მიზნობრივი ქვეპროგრამის აღწერა
„საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025“ არის სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა 2025-2026“ მიზნობრივი ქვეპროგრამა (შემდგომში, ქვეპროგრამა), რომლის ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებს, პროფესიული განვითარების მიზნით, შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO)-ს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე .
ქვეპროგრამის საფუძვლებია 2023 წელის 31 ოქტომბერს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციასთან (EPLO) გაფორმებული მემორანდუმი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ და 2020 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის გაფორმებული შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის დაარსების თაობაზე.
➢ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის სახელწოდება:„ევროკავშირის სწავლების ფუნდამენტური საკითხები“.
➢ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის განმახორციელებელი: ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO), ევროპული სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტი (ELGS).
➢ პროგრამის განხორციელების ვადა 7-18 ივლისი, 2025 ( გამგზავრების პერიოდის ჩათვლით 6-19 ივლისი, 2025).
➢ ლოკაცია: საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. ათენი და ქ. ლეგრანა.
მიზნები და ამოცანები
ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადების მიზნით საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირებისთვის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე ხელმისაწვდომობის ამაღლება და მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში, შესაბამის მუნიციპალიტეტებში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ პირებს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით მიეცეთ საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობა.
ქვეპროგრამის შედეგი
გრანტის მფლობელის მიერ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. კურსის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში კურსდამთავრებულის საქართველოში დაბრუნება და მინიმუმ 12 თვე მუშაობის გაგრძელება რეკომენდატორ დაწესებულებაში.
გრანტის გაცემის წესი: გრანტი გაიცემა კონკურსის წესით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.
შენიშვნა: აგრეთვე, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც დაფინანსებული იყო ცენტრის სხვა საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, მიენიჭა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნდა დადგენილ ვადაში და დასაქმებულია შესაბამისი კვალიფიკაციით საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოში.
განაცხადის წარმოდგენის პროცედურა
განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში https://app.iec.gov.ge. ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე საკონკურსო ვადის ფარგლებში.
საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილ ვადაში წესების დაცვით.
განაცხადის შევსების პროცესში, ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
კონკურსანტის ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება საკონკურსო განაცხადის შესაბამისი გვერდის („შედეგები“) მეშვეობით.
ცენტრი, კონკურსანტთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას, ცენტრმა პროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გაასაჯაროოს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ვადები
ადმინისტრირება:
- ➢განაცხადის წარმოდგენა - 2025 წლის 28 მარტიდან - 28 აპრილის 15:00 საათამდე;
- ➢საკონსულტაციო შეხვედრები - ყოველ სამშაბათს, 14:00 სთ-ზე. online შეხვედრა 1 და 15 აპრილს, შეხვედრა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფისში 8 და 22 აპრილს.
- ➢განაცხადების ტექნიკური შემოწმება - რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღე.
- ➢ხარვეზის შესწორება - 5 სამუშაო დღე.
შედეგების გამოცხადების ეტაპები:
- ➢განაცხადების ტექნიკური შემოწმების შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 2025 წლის 19 მაისისა.
- ➢განაცხადების შინაარსობრივი შეფასების შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 2025 წლის 6 ივნისისა.
- ➢გასაუბრების ეტაპის (საბოლოო) შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივნისისა მაისისა.
-
ხელშეკრულების გაფორმება - 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
საკონკურსო მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი დასაქმებული უნდა იყოს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.
წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
- CV;
- სამოტივაციო წერილი (სამოტივაციო წერილში კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსის ნებისმიერი ეტაპიდან);
- რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ ელექტრონულ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ, კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელფოსტაზე);
- ცნობა სამსახურის შესახებ კონკურსანტის თანამდებობის და ფუნქცია-მოვალეობების მითითებით რეკომენდატორი ორგანიზაციისგან.
- კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (შესაბამის ვადაში);
საყურადღებო ტექნიკური მოთხოვნა:
ყველა სავალდებულო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე შედგენილი. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტაცია განიხილება სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
დოკუმენტების წარმოდგენის I ეტაპი - ძირითად საკონკურსო (28/03/2025 - 28/04/2025, 15:00 სთ-მდე) ვადაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი გარდა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური წერილისა.
დოკუმენტების წარმოდგენის II ეტაპი - საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური წერილის წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივნისისა.
განაცხადების ტექნიკური შემოწმება და ხარვეზის დადგენა
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საკონკურსო განაცხადების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კონკურსანტის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ შემოწმებას. საკონკურსო კომისიას განსახილველად გადაეცემა მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი.
ხარვეზი შეიძლება დადგინდეს საკონკურსო ვადაში არასათანადო ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიმართ.
ხარვეზის შესწორება შესაძლებელია ცენტრის მიერ დადგენილი ფორმითა და ვადაში. ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან/და ნაწილობრივ აღმოფხვრის შემთხვევაში კონკურსანტი ვერ გააგრძელებს კონკურსის შემდეგ ეტაპებზე მონაწილეობას. დოკუმენტაციის ტექნიკური შემოწმების შემდგომ, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.
საკონკურსო შეფასების პროცესი
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას, გამარჯვებულის გამოვლენასა და გრანტის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიღებას.
საკონკურსო კომისია აფასებს განაცხადებს ორ ეტაპად:
I ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება.
II ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება.
* შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ქვემოთ.
კომისიის წევრების მიერ ელექტრონული განაცხადი ფასდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შეფასების პირველი და მეორე ეტაპის შედეგები არ ჯამდება. კონკურსის პირველ ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მეორე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.
გამარჯვებულად გამოვლენილი კონკურსანტი გრანტის მფლობელი ხდება გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.
სახელშეკრულებო ურთიერთობები
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და გამარჯვებულ კონკურსანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.
ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუთავსებელია ამ ქვეპროგრამასთან.
გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულება გაფორმდება ამ ქვეპროგრამის პირობების შესაბამისად საზღვარგარეთ, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე;
მხარეთა ვალდებულებები
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ვალდებულია:
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს გრანტის მიმღების ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.
გრანტის მიმღები ვალდებულია:
- ➢ პროგრამის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ➢ დაბრუნდეს საქართველოში პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და მინიმუმ 12 თვე მუშაობა გააგრძელოს რეკომენდატორ დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა ➢ გრანტის მოპოვების პერიოდში.
(!) გრანტის მიმღებს უფლება არ აქვს ორჯერ მოიპოვოს გრანტი ამ ქვეპროგრამით განსაზღვრული კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის გავლის მიზნით.
(!!) გრანტის მიმღებს არ აქვს უფლება ცენტრის სხვა საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობაზე:
პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
დაფინანსების სახეები. ანგარიშსწორების წესი
დაფინანსება გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურისა ან/და პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ხარჯების ანაზღაურებას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას EPLO-ს შორის 2023 წლის 31 ოქტომბრის მემორანდუმის საფუძველზე დამატებით გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას ზემოაღნიშნული შეთანხმებით თოთოეული გრანტის მფლობელისთვის განსაზღვრული ოდენობისა და მიზნობრიობის გათვალისწინებით.
ქვეპროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.
დამატებითი ინფორმაცია
იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი
ბრძანება
ბრძანების დანართი
ხშირად დასმული კითხვები