აკადემიური პროგრამები იტალიაში 2025-2026

პროგრამის აღწერა

 

პროგრამა „აკადემიური პროგრამები იტალიაში 2025-2026“ წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) საპარტნიორო საგრანტო პროგრამას. მისი საფუძველია ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციას (CRUI) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი,

პროგრამის მიზანი - იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულების მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება და მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში.

პროგრამის ამოცანა - ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება.

პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ სასწავლო გრანტი იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც იტალიურენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე.

პროგრამის ფარგლებში, სასწავლო გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ პროგრამით განსაზღვრული პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის აკადემიურ საფეხურზე სწავლის მიზნით. კონკურსანტი უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურას აწარმოებს ცენტრისგან დამოუკიდებლად, ხოლო ცენტრი კონკურსში გამარჯვებულ პირთა შესახებ ინფორმაციას მიაწვდის პარტნიორ უნივერსიტეტებს, რომლებიც თავის მხრივ დაუდასტურებენ ცენტრს აღნიშნულ პირთა ჩარიცხვას.

პროგრამის შედეგი - სწავლის დასრულების შემდგომ, დაფინანსებული პირი:

- სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში წარმოადგენს შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს;

- სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაბრუნდება, დაყოვნდება და დასაქმდება საქართველოში, შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლით, სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში;

- ცენტრის შეთავაზებით, კურსდამთავრებული ითანამშრომლებს საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.  

 

გრანტის გაცემის წესი - გრანტი გაიცემა კონკურსის წესით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. გრანტი გაიცემა სრულად ან ნაწილობრივ; ერთი აკადემიური წლისთვის, დაფინანსების გაგრძელების წინაპირობით, სადოქტორო პროგრამის 3(+1) წლის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს ადგილზე, სრული დასწრების ფორმატის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დაფინანსებას.

 

 

პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები

 

2025-2026 სასწავლო წლისთვის, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამაზე პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:

➢ განათლება;

➢ ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

➢ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

➢ გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;

➢ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

➢ ჯანდაცვა;

➢ თავდაცვა, უსაფრთხოება.

➢ ჰუმანიტარული მეცნიერებები;

➢ სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;

➢ საჯარო მმართველობა;

➢ სამართალი;

➢ მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი;

➢ ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები;

 

სადოქტორო პროგრამაზე - პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების/სპეციალობებით შეზღუდვის გარეშე. 

 

პარტნიორი უნივერსიტეტები:

  1. Polytechnic University of Milan - https://www.polimi.it/
  2. University of Naples Federico II - https://www.international.unina.it/
  3. University of Milano-Bicocca - https://www.unimib.it/node/25200
  4. IULM University of Milan - https://www.iulm.it/en/home
  5. University of Padua - https://www.unipd.it/convenzioni
  6. The University of Sannio - https://www.unisannio.it/it
  7. University of L'Aquila - https://www.univaq.it/en/index.php
  8. The University of Eastern Piedmont "Amedeo Avogadro"- https://www.uniupo.it/en
  9. The Polytechnic University of Turin - https://www.polito.it/
  10. University for Foreigners of Perugia - https://www.unistrapg.it/
  11. University of Tuscia - https://www.unitus.it/
  12. Urbino University - https://www.uniurb.it/
  13. University of Brescia - https://www.unibs.it/it
  14. University of Camerino - https://www.unicam.it/en
  15. University of Cassino and Southern Lazio- https://www.unicas.it/
  16. University of Chieti-Pescara - https://www.unich.it/node/6
  17. University of Ferrara - https://www.unife.it/it
  18. The University of Naples “L’Orientale” - https://www.unior.it/it
  19. University of Pavia - https://portale.unipv.it/it
  20. Sapienza University of Rome - https://www.uniroma1.it/en
  21. University Of Salento - https://www.unisalento.it/
  22. University for Foreigners of Siena - https://www.unistrasi.it/home.asp
  23. University of Siena - https://www.unisi.it/ugov/degree/16976
  24. University of Teramo - https://www.unite.it/UniTE/

 

 

განაცხადის წარმოდგენის პროცედურა

 

განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში https://app.iec.gov.ge/  

  • ➢ ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში.
  • ➢ განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი წარმოადგენს კონკურსანტის ვალდებულებას.
  • ➢ ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა,  გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტების ჩამონათვალს თან ახლავს მითითება - ,,არსებობის შემთხვევაში’’. 
  • ➢ განაცხადის შევსებისას, შესაბამის ველში კონკურსანტს შეუძლია მიუთითოს არაუმეტეს 3 შერჩეული უნივერსიტეტი ან/და აკადემიური პროგრამა, სადაც აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს.

 

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი (გადმოგზავნილი) ელექტრონული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილ ვადაში წესების დაცვით.

