სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum“ 2019-2020

მიზნები და ამოცანები

 

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად.

პროგრამა დაფუძნებულია უნგრეთისა და გამგზავნი ქვეყნების განათლების სფეროზე პასუხისმგებელ სამინისტროებს ან ცალკეულ ინსტიტუტებს შორის გაფორმებულ ორმხრივ საგანმანათლებლო შეთანხმებებზე. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი გამგზავნი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.

2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის ახალ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად.

საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით - „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში “Stipendium Hungaricum” 2019-2020“, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

 ბაკალავრიატი - 25,

 მაგისტრატურა - 25, 

 დოქტორანტურა - 20,

 ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა - 5, 

 სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის) - 5. 

პროგრამა ითვალისწინებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსის დაფინანსებას, იმ სტიპენდიატებისთვის ვისაც უნგრულ ენაზე სურს სწავლის გაგრძელება.

 

 

მიმართულებები/სპეციალობები 

 

მიმართულებები და სპეციალობები განსაზღვრულია 2017 წლის 6 თებერვალს გაფორმებული საგანმანათლებო გაცვლითი პროგრამით 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის.

მიმართულებების და სპეციალობების დეტალური ჩამონათვალი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე:http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme/sending-partners-and-available-study-programmes.html

 

 

სააპლიკაციო პროცედურა

 

პროგრამას ახორციელებენ უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. ელექტრონული განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე https://app.iec.gov.ge

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე და ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე ატვირთული ყველა საკონკურსო დოკუმენტი უნდა ატვირთოს შესაბამის ველში დადგენილ ვადაში.

კონკრეტული სპეციალობების, სტიპენდიასთან დაკავშირებული ვალდებულებების, უნივერსიტეტების/უმაღლესი სკოლების კოორდინატორების, პროცედურებისა და წესების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებგვერდზე: http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme

საკონკურსო მოთხოვნებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე. ზოგიერთი დოკუმენტი შესაძლებელია მიღებულ იქნას საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდგომ (ისეთი დოკუმენტები, რომელთა მიღებაც ობიექტური პირობების გარემოებების მიზეზების გამო ვერ მოხერხდა სააპლიკაციო დროის ვადის ამოწურვამდე). ჩამონათვალი მითითებულია http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme/application-process-2019-2020.html

ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე, ასევე, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე. არასრული განაცხადები არ განიხილება (არასრულ აპლიკაციად არ განიხილება ზემოხსენებული ობიექტური გარემოებების არსებობა, ზოგიერთი დოკუმენტის სააპლიკაციო ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოდგენის თაობაზე).

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე ელექტრონული განაცხადში აგრეთვე წარმოდგენილ უნდა იქნას:

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის სახელზე შექმნილი სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე შედგენილი).

CV/რეზიუმე (ინგლისურ ენაზე შედგენილი).

ხოლო არსებობის შემთხვევაში:

სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის ან/და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

საკონკურსო ვადები

 

ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს:

  ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე - 15 ნოემბერი, 2018 – 15 იანვარი, 2019, ცენტრალური ევროპული დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/საქართველოს დროით 16 იანვრის          02:59  საათამდე.

  სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე - 15 დეკემბერი, 2018 – 15 იანვარი, 2019 ცენტრალური ევროპული დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/საქართველოს დროით 16        იანვრის 02:59 საათამდე.

კონკურსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ვადები დეტალურად განთავსებულია http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme/application-process-2019-2020.html#Application%20timeline

 

 

საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი
 
ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში წარმატებით ატვირთული აპლიკაციები განსახილველად და წინასწარი შერჩევისთვის გადაეცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს.
 

კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც დარეგისტრირებულნი იქნებიან ასევე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის მიერ ფორმალური შერჩევის შემდგომ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ატარებს ორეტაპიან კონკურსს (პირველი ეტაპი - ხარისხობრივი შეფასება და მეორე ეტაპი - გასაუბრება) სრულყოფილი განაცხადების მქონე კონკურსანტებთან. არასრული განაცხადი არ განიხილება. საბოლოო შესარჩევ პროცედურას უნგრული მხარე და მიმღები შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ.

აპლიკაციებს განიხილავს და შეაფასებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც ხარისხობრივი შეფასების ეტაპზე მიიღებენ შესაბამის შეფასებას. საერთაშორისო საკონკურსო კომისია კონკურსის საფუძველზე მოახდენს კონკურსანტთა ნომინირებას სტიპენდიაზე.

სტიპენდიაზე ნომინირებული კონკურსანტების სია წარედგინება ტემპუსის საზოგადოებრივ ფონდს და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. შესაძლოა ზოგიერთი უნივერსიტეტის/უმაღლეს სკოლის ჩარიხვის პროცედურები ითვალისწინებდეს დამატებითი გამოცდას/ინტერვიუს სტიპენდიაზე ნომინირებული კონკურსანტებისთვის.

საბოლოო გადაწყვეტილებას სტიპენდიაზე ნომინირებული კონკურსანტები გაეცნობიან 2019 წლის ივნისის ბოლოს. კონკურსანტებმა სასტიპენდიო წლის 1 აგვისტომდე უნდა განაცხადონ თანხმობა/უარი სტიპენდიის მიღებაზე.

ცენტრსა და იმ ნომინირებულ კონკურსანტებს შორის, რომლებიც მოიპოვებენ სტიპენდიას ამ პროგრამის ფარგლებში, გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები და განისაზღვრება შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლები.

 

 

დაფინანსება

 

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიატები უფასოდ ისწავლიან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები). 

სტიპენდიატები ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდისგან მიიღებენ სტიპენდიას შემდეგი ოდენობით:

ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა - სტიპენდიის ყოველთვიური ოდენობა შეადგენს 40 460 ფორინტს (დაახლოებით 130 ევრო). საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურება ხდება