების ხარჯების დაფარვა ხდება სტიპენდიანტის მიერ, გარდა კვლევითი სტიპენდიის მფლობელებისა (ლექტორები და მკვლევარები).

ჩეხეთის რესპუბლიკაში გამგზავრების (ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილების) და უკან დაბრუნების ხარჯები უნდა დაფაროს სტიპენდიანტმა.

 

 

3. სასწავლო და კვლევითი ვიზიტები – განაცხადის წარმოდგენა და საჭირო დოკუმენტაცია

 

3.1 განაცხადის წარმოდგენა

2025-2026 აკადემიური წლისთვის ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს უნდა წარმოუდგინოს პროგრამის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაცია (შედგენილი ინგლისურ ენაზე ან ოფიციალურად თარგმნილი დედანთან ერთად) ელ. ფოსტაზე - info-iec@iec.gov.ge.

 

3.2 სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

3.2.1. საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის: 

  1. რეზიუმე/CV;
  2. სამოტივაციო წერილი;
  3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი და დიპლომის დანართი, ხოლო აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ აქტიური სტატუსის შესახებ ცნობა და ნიშნების ფურცელი (დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, თარგმანი - დამოწმებული სანოტარო წესით).  
  4. ერთი სარეკომენდაციო წერილი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გაცემული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში).
  5. ჩეხური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (ან სხვა ენის, რომელიც მისაღებია მასპინძელი დაწესებულებისთვის, სასურველია ინგლისური);

შენიშვნა 1. ჩეხური ენის ცოდნა CEFR-ის B2 დონეზე არის დაშვების წინაპირობა მრავალ აკადემიურ მიმართულებაზე, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ჩეხური ენის ცოდნა CEFR-ის C1 (C2) დონეზე შესაძლოა მოთხოვნილი იყოს ზოგიერთი სახელოვნებო აკადემიის პროგრამისთვის; დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ შერჩეულ უნივერსიტეტს/აკადემიას.

შენიშვნა 2. მიიღება TOEFL, IELTS, CPE ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სხვა ფართოდ აღიარებული სერტიფიკატები. თუ კანდიდატი არ ფლობს არცერთ სერტიფიკატს, მაშინ ასევე მისაღები იქნება ხელმოწერილი წერილი საქართველოს უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორისგან, რომლითაც დადასტურდება აპლიკანტის მიერ ენის ფლობის დონე.

  1. პასპორტის ასლი;
  2. ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მიღების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი/მოწვევის წერილი (მისი წარმოდგენა არასავალდებულო, თუმცა რეკომენდებულია).

 

3.2.2. სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის სასწავლებლად ან კვლევითი საქმიანობისთვის: 

  1. რეზიუმე/CV და სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი;
  2. სამოტივაციო წერილი და კვლევის გეგმა ჩეხეთის რესპუბლიკაში კვლევითი სამუშაოსთვის (მაქს. 3 გვერდი);
  3. მაგისტრის დიპლომის (მათ შორის ნიშნების ფურცელი) ან დოქტორის დიპლომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  4. ერთი სარეკომენდაციო წერილი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გაცემული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში).
  5. ჩეხეთის რესპუბლიკის მასპინძელი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან მიღების შესახებ ოფიციალური ცნობა/მოწვევის წერილი;

შენიშვნა 3. კვლევითი სტიპენდიის აპლიკანტებისთვის - ეს წერილი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კვლევისთვის შერჩეული სფეროს შესახებ.

  1. პასპორტის ასლი.

 

3.3 სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, მიღებული სრულყოფილი განაცხადების საფუძველზე წარუდგენს ჩეხეთის მხარეს კანდიდატთა სიას, რის შემდგომაც, კონკურსანტებმა უნდა გააკეთონ განაცხადი სასტიპენდიო პროგრამაზე ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში არაუგვიანეს 31 მარტისა. 