  • ➢ განაცხადის შევსების პროცესში, ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
  • ➢ კონკურსანტის ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება საკონკურსო განაცხადის შესაბამისი გვერდის („შედეგები“) მეშვეობით.
  • ➢ ცენტრი, კონკურსანტთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართს;
  • ➢ ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
  • ➢ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას, ცენტრმა  პროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გაასაჯაროოს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
  • ➢ იტალიის შესაბამის უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამის, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურისა და წარსადგენი დოკუმენტების/საკონკურსო მოთხოვნების (მათ შორის უცხო ენასთან დაკავშირებული პირობის) შესახებ ინფორმაციისთვის კონკურსანტმა უნდა მიმართოს შესაბამის უნივერსიტეტს.

 

 

 

ვადები

 

  • ➢ განაცხადის წარმოდგენა - 2025 წლის 8 მაისიდან - 6 ივნისის 15:00 საათამდე
  • ➢ საკონკულტაციო შეხვედრები - განაცხადების წარმოდგენის პერიოდში, ყოველ ოთხშაბათს, 14:00 სთ-ზე;
  • ➢ განაცხადების ტექნიკური შემოწმება - რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღე;
  • ➢ ხარვეზის შესწორება - 5 სამუშაო დღე.
  • ➢ გასაუბრების ეტაპის (საბოლოო) შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 10 ივლისისა.
  • ➢ ხელშეკრულებების გაფორმება - არაუგვიანეს 18 ივლისისა.
  •  

 

 

საკონკურსო მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს, რომელიც ჩაირიცხება/ჩარიცხულია იტალიის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, საპარტნიორო საგრანტო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ მიმართულებებზე და აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ პირობებს:

  • - არის ბაკალავრის/მაგისტრატურის საფეხურის აკადემიური ხარისხის მფლობელი, ან
  • - სწავლობს ბაკალავრიატის/მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე, ან
  • - სწავლობს იტალიაში, პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის სამაგისტრო ან/და სადოქტორო* პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

 *მოპოვებული აქვს საზღვარგარეთ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის საფასურის/კვლევის დაფინანსება პარტნიორი უნივერსიტეტიდან (ან არ აქვს აღნიშნული საფასურის გადახდის  ვალდებულება) და ითხოვს სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას

  • - გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით - მისი სასწავლო წლის/წლების ან/და სემესტრის ჯამური შეფასება:
  •  ➢ იტალიაში მოქმედი 30 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ 25 ქულა
  •  ➢ GPA-ის გამოთვლის წესის შემთხვევაში - მინიმუმ 3.0;
  •  ➢ 100 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში - 81-90 ქულა;
  •  ➢ ან მინიმუმ B (ძალიან კარგი); ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.

 

სადოქტორო საფეხურის აპლიკანტებისთვის, რომლებიც სწავლობენ იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქულობრივი შეფასების სისტემის არარსებობის შემთხვევაში, გასულ სასწავლო წელს/სემესტრში დაგეგმილი აკადემიური მიღწევის ან/და კვლევითი სამუშაოს ოფიციალური შეფასება სადოქტორო პროგრამის ან დისერტაციის ხელმძღვანელისგან.

 

დაფინანსების მსურველთათვის წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ➢ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
  • ➢ CV/რეზიუმე - ორ ენაზე (ქართულ - იტალიური ან ქართულ - ინგლისური);
  • ➢ სამოტივაციო წერილი - ორ ენაზე ქართულ - იტალიური ან ქართულ - ინგლისური (კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე, სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან);
  • ➢ რეკომენდაცია (მინიმუმ ერთი) ინგლისურ ენაზე; (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად, კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელ. ფოსტაზე.  მითითებული რეკომენდატორის  მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში  შესაბამისი ველის შევსების გარეშე, განაცხადის გადმოგზავნა ვერ მოხდება);
  • ➢ პორტფოლიო (მხოლოდ ხელოვნების მიმართულების პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებისთვის).

 

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის, ასევე სავალდებულოდ წარმოსადგენია:

  • ➢ დოკუმენტი შერჩეული სამაგისტრო პროგრამის ამ პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებასთან მიკუთვნების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
  • ➢ იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური ან/და ადმინისტრაციული პირობისა) შესაბამის ვადაში;
  • ➢ ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის მითითებით;

* კონკურსანტებმა, რომლებიც სწავლობენ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ან იტალიის პარტნიორ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საფეხურზე და სურთ ამავე სამაგისტრო პროგრამის მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსება, უნდა წარმოადგინონ:

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

• განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით;

  • ➢ დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საშუალო ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში - ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები;
  • ➢ სწავლის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ და მოთხოვნილი თანხის ოდენობა.
  • ➢ საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა.

