სსიპ - განათლების საერაშორისო ცენტრის (შემდგომში - „ცენტრი“) კურსდამთავრებულთა საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვებისა და სწავლის გაგრძელების პროგრამა.
პროგრამის აღწერა
„სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვებისა და სწავლის გაგრძელების პროგრამა“ არეგულირებს ცენტრის 2025 წლის კურსდამთავრებულების საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვებისა და სწავლის გაგრძელების წესსა და შესაბამისი უფლების მინიჭების პროცედურას.
პროგრამის მიზნობრივი ჯგუფია ცენტრის 2025 წლის კურსდამთავრებულები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს ისარგებლონ სწავლის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების ან სწავლის გაგრძელების უფლებით, დაფინანსებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამისა და „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
კურსდამთავრებულის მიერ სწავლის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ დაყოვნების უფლების მინიჭების მიზნები და პირობებია:
ა) საზღვარგარეთ, შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვება სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით;
ბ) საზღვარგარეთ, შემდგომ აკადემიურ საფეხურზე სწავლის გაგრძელება პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის განმავლობაში (იგივე აკადემიური ხარისხი არ განიხილება).
2025 წლის კურსდამთავრებულების საქართველოში დაბრუნების ვალდებულების გადავადების საკითხი განიხილება ცენტრსა და გრანტის მფლობელს შორის გაფორმებული „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
განაცხადის წარმოდგენისა და განხილვის პროცედურა
საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამით და გრანტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, კურსდამთავრებულმა უნდა მომართოს კომისიას, სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში ( თუ სასტიპენდიო პროგრამა და გრანტის შესახებ ხელშეკრულება განსხვავებულ პირობას არ ითვალისწინებს).
ცენტრის კურსდამთავრებული განაცხადს, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე monitoring-iec@gov.ge. ცენტრი, პროგრამის მოთხოვნებთან განაცხადის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კურსდამთავრებულის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ შემოწმებას. კომისიას განსახილველად გადაეცემა მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი. ცენტრი, კურსდამთავრებულთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ცენტრი და კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კურსდამთავრებულის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, არ განიხილოს განაცხადი. ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას, ცენტრმა პროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და უფლების მოპოვების შემთხვევაში, გაასაჯაროვოს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი უფლების მინიჭების განმხილველი კომისია (შემდგომში- „კომისია“) იღებს გადაწყვეტილებას კურსდამთავრებულთათვის საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვებისა და სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით. კომისია უფლებამოსილია საქმიანობა განახორციელოს 2025 წლის 31 დეკემბრამდე.
კომისიის მიერ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც წარმოდგენილია დადგენილ ვადაში წესების დაცვით.
კომისიის მიერ განაცხადების განხილვა მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროგრამის პირობებთან შესაბამისობის დადგენას და კურსდამთავრებულთან დისტანციურ გასაუბრებას.
ცენტრი უზრუნველყოფს გასაუბრების ტექნიკურ მხარდაჭერას. გასაუბრების ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კურსდამთავრებულს ეცნობება განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
ვადები
ეტაპობრივად შემოსული განაცხადების კომისიის მიერ განხილვის ვადებია:
• 2025 წლის 22 ივლისის ჩათვლით განიხილება 2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით შემოსული განაცხადები;
• 2025 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით განიხილება 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით შემოსული განაცხადები;
• 2025 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით განიხილება 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შემოსული განაცხადები;
• 2025 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით განიხილება 2025 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შემოსული განაცხადები;
• 2025 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით განიხილება 2025 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით შემოსული განაცხადები;
• 2025 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით განიხილება 2025 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით შემოსული განაცხადები.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
ა) შემდგომი საფეხურის აკადემიურ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
• დასაბუთებული განცხადება;
• საზღვარგარეთ სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური წერილი ან ჩარიცხვის პროცესის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად;
• საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამით დაფინანსებულ პროგრამაზე სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თარიღის მითითებით, სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
ბ) შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მსურველი კურსდამთავრებულთათვის :
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
• დასაბუთებული განცხადება კომისიის სახელზე;
• ცენტრის მიერ დაფინანსებულ აკადემიური პროგრამაზე სწავლის დასრულების თარიღის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად;
• შეფასების ფურცლის (ტრანსკრიპტის) ასლი, სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად;
• დამსაქმებლის ან პოტენციური დამსაქმებლის ოფიციალური წერილი დასაქმების ვადის, სამუშაო პოზიციის, და ფუნქციების მითითებით სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
ხელშეკრულების გაფორმება
კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ცენტრსა და კურსდამთავრებულს შორის ფორმდება საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების ან შემდგომ აკადემიურ საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლებები, მოვალეობები, ვადები და ა.შ
კურსდამთავრებულებს, რომლებსაც პოტენციური დამსაქმებლის ან შემდგომ აკადემიურ საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ შუალედური დოკუმენტაციის საფუძველზე კომისიის მიერ მიენიჭებათ შესაბამისი უფლება ხელშეკრულება გაუფორმდებათ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა კომისიის გადაწყვეტილებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
ბრძანება