სახელმწიფო საგრანტო პროგრამის აღწერა
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „საზღვარგარეთ სადოქტორო საფეხურზე განათლების მიღების ხელშეწყობა 2025-2026“ (შემდგომში - პროგრამა) ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, რომელთაც მოპოვებული აქვთ საზღვარგარეთ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის საფასურის/კვლევის დაფინანსება ან არ აქვთ აღნიშნული საფასურის გადახდის ვალდებულება, შეუძლიათ მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი დოქტორანტურის აკადემიურ პროგრამაზე სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად.
პროგრამის მიზანი: უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საზღვარგარეთ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება და მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში.
პროგრამის ამოცანები: ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და საქართველოში მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისთვის კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.
პროგრამის შედეგი: გრანტის მფლობელის მიერ სწავლის დასრულების შემდგომ დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აგრეთვე, საქართველოში დაბრუნება სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნება და დასაქმება საქართველოში, შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლით, სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში.
ცენტრის შეთავაზებით საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კურსდამთავრებულთა თანამშრომლობა.
გრანტის გაცემის წესი: გრანტი გაიცემა კონკურსის წესით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. გრანტი გაიცემა სრულად ან ნაწილობრივ;ერთი აკადემიური წლისთვის, დაფინანსების გაგრძელების წინაპირობით, სადოქტორო პროგრამის 3(+1) წლის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.
საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს ადგილზე სრული დასწრების ფორმატის სადოქტორო პროგრამების დაფინანსებას.
განაცხადის წარმოდგენის პროცედურა
განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში https://app.iec.gov.ge . ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე საკონკურსო ვადის ფარგლებში.
საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილ ვადაში წესების დაცვით.
განაცხადის შევსების პროცესში, ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
კონკურსანტის ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება საკონკურსო განაცხადის შესაბამისი გვერდის („შედეგები“) მეშვეობით.
ცენტრი, კონკურსანტთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას, ცენტრმა პროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გაასაჯაროოს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ვადები
ადმინისტრირება
➢ განაცხადის წარმოდგენა - 2025 წლის 25 თებერვლიდან - 15 აპრილის 15:00 საათამდე;
➢ საკონსულტაციო შეხვედრები - ყოველ ოთხშაბათს, 14:00 სთ-ზე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფისში.
რეგიონებში მცხოვრები კონკურსანტებისთვის ჩატარდება ერთი Online საინფორმაციო შეხვედრა (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით).
➢ განაცხადების ტექნიკური შემოწმება - რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღე.
➢ ხარვეზის შესწორება - 5 სამუშაო დღე.
შედეგების გამოცხადების ეტაპები
➢ განაცხადების ტექნიკური შემოწმების შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 5 მაისისა.
➢ განაცხადების შინაარსობრივი შეფასების შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 20 მაისისა.
➢ გასაუბრების ეტაპის (საბოლოო) შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 30 მაისისა.
ხელშეკრულების გაფორმება - 10 ივლისის ჩათვლით.
საკონკურსი მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ პირობებს:
➢ მოპოვებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ან სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.
➢ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით.
➢ მოპოვებული აქვს საზღვარგარეთ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის საფასურის/კვლევის დაფინანსება მიმღები უნივერსიტეტიდან (ან არ აქვს აღნიშნული საფასურის გადახდის ვალდებულება) და ითხოვს სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ➢ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
- ➢ CV/რეზიუმე;
- ➢ სამოტივაციო წერილი (კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან);
- ➢ კვლევის გეგმა/კვლევის საგანი. აგრეთვე, კვლევის გეგმის/კვლევის საგნის დამტკიცების ან შესაბამის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან/პროფესორთან შეთანხმების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ➢ სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისათვის ხარჯების ანაზღაურების მიზნით მოთხოვნილი თანხის ოდენობა (მიეთითება ელ. განაცხადში).
- ➢ ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელფოსტაზე).
- ➢ საქართველოს შესაბამის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის გეგმა/პროექტი. აგრეთვე, უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის გეგმის/პროექტის შეთანხმების/დამტკიცების ან შესაბამის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან /უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთან შეთანხმების პროცესის დამადასტურებლი დოკუმენტი;
- ➢ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის და დაფინანსების შესახებ ოფიციალური წერილი (გარდა ფინანსური ან/და ადმინისტრაციული პირობისა (*შესაბამის ვადაში);
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს:
- ➢ მაგისტრის დიპლომი/დიპლომის დროებით არქონის შემთხვევაში, ცნობა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ.
- ➢ დიპლომის დანართი/ ნიშნების ფურცელი (საბოლოო საშუალო შეფასება: GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).
საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის სტუდენტმა, უნდა წარმოადგინოს:
- ➢ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ➢ ნიშნების ფურცელი. (განვლილი სემესტრის/სემესტრების საშუალო ჯამური შეფასება GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში. ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს/სემესტრში დაგეგმილი აკადემიური მიღწევის ან/და კვლევითი სამუშაოს ოფიციალური შეფასება სადოქტორო პროგრამის ან დისერტაციის ხელმძღვანელისგან.
- ➢ საკონკურსო ვადაში აღნიშნული დოკუმენტების არარსებობისას - შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში, კონკურსანტის განაცხადი შეფასებული იქნება უკვე მოპოვებული აკადემიური ხარისხის დიპლომის, დიპლომის დანართის/ნიშნების ფურცლის საფუძველზე.
-
* სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში - ნებაყოფლობით).
კონკურსანტს შესაძლებლობა აქვს დამატებით წარმოადგინოს:
- ➢ სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
- ➢ სამეცნიერო ნაშრომების და პუბლიკაციების, განხორციელებული პროექტებისა და კვლევების ინფორმაცია.