 

 

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის ასევე სავალდებულოდ წარმოსადგენია:

➢ მაგისტრის დიპლომი/ცნობა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი  საბოლოო ჯამური ქულის მითითებით.

* კონკურსანტებმა, რომლებიც სწავლობენ მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე ან იტალიის პარტნიორ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე და სურთ მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსება, უნდა წარმოადგინონ:

•  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

• განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით; ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში, გასულ სასწავლო წელს/სემესტრში დაგეგმილი აკადემიური მიღწევის ან/და კვლევითი სამუშაოს ოფიციალური შეფასება სადოქტორო პროგრამის ან დისერტაციის ხელმძღვანელისგან.

➢ დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საშუალო ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში, ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები;

➢ კვლევის გეგმა. აგრეთვე, კვლევის გეგმის დამტკიცების ან შესაბამის იტალიურ უნივერსიტეტთან/პროფესორთან შეთანხმების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი.

➢ საქართველოს შესაბამის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის გეგმა/პროექტი. აგრეთვე, უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის გეგმის/პროექტის შეთანხმების/დამტკიცების ან შესაბამის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან /უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთან შეთანხმების პროცესის დამადასტურებლი დოკუმენტი;

➢ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის და დაფინანსების შესახებ ოფიციალური წერილი (გარდა ფინანსური ან/და ადმინისტრაციული პირობისა (*შესაბამის ვადაში)

➢ სწავლის პერიოდში, საზღვარგარეთ ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების მიზნით მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

* სადოქტორო საფეხურის სტუდენტების დაფინანსება მოიცავს ცენტრის მხრიდან მხოლოდ საყოფაცხოვრებო ხარჯით უზრუნველყოფას. აღნიშნული დოკუმენტი აუცილებლად უნდა იქნას წარმოდგენილი შესაბამის ვადაში.

 

არსებობის შემთხვევაში, სამაგისტრო/სადოქტორო აკადემიურ საფეხურზე სწავლის დაფინანსების მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ:

➢ სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები;

➢ ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, ასევე სიგელების/სერტიფიკატების ასლები;

➢ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

საყურადღებო ტექნიკური მოთხოვნა:

  • ➢ ყველა სავალდებულო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე: ქართულად და იტალიურად/ინგლისურად
    • უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
    • ქართულ ან სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტი ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს იტალიურ/ინგლისურ ენაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
    • ორ ენაზე:  ქართულად და იტალიურად/ინგლისურად გაცემულ დოკუმენტს არ სჭირდება თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება.
       
  • ➢ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსების პირველ ეტაპზე უნდა მიეთითოს ის დაწესებულება და პროგრამა, სადაც კონკურსანტი აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურას. შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტის/პროგრამის მითითება. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ განაცხადში მითითებულ დაწესებულებასა და პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი.

 

დოკუმენტების წარმოდგენის I ეტაპი - ძირითად საკონკურსო (29 აპრილი - 27 მაისი) ვადაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი, გარდა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის, სწავლის საფასურის ან/და აღნიშნული საფასურის გადახდის ვალდებულების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტისა (გაარდა სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა).

დოკუმენტების წარმოდგენის II ეტაპი - იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის და სწავლის საფასურის შესახებ წერილის წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივნისისა.

 

 

განაცხადების ტექნიკური შემოწმება და ხარვეზის დადგენა

 

ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ შემოწმებას ახორციელებს ცენტრი. ტექნიკური ხარვეზი შეიძლება დადგინდეს საკონკურსო ვადაში არასათანადო  ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში და შესწორება შესაძლებელია ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით* შესაბამის ვადაში.

*კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ განაცხადის რედაქტირების შემდგომ აუცილებელია განაცხადის გადმოგზავნა, რის შემდგომაც ვეღარ შეძლებს გადმოგზავნილი განაცხადის რედაქტირებას.

 

არასრულად ან კონკურსის პირობებთან შეუსაბამოდ წარმოდგენილი განაცხადი იხსნება კონკურსიდან, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია.  

შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, დოკუმენტების ტექნიკური შემოწმების ეტაპზე, კონკურსანტს შეიძლება მიენიჭოს ბონუს ქულა (მაქსიმუმ 5) შესაბამისი სტატუსის - სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის, ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის - დადასტურების შემთხვევაში (ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები ჯამდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებულ შედეგთან.

 

 

 

საკონკურსო შეფასების პროცესი

 

კონკურსის ჩატარებასთან, გამარჯვებულის გამოვლენასთან და დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საპარტნიორო პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც საქართველოს, ისე იტალიის მხარის წარმომადგენლებისგან. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა განაცხადები განიხილება სამეტაპიანი კონკურსის ფარგლებში:

I ეტაპი - ელექტრონული განაცხადის ტექნიკური შემოწმება.

II ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება.

III ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ და წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელ. საკომუნიკაციო საშუალებით).

