პროგრამის აღწერა
პროგრამა არეგულირებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის გასული წლების საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების გრანტის მფლობელთა (შემდგომში, გრანტის მფლობელი) მიერ, 2025-2026 აკადემიური წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების გაგრძელების მიზნით, გრანტის მოთხოვნის წესსა და პროცედურას.
პროგრამის მიზნობრივი ჯგუფია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის გასული წლების საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების გრანტის მფლობელები, რომელთაც გრანტი მიენიჭათ საზღვარგარეთ, ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მიზნით.
2025-2026 აკადემიური წლისთვის გრანტის მფლობელთათვის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება ცენტრსა და გრანტის მფლობელს შორის გაფორმებული „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინანსების გაგრძელების წინაპირობის - შესაბამისი მაღალი აკადემიური მაჩვენებლის წარმოდგენის საფუძველზე.
დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება მხოლოდ შესაბამისი აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. დამატებითი სემესტრი/აკადემიური წელი არ ფინანსდება.
განაცხადის შევსებისა და განხილვის პროცედურა
ელექტრონული განაცხადის (შემდგომში, განაცხადი) შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში https://app.iec.gov.ge. ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში.
საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილ ვადაში, წესების დაცვით.
განაცხადის შევსების პროცესში, ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
კონკურსანტის ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება საკონკურსო განაცხადის შესაბამისი გვერდის („შედეგები“) მეშვეობით.
ცენტრი, კონკურსანტთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას, ცენტრმა ქვეპროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გაასაჯაროოს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, ელ განაცხადების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს გრანტის მფლობელის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ შემოწმებას. საკონკურსო კომისიას განსახილველად გადაეცემა მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი.
ვადები
დაფინანსების გაგრძელების მოთხოვნის შესახებ განაცხადები მიიღება 2025 წლის 20 ივნისიდან 2025 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის მიერ განაცხადების ეტაპობრივად განხილვის ვადებია:
- - 2025 წლის 22 ივლისის ჩათვლით განიხილება 2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით შემოსული განაცხადები.
- - 2025 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით განიხილება 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით შემოსული განაცხადები.
- - 2025 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით განიხილება 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შემოსული განაცხადები.
- - 2025 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით განიხილება 2025 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შემოსული განაცხადები.
-
გრანტის მფლობელებს, რომლებიც უნივერსიტეტის საქმისწარმოების ვადებიდან გამომდინარე 2025 წლის 22 ოქტომბრამდე ვერ წარმოადგენენ სათანადო დოკუმენტაციას, შეეძლებათ განაცხადისა და დოკუმენტაციის წარმოდგენა აღნიშნული ვადის შემდგომ. თავის მხრივ, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია 2025 წლის 22 ოქტომბრის შემდგომ განიხილოს აღნიშნული განაცხადები.
საკონკურსო პროცესი
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას გრანტის მფლობელთათვის გრანტის მინიჭების შესახებ 2025-2026 აკადემიური წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების გაგრძელების მიზნით.
საკონკურსო კომისია განიხილავს განაცხადს და ატარებს გასაუბრებას დაფინანსების გაგრძელების მსურველ გრანტის მფლობელთან.
მომდევნო ოფიციალური აკადემიური წლისათვის დაფინანსების გაგრძელების მსურველი გრანტის მფლობელი არ შედის კონკურენციაში 2025 წელს გამოცხადებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების კონკურსების მონაწილეებთან.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
2. ცნობა სტუდენტის მიმდინარე სტატუსის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად;
3. ერთი რეკომენდაცია ცენტრის მიერ დაფინანსებული სასწავლებლიდან (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში მითითებული რეკომენდატორის მიერ ამავე სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით);
4. საზღვარგარეთ, სამაგისტრო პროგრამაზე საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პირთათვის - ცენტრის მიერ დაფინანსებული აკადემიური წლის ოფიციალური შეფასების დოკუმენტი (საშუალო ჯამური ქულის მითითებით) სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
5. საზღვარგარეთ, სადოქტორო პროგრამაზე სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პირთათვის - ცენტრის მიერ დაფინანსებული აკადემიური წლის ოფიციალური შეფასების დოკუმენტი (საშუალო ჯამური ქულის მითითებით) ან კვლევითი სამუშაოს შესრულების ოფიციალური დოკუმენტი შეფასებული პროგრამის/თემის ხელმძღვანელის მიერ, სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად;
6. სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში) სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. დოკუმენტი უნივერსიტეტის თანადაფინანსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში, თუ შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამა სავალდებულოდ არ ითვალისწინებს აღნიშნულს);
7. სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში კარიერული განვითარების ხედვა, ან/და ინფორმაცია უკვე არსებული შეთავაზებების შესახებ:
- - შედგენილი ქართულ ენაზე სახელმწიფო საგრანტო პროგრამების გრანტის მფლობელთათვის
- - შედგენილი ქართულ და ინგლისურ/ფრანგულ/იტალიურ ენაზე საპარტნიორო საგრანტო პროგრამების გრანტის მფლობელთათვის.
ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.
იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი
ბრძანება