საყურადღებო ტექნიკური მოთხოვნები:
- ყველა სავალდებულო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე შედგენილი. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტაცია განიხილება სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
- ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსების პირველ ეტაპზე უნდა მიეთითოს ის დაწესებულება და პროგრამა, სადაც კონკურსანტი აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურას. შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტის/პროგრამის მითითება. განიხილება მხოლოდ განაცხადში მითითებულ დაწესებულებაში და პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი.
დოკუმენტების წარმოდგენის I ეტაპი - ძირითად საკონკურსო (25/02/2025 - 15/04/2025, 15:00 სთ-მდე) ვადაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი გარდა საზღვარგარეთ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის, სწავლის საფასურის/კვლევის დაფინანსების ან აღნიშნული საფასურის გადახდის ვალდებულების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტისა.
დოკუმენტების წარმოდგენის II ეტაპი - საზღვარგარეთ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის და სწავლის საფასურის/კვლევის დაფინანსების შესახებ წერილის წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2025 წლის 10 ივლისისა.
განაცხადების ტექნიკური შემოწმება და ხარვეზის დადგენა
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საკონკურსო განაცხადების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კონკურსანტის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ შემოწმებას. საკონკურსო კომისიას განსახილველად გადაეცემა მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი.
შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, დოკუმენტების ტექნიკური შემოწმების ეტაპზე კონკურსანტს ენიჭება ბონუს ქულა (მაქსიმუმ - 5 ქულა) სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებული, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ან/და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დადასტურების შემთხვევაში, (თითო სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის პირველ ეტაპზე მიღებულ შედეგთან ერთად.
ხარვეზი შეიძლება დადგინდეს საკონკურსო ვადაში არასათანადო ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიმართ.
ხარვეზის შესწორება შესაძლებელია ცენტრის მიერ დადგენილი ფორმითა და ვადაში. ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან/და ნაწილობრივ აღმოფხვრის შემთხვევაში კონკურსანტი ვერ გააგრძელებს კონკურსის შემდეგ ეტაპებზე მონაწილეობას. დოკუმენტაციის ტექნიკური შემოწმების შემდგომ, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.
საკონკურსო შეფასების პროცესი
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას, გამარჯვებულის გამოვლენასა და გრანტის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიღებას.
საკონკურსო კომისია აფასებს განაცხადებს ორ ეტაპად:
I ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება.
II ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება.
* შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ქვემოთ.
კომისიის წევრების მიერ ელექტრონული განაცხადი ფასდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შეფასების პირველი და მეორე ეტაპის შედეგები არ ჯამდება. კონკურსის პირველ ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მეორე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.
გამარჯვებულად გამოვლენილი კონკურსანტი გრანტის მფლობელი ხდება გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.
სახელშეკრულებო ურთიერთობები
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და გამარჯვებულ კონკურსანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. გრანტის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.
გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება საზღვარგარეთ, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის, სწავლის საფასურის/კვლევის დაფინანსების ან აღნიშნული საფასურის გადახდის ვალდებულების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
საზღვარგარეთ, სადოქტორო პროგრამის სტუდენტთან, რომელიც ითხოვს 2025-2026 სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის/სემესტრის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა, გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში ან ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს/სემესტრში დაგეგმილი აკადემიური მიღწევის ან/და კვლევითი სამუშაოს ოფიციალური შეფასება სადოქტორო პროგრამის ან დისერტაციის ხელმძღვანელისგან.
(!) ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ზემო აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუთავსებელია პროგრამასთან.
(!)(!) გრანტის მფლობელს ამავე ან ცენტრის სხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მიზნით.
(!)(!)(!) პროგრამის პარალელურად, სხვა ევროპული (Erasmus +, Erasmus Mundus და ა.შ) თუ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებით სარგებლობა.
მხარეთა ვალდებულებები
სსიპ განათლების საერთაშორისო იღებს ვალდებულებას:
- კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს გრანტის მფლობელის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.
გრანტის მფლობელი იღებს ვალდებულებას:
- სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
- დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნდეს და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლით სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. (კერძოდ, 5 წლის განმავლობაში, საქართველოში დაყოვნდეს და დააგროვოს მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება).
- ცენტრის შეთავაზების შემთხვევაში, ითანამშრომლოს საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
- დაასრულოს სწავლა სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური ხანგრძლივობის პერიოდში (დამატებითი სემესტრის/სემესტრების საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია).
- ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში წარმოადგინოს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა
საკონკურსო კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის (3 (+1) წლის ხანგრძლივობის ფარგლებში) გრანტის მინიჭებისთვის განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში, ან ქულობრივი შეფასების სისტემის არარსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური მიღწევის ან/და კვლევითი სამუშაოს ოფიციალური შეფასება სადოქტორო პროგრამის ან დისერტაციის ხელმძღვანელისგან.
დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.
ქვეყანაში დაბრუნების, დაყოვნებისა და დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადება
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანტის მფლობელმა, შესაძლოა ისარგებლოს ვალდებულების გადავადების უფლებით, საზღვარგარეთ არაუმეტეს ერთი წლის ვადით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით.
აღნიშნულის მიზნით, გრანტის მფლობელმა, სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, ოფიციალური დოკუმენტი დასაქმების შესახებ და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, გრანტის მფლობელი კარგავს აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.
პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობაზე
გრანტის მიმღების მიერ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
დაფინანსების სახე, ანგარიშსწორების წესი
დაფინანსება გულისხმობს სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულ ან ნაწილობრივ ანაზღაურებას. კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილი თანხა ირიცხება გრანტის მფლობელის პირად საბანკო ანგარიშზე.
პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.