* შეფასების კრიტერიუმები დანართი N2

საკონკურსო კომისიის წევრების მიერ ელექტრონული განაცხადი ფასდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შეფასების მეორე და მესამე ეტაპის შედეგები არ ჯამდება. კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.

გამარჯვებულად გამოვლენილი კონკურსანტი გრანტის მფლობელი ხდება გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში. 

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

ხელშეკრულების გაფორმება

საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული, გრანტის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

ხელშეკრულების გაფორმება ხდება კონკურსანტის გამარჯვებულად გამოვლენისა და განაცხადში მითითებულ რომელიმე პარტნიორ უნივერსიტეტში/აკადემიურ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შემთხვევაში. აღნიშნული მიზნით, გამარჯვებულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს განაცხადში მითითებულ უნივერსიტეტში და აკადემიურ პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი და სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტი.

ბაკალავრიატის/მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე და პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და ვერ წარმოადგენს საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასებას, გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (რომელიც აკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს) წარმოდგენის შემთხვევაში.

(!) ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუთავსებელია პროგრამასთან.

(!)(!) გრანტის მფლობელს, ამავე ან ცენტრის სხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მიზნით.

(!)(!)(!) პროგრამის პარალელურად, დაუშვებელია სხვა ევროპული (Erasmus +, Erasmus Mundus და ა.შ) თუ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებით სარგებლობა.

 

 

მხარეთა ვალდებულებები

 

ცენტრი იღებს ვალდებულებას:

  • - კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს გრანტის მფლობელის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

 

გრანტის მფლობელი იღებს ვალდებულებას:

  • - სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
  • - დაასრულოს სწავლა სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური ხანგრძლივობის პერიოდში (დამატებითი სემესტრის/სემესტრების საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია).
  • - დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნდეს და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში, არანაკლებ 3 წლით, სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • - წერილობით აცნობოს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს 2 კვირაზე მეტი დროით სასწავლო პროცესისგან მოწყვეტის შემთხვევის შესახებ.
  • - ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში წარმოადგინოს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  • - ცენტრის შეთავაზების შემთხვევაში, ითანამშრომლოს საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

 

 

 პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობაზე

გრანტის მიმღების მიერ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

 

დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა

ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის აკადემიურ პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში, (სადოქტორო პროგრამისათვის 3+1 წელი), კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - იტალიაში მოქმედი 30 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში  მინიმუმ 25 ქულა, GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში - მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში - 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა - განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).

დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

ქვეყანაში დაბრუნების, დაყოვნებისა და დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადება

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანტის მფლობელმა შესაძლოა ისარგებლოს ვალდებულების გადავადების უფლებით, საზღვარგარეთ არაუმეტეს ერთი წლის ვადით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით.

ამისთვის, გრანტის მფლობელმა, სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, ოფიციალური დოკუმენტი დასაქმების შესახებ და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, გრანტის მფლობელი კარგავს აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს, შესაძლოა მიეცეს საზღვარგარეთ სადოქტორო პროგრამაზე, იმავე აკადემიური მიმართულებით სწავლის გაგრძელების უფლება.   უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულებამდე ან სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური წერილი და დოკუმენტი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. მას ასევე აქვს უფლება, ცენტრის პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით, კვლავ მოიპოვოს დაფინანსება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება სადოქტორო პროგრამის დასრულებისთანავე.

 

 

დაფინანსების სახე, ანგარიშსწორების წესი

 

 „სამაგისტრო პროგრამები იტალიაში 2025-2026“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსება უზრუნველყოფილია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ამ მემორანდუმის ფარგლებში სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შორის გაფორმებული მემორანდუმების შესაბამისად.

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.

კომისიის გადაწყვეტილებით, გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:

- სწავლის საფასურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწესებულებაში დადგენილია საქართველოს ხაზინაში მოქმედი საერთაშორისო გადარიცხვის წესისგან განსხვავებული წესი;

- სწავლის პერიოდში, შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

 პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.

 

 

დამატებითი ინფორმაცია
  •  
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
  •  
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:

 

მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II

ტელეფონი: 032 2 97 01 97

ელ. ფოსტა: info-iec@iec.gov.ge

ვებგვერდი: iec.gov.ge

 

 

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი 

ბრძანება

ხშირად დასმული კითხვები

 

 

 

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
56789
განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი - ეროვნული და საერთაშორისო სკოლა - სიმპოზიუმი -  ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმუნიტეტი“

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი - ეროვნული და საერთაშორისო სკოლა - სიმპოზიუმი - ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმუნიტეტი“

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა პროექტი - „ეროვნული და საერთაშორისო სკოლა - სიმპოზიუმი - ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმუნიტეტი.“

Read more
1011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678