“ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა” წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში „ცენტრი“) და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საპარტნიორო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2023 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული „განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, ასევე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და განათლების საერთაშორისო ინსტიტუტს (IIE) შორის 2023 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული გრანტის ადმინისტრირების შესახებ ხელშეკრულება. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია 2016 წლიდან.
პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება სწავლა აშშ-ის უნივერსიტეტებში ყველა აკადემიური მიმართულებით. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს აშშ-ის საელჩო საქართველოში, ხოლო ცენტრის ჩართულობით ხორციელდება საკონკურსო ეტაპზე კანდიდატთა შერჩევა. კანდიდატთა შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით.
აშშ-ის უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამის ღირებულების გათვალისწინებით ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებას, რომლის ადმინისტრირებას, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (IIE) და ახდენს დაფინანსებული სტუდენტების გრანტით უზრუნველყოფას.
ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში კანდიდატების განაცხადებს აშშ-ის უნივერსიტეტებში განსახილველად აგზავნის განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (IIE). კანდიდატებს არ აქვთ უფლება დამოუკიდებლად მიმართონ ამერიკულ უნივერსიტეტებს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ პირობებს:
- - ფლობს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს;
- - ფლობს ინგლისური ენის შესაბამის დონეს, რომლითაც მას საშუალება მიეცემა ისწავლოს აშშ-ში, სამაგისტრო პროგრამაზე;
- - განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს აშშ-ს J-1 ვიზის მოთხოვნები, რომელიც ასევე მოიცავს, რომ სტიპენდიანტი სწავლის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინიმუმ 2 წლით;
- - აშშ-ში სწავლის დაწყებამდე, განმცხადებელმა დამაკმაყოფილებლად უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება;
-
- პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლიათ:
- - სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე;
- - მწვანე ბარათის, აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს ან სხვა პირებს, რომლებსაც სურთ აშშ-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება სხვა გზით.
-
სავალდებულო მოთხოვნები
სავალდებულო დოკუმენტაცია:
- სამი სარეკომენდაციო წერილი — ლექტორის, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლის ან სამუშაო ადგილიდან (ხელმძღვანელი პირისგან). (მონაწილეებმა რეკომენდატორები უნდა დაარეგისტრირონ ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში).
- დიპლომის ასლი საშუალო სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და შესაბამისი თარგმანი ინგლისურ ენაზე;
- ნიშნების ფურცლის ასლი საშუალო სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და შესაბამისი თარგმანი ინგლისურ ენაზე;
- CV/რეზიუმე - PDF ფორმატში, არ უნდა აღემატებოდეს 4 გვერდს.
დამატებითი მოთხოვნები
- - განმცხადებლებმა გარკვეული აკადემიური მიმართულებებისთვის უნდა წარადგინონ კვლევა, დაბეჭდილი სტატია ან სხვა ნაშრომი.
-
- - განმცხადებლებმა სახვით და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროებში უნდა წარმოადგინონ სადემონსტრაციო ნაშრომი - მხატვრული ნამუშევრების პორტფოლიო, ვიდეო კლიპი, ფილმი, მუსიკალური ნაწარმოების აუდიო ჩანაწერი და ა.შ.;
-
- - განმცხადებლებს, რომლებიც წარადგენენ განაცხადს საშემსრულებლო ხელოვნებაში, შეიძლება ჩაუტარდეთ მოსმენა.
-
- - Transcript release form - ეხება ნიშნების ფურცელს რომელიც გაცემულია აშშ - ს უმაღლესი სასწავლებლის მიერ (თუ კანდიდატი აშშ-ს უნივერსიტეტში სწავლობდა).
შერჩევის პროცესი
I ეტაპი - აგვისტო: აშშ საელჩოს მიერ საკვალიფიკაციო და ფორმალური მოთხოვნების შემოწმება - მოცემულ ეტაპზე ფასდება, რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი განაცხადი საკვალიფიკაციო და ფორმალურ მოთხოვნებს. განაცხადი, რომელიც არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო და/ან ფორმალურ მოთხოვნებს, არ გადადის შერჩევის მეორე ეტაპზე;
II ეტაპი - სექტემბერი: განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება. მოცემულ ეტაპზე განაცხადი ფასდება შინაარსობრივად საკონკურსო კომისიის მიერ და ვლინდება გასაუბრების ეტაპზე გადასული განაცხადები
III ეტაპი - სექტემბერი/ოქტომბერი: მეორე ეტაპზე წარმატებული კანდიდატების გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან და ნახევარფინალისტების გამოვლენა. გასაუბრება ტარდება აშშ-ის საელჩოში.
საკონკურსო პროცესის თითოეული ეტაპის ადმინისტრირებას ახორციელებს აშშ-ის საელჩო საქართველოში, ხოლო საკონკურსო კომისია შედგება აშშ საელჩოს, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის, ფულბრაიტის ყოფილი სტიპენდიანტის, საქართველოს ბანკისა და Georgia Capital-ს წარმომადგენლებისგან.
2025 წლის ოქტომბერში ნახევარფინალისტებს მოეთხოვებათ ჩააბარონ შემდეგი ტესტები:
TOEFL:
- - მინიმალური ქულა: 80 IBT (ან 550 PBT)
- - რეკომენდებული ქულა: 100 IBT (ან 600 PBT)
- - სავალდებულოა ყველა სპეციალობისთვის
- - სამართლის მიმართულებით: მინიმალური ქულა — 100 IBT
GRE:
- - სავალდებულოა ყველა მიმართულებისთვის, გარდა სამართლისა
GMAT:
- - მხოლოდ MBA პროგრამისთვის
განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 1 აგვისტომდე.
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ელექტრონული განაცხადი და ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/fulbright-graduate-student-program
IIE-ს რეკომენდაციის საფუძველზე კანდიდატების უნივერსიტეტებში განაწილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო (ECA). საბოლოო შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ 2026 წლის გაზაფხულზე.