პროგრამის აღწერა
უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს. საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 2016 წლიდან, საქართველოსა და უნგრეთს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე.
„Stipendium Hungaricum 2026-2027”-ის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2023 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც უნგრეთის მთავრობის მიერ ყოველწლიურად ფინანსდება საქართველოს 80-მდე მოქალაქე.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისათვის, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება.
პროგრამის ადმინისტრირებას, კონკურსანტთა ნომინირების მიზნით, ახორციელებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, ხოლო ნომინირებულ კონკურსანტთა უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ სტიპენდიის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს უნგრეთის მხარე (Tempus Public Foundation).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მხრიდან ფინანსდება საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო (OTM), სადოქტორო საფეხურების აკადემიური პროგრამები, სემესტრული გაცვლითი პროგრამები და სასერტიფიკატო (Non-degree) კურსები.
დეტალური ინფორმაცია პროგრამაში ჩართული უნგრეთის უნივერსიტეტების, აკადემიური პროგრამების, სტიპენდიასთან დაკავშირებული ვალდებულებების, ვადების/პროცედურების/წესებისა და კოორდინატორების შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://stipendiumhungaricum.hu/
პროგრამის განმახორციელებელი მხარეები არიან:
- საქართველოს მხრიდან - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.
- უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი.
განაცხადის წარმოდგენის პროცედურა
ელექტრონული განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს პარალელურად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემასა (https://app.iec.gov.ge) და უნგრეთის ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის - Dream Apply-ის ელექტრონულ სისტემაში (https://apply.stipendiumhungaricum.hu/).
საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ორივე სისტემაში სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილი ვადებისა და წესების დაცვით.
ცენტრის ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში.
*განაცხადი მიღებულად ითვლება მას შემდგემ, რაც კონკურსანტის მიერ მოხდება შენახული ელ.განაცხადის გადმოგზავნა.
ცენტრის ელექტრონულ სისტემაში განაცხადის შევსების პროცესში ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
კონკურსანტის ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება საკონკურსო განაცხადის შესაბამისი გვერდის („შედეგები“) მეშვეობით.
ცენტრი, კონკურსანტთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას, ცენტრმა პროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ, დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გაასაჯაროოს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
საკონკურსო მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
Dream Apply-ის სისტემაში წარსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია უნგრეთის ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ-გვერდზე:
https://stipendiumhungaricum.hu/wp-ontent/uploads/2025/10/PhD_Call_for_Applications_2026_27.pdf
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში განაცხადის წარსადგენად საჭირო დოკუმენტაცია:
- სამოტივაციო წერილი ცენტრის საკონკურსო კომისიის მიმართ (ივსება ელექტრონული სისტემის ველში, ინგლისურ ენაზე. სამოტივაციო წერილში კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსის ნებისმიერი ეტაპიდან);
- CV/რეზიუმე (იტვირთება PDF ფორმატით, ინგლისურ ენაზე);
- სოციალური სტატუსის შესახებ დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში): სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებული, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ან/და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, თარგმანი დამოწმებული სანოტარო წესით).
- * ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (კონკურსანტებისთვის, რომლებიც სწავლობენ უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ითხოვენ დაფინანსებას მომდევნო აკადემიური წლიდან. დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, თარგმანი - დამოწმებული სანოტარო წესით)
სწავლის საფეხურის შესაბამისად, კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბაკალავრო და ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა
*საბაკალავრო და ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველს არაუგვიანეს 2026 წლის 31 აგვისტოსი უნდა უსრულდებოდეს 18 წელი.
- ატესტატი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ (დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, თარგმანი - დამოწმებული სანოტარო წესით);
- ნიშნების ფურცელი (არანაკლებ ბოლო განვლილი წლის. დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, თარგმანი - დამოწმებული სანოტარო წესით);
- ცნობა სკოლის მოსწავლის სტატუსის შესახებ (სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, თარგმანი - დამოწმებული სანოტარო წესით);
- სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა
- დიპლომი/ცნობა წინა საფეხურის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ (დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, თარგმანი - დამოწმებული სანოტარო წესით);
- დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი (დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, თარგმანი - დამოწმებული სანოტარო წესით);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის. დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, თარგმანი - დამოწმებული სანოტარო წესით);
- მხოლოდ დოქტორანტებისთვის:
- კვლევის გეგმა და რეკომენდაცია (შედგენილი ან ნათარგმნი ინგლისურ ენაზე).
- ხელმძღვანელის თანხმობა, არსებობის შემთხვევაში (შედგენილი ან ნათარგმნი ინგლისურ ენაზე).
- სემესტრული გაცვლითი ან სასერტიფიკატო (Non-degree) პროგრამები
- ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სწავლის საფეხურის შესაბამისად.
