სახელმწიფო საგრანტო პროგრამის აღწერა
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა 2025-2026“ (შემდგომში - პროგრამა) ფარგლებში სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამსახურებრივი ფუნქციების შესაბამისად.
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის და უნდა იძლეოდეს თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების შესაძლებლობას.
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე დასწრების მიზნით, საზღვარგარეთ ვიზიტის პერიოდი 2025 წლის ივნისი - დეკემბერი.
პროგრამის მიზანი: სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული პირებისთვის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ამაღლება და მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში.
პროგრამის ამოცანა: ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება.
პროგრამის შედეგი: გრანტის მფლობელის მიერ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ასევე, შერჩეული პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში კურსდამთავრებულის საქართველოში დაბრუნება და მინიმუმ 12 თვე მუშაობის გაგრძელება რეკომენდატორ სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში.
გრანტის გაცემის წესი: გრანტი გაიცემა კონკურსის წესით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს ადგილზე სრული დასწრების ფორმატის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების დაფინანსებას.
საკონკურსო კომისიის მიერ მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის მიერ მოპოვებული თანადაფინანსების შესახებ.
შენიშვნა: აგრეთვე კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც დაფინანსებული იყო ცენტრის სხვა საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, მიენიჭა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნდა დადგენილ ვადაში და დასაქმებულია შესაბამისი კვალიფიკაციით (სფეროში).
განაცხადის წარმოდგენის პროცედურა
განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში https://app.iec.gov.ge. ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე საკონკურსო ვადის ფარგლებში.
საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილ ვადაში წესების დაცვით.
განაცხადის შევსების პროცესში, ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
კონკურსანტის ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება საკონკურსო განაცხადის შესაბამისი გვერდის („შედეგები“) მეშვეობით.
ცენტრი, კონკურსანტთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას, ცენტრმა პროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გაასაჯაროოს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ვადები
ადმინისტრირება
➢ განაცხადის წარმოდგენა - 2025 წლის 25 თებერვლიდან - 15 აპრილის 15:00 საათამდე;
➢ საკონსულტაციო შეხვედრები - ყოველ ორშაბათს, 14:00 სთ-ზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფისში.
რეგიონებში მცხოვრები კონკურსანტებისთვის ჩატარდება ერთი Online საინფორმაციო შეხვედრა (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით).
➢ განაცხადების ტექნიკური შემოწმება - რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღე.
➢ ხარვეზის შესწორება - 5 სამუშაო დღე.
შედეგების გამოცხადების ეტაპები
➢ განაცხადების ტექნიკური შემოწმების შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 2025 წლის 5 მაისისა.
➢ განაცხადების შინაარსობრივი შეფასების შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 2025 წლის 20 მაისისა.
➢ გასაუბრების ეტაპის (საბოლოო) შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 2025 წლის 30 მაისისა.
ხელშეკრულების გაფორმება - 10 ივნისის ჩათვლით.
საკონკურსო მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი დასაქმებული უნდა იყოს სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში.
წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
- CV;
- სამოტივაციო წერილი (სამოტივაციო წერილში კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსის ნებისმიერი ეტაპიდან);
- რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ ელექტრონულ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ, კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელფოსტაზე);
- ცნობა სამსახურის შესახებ კონკურსანტის თანამდებობის და ფუნქცია-მოვალეობების მითითებით რეკომენდატორი ორგანიზაციისგან.
- კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მიღების/მოწვევის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი;
- დოკუმენტი პროგრამის საფასურის შესახებ (დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში).
საყურადღებო ტექნიკური მოთხოვნა:
ყველა სავალდებულო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე შედგენილი. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტაცია განიხილება სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
განაცხადების ტექნიკური შემოწმება და ხარვეზის დადგენა
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საკონკურსო განაცხადების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კონკურსანტის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ შემოწმებას. საკონკურსო კომისიას განსახილველად გადაეცემა მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი.
ხარვეზი შეიძლება დადგინდეს საკონკურსო ვადაში არასათანადო ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიმართ.
ხარვეზის შესწორება შესაძლებელია ცენტრის მიერ დადგენილი ფორმითა და ვადაში. ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან/და ნაწილობრივ აღმოფხვრის შემთხვევაში კონკურსანტი ვერ გააგრძელებს კონკურსის შემდეგ ეტაპებზე მონაწილეობას. დოკუმენტაციის ტექნიკური შემოწმების შემდგომ, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.
საკონკურსო შეფასების პროცესი
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას, გამარჯვებულის გამოვლენასა და გრანტის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიღებას.
საკონკურსო კომისია აფასებს განაცხადებს ორ ეტაპად:
I ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება.
II ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება.
* შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ქვემოთ.
კომისიის წევრების მიერ ელექტრონული განაცხადი ფასდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შეფასების პირველი და მეორე ეტაპის შედეგები არ ჯამდება. კონკურსის პირველ ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მეორე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.
გამარჯვებულად გამოვლენილი კონკურსანტი გრანტის მფლობელი ხდება გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.
სახელშეკრულებო ურთიერთობები
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და გამარჯვებულ კონკურსანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.
ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუთავსებელია სახელმწიფო საგრანტო პროგრამასთან.
მხარეთა ვალდებულებები
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ვალდებულია:
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს გრანტის მიმღების ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.
გრანტის მიმღები ვალდებულია:
➢ პროგრამის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
➢ დაბრუნდეს საქართველოში პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და მინიმუმ 12 თვე მუშაობა გააგრძელოს რეკომენდატორ სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა გრანტის მოპოვების პერიოდში.
(!) გრანტის მიმღებს არ აქვს უფლება ამავე და ცენტრის სხვა საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობაზე:
პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
დაფინანსების სახეები, ანგარიშწორების წესი
დაფინანსება გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურისა ან/და პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ.
კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს გრანტის მიმღებს მიზნობრიობის შესაბამისად:
- კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურს უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებაში. გრანტის მიმღების მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია თანხა გადაირიცხოს მის პირად საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულ შემთხვევაში, გრანტის მიმღებმა საფასურის გადახდის შემდგომ უნდა წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება გრანტის მიმღების პირად საბანკო ანგარიშზე.
სახელმწიფო საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.