  • - ჩეხეთის მხარის ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით:
    • სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც განაცხადი წარადგინეს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში და ცენტრისგან მიიღეს ინფორმაცია მომდევნო ეტაპზე გადასვლის შესახებ (https://studujnavs.gov.cz/cr?StatKonani=CZ&StatPodani=GE&VyzvaOtevrena=false).
  • - განაცხადი უნდა შეივსოს ჩეხურ ან ინგლისურ ენაზე.
  • - განაცხადს თან უნდა ახლდეს ცენტრის ელ.ფოსტაზე წარმოდგენილი დოკუმენტები (შევსებული ინგლისურ ან ჩეხურ ენაზე ან თარგმნილი რომელიმე ამ ენაზე). ყველა დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ონლაინ სააპლიკაციო სისტემაში pdf ფორმატით.

 

 

4. საკონკურსო ვადები

  •  
  • - ელ. ფოსტაზე (info-iec@iec.gov.ge) განაცხადების მიღება - 2025 წლის 20 თებერვლიდან 2025 წლის 12 მარტის 15:00 საათამდე.
  • - განაცხადების ტექნიკური შემოწმება - 2025 წლის 13 მარტი
  • - ხარვეზის გასწორება - 2025 წლის 14 მარტიდან 2025 წლის 18 მარტის 14:00 საათამდე
  • - ჯგუფური გასაუბრება კონკურსანტებთან - 2025 წლის 20 მარტი
  • - კონკურსანტთა ნომინირება - 2025 წლის 21 მარტი
    • ნომინირებული კონკურსანტი ვალდებულია დარეგისტრირდეს ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ელ. სისტემაში (https://studujnavs.gov.cz/cr ) არაუგვიანეს 31 მარტისა. 

 

განაცხადების მიღების პერიოდში ჯგუფური კონსულტაციები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში ჩატარდება 2025 წლის 26 თებერვალს, 5 და 10 მარტს 14:00 სთ-ზე

მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II. 

 

    • კანდიდატებს სტიპენდიის მოპოვების შესახებ ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან ეცნობებათ ელექტრონული სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით:
  • - სასწავლო სტიპენდიის მინიჭების შესახებ კანდიდატი შეტყობინებას მიიღებს 2025 წლის 31 ივლისამდე.
  • - კვლევითი ვიზიტისათვის სტიპენდიის მინიჭების შესახებ კანდიდატი შეტყობინებას მიიღებს დაგეგმილ კვლევით ვიზიტამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე.

 

 

5. დამატებითი ინფორმაცია

  • - უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლისა და კვლევის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩეხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებსა და პროგრამების საძიებო ინტერაქტიულ ვებგვერდზე  https://portal.studyin.cz. ჩეხეთის რესპუბლიკის საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე http://www.msmt.cz/areas-of-work/tertiary-education/publichigher-education-institutions-websites ან https://portal.studyin.cz/find-your-institution/. 
  • - ჩეხეთის რესპუბლიკაში სასწავლო ან კვლევითი ვიზიტის განსახორციელებლად და მიღების ოფიციალური დოკუმენტის/მოწვევის წერილის მისაღებად კანდიდატი უშუალოდ უნდა დაუკავშირდეს ჩეხეთის შერჩეული საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო ურთიერთობების ან შესაბამის პასუხისმგებელ სამსახურს.

 

საკონტაქტო პირები:

ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან: მარიე ტალტინოვა Marie.Taltynova@msmt.gov.cz 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხრიდან: ნათია გაბრიჭიძე  ngabrichidze@gov.ge , 599 87 14 16, სოფიო გელაშვილი sgelashvili@gov.ge , 591 08 20 05

 

ბრძანება

ბრძანების დანართი

 

[1] აუცილებელია აპლიკანტს ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი. 

[2] უფასო სასწავლო პროგრამები ძირითადად ჩეხურ ენაზე ტარდება. აპლიკანტი შეიძლება მიღებულ იქნას არა ჩეხურ ენოვან (მაგ. ინგლისურ ენაზე) სასწავლო პროგრამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელი უნივერსიტეტი გაუუქმებს მას სწავლის გადასახადს და გადაწყვეტილებას ამის შესახებ მიუთითებს მიღების დასტურში.   

 

 

«მარტი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456