* სახელოვნებო მიმართულების კონკურსანტებისათვის დამატებით წარმოსადგენია პორტფოლიო / აუდიო პორტფოლიო სამუსიკო მიმართულებისთვის.
- კონკურსანტს შესაძლებლობა აქვს, „სხვა დოკუმენტები“-ს ველში ატვირთოს დამატებითი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება მის მიერ აკადემიურ თუ სხვა აქტივობებში ჩართულობა/მიღწევები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ვადები
ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს:
- უნგრეთის Dream Apply -ის სისტემაში: 2025 წლის 14 ნოემბრიდან - 2026 წლის 15 იანვრის 14:00 საათამდე (ცენტრალური ევროპული დროით).
- სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სისტემაში: 2025 წლის 14 ნოემბრიდან - 2026 წლის 15 იანვრის 17:00 საათამდე (ადგილობრივი/თბილისის დროით).
- განაცხადების ტექნიკური შემოწმება - რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 7 სამუშაო დღე.
- ხარვეზის შესწორება - ხარვეზის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღე.
შედეგების გამოცხადების ეტაპები
- განაცხადების შინაარსობრივი შეფასების შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 2026 წლის 16 თებერვლისა.
- გასაუბრების ეტაპის (საბოლოო) შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 2026 წლის 27 თებერვლისა.
საკონსულტაციო შეხვედრების განრიგი განაცხადების მიღების პერიოდში :
20 ნოემბერი (Online) – 14:00 სთ.
https://us02web.zoom.us/j/85620567822?pwd=aSGgiSshbaJggwnaKYe6rfPmj0lkpP.1
Meeting ID: 856 2056 7822
Passcode: 866349
27 ნოემბერი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 14:00 სთ. (საკონფერენციო ოთახი)
4 დეკემბერი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 14:00 სთ. (საკონფერენციო ოთახი)
11 დეკემბერი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 14:00 სთ. (საკონფერენციო ოთახი)
18 დეკემბერი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 14:00 სთ. (საკონფერენციო ოთახი)
25 დეკემბერი (Online) – 14:00 სთ.
https://us02web.zoom.us/j/87214984862?pwd=Czeib4WYUg4Skq0hVwmJ2ea87hbIqA.1
Meeting ID: 872 1498 4862
Passcode: 261639
12 იანვარი (Online) – 14:00 სთ.
https://us02web.zoom.us/j/87357355040?pwd=yBDrW3EU7IHDa7X83gMFFyDvkZMQSg.1
Meeting ID: 873 5735 5040
Passcode: 071174
განაცხადების ტექნიკური შემოწმებისა და შეფასების პროცესი
ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში წარმატებით ატვირთული აპლიკაციების შესახებ ინფორმაცია, სტიპენდიაზე ნომინირების მიზნით, განხილვისა და წინასწარი შერჩევისთვის გადაეცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს.
ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის მიერ ფორმალური შეფასების შედეგების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი და შესაბამისი საკონკურსო კომისია, სამეტაპიანი კონკურსის ფარგლებში განიხილავს განაცხადებს.
- I ეტაპი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ელექტრონული განაცხადების ფორმალური შეფასება საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
- II ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება.
- III ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალურ შეფასებას ახორციელებს ცენტრი. ტექნიკური ხარვეზი შეიძლება დადგინდეს საკონკურსო ვადაში არასათანადო ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში და შესწორება მისი შესაძლებელია ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით* შესაბამის ვადაში. საკონკურსო კომისიას განსახილველად გადაეცემა მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი.
*კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ განაცხადის რედაქტირების შემდგომ აუცილებელია განაცხადის გადმოგზავნა, რის შემდგომაც ვეღარ შეძლებს მასში ცვლილებების შეტანას.
კონკურსის პირველ ეტაპზე, კონკურსანტს შეიძლება მიენიჭოს ბონუს ქულა (მაქსიმუმ - 5 ქულა) სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებული, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ან/და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დადასტურების შემთხვევაში (თითო სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებულ შედეგთან ერთად.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ნომინირებული კონკურსანტების სია, არაუგვიანეს 2026 წლის 28 თებერვლისა, წარედგინება უნგრეთის ტემპუსის საზოგადოებრივ ფონდს.
უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურები შესაძლებელია დამატებით ითვალისწინებდეს გამოცდას/გასაუბრებას. უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტებისთვის უნგრეთის მთავრობის სტიპენდიის საბოლოო მინიჭება ხდება უნგრეთის საზოგადოებრივი ფონდის მიერ.
კონკურსანტებს უნგრეთის მთავრობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ეცნობებათ უნგრეთის ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის მხრიდან, ელექტრონულ ფოსტაზე, 2026 წლის ივნისის ბოლომდე.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და გამარჯვებულ კონკურსანტს შორის გაფორმდება ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
დაფინანსება
უნგრეთის მთავრობის მხრიდან სტიპენდიის ოდენობისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://stipendiumhungaricum.hu/
ბრძანება
ბრძანების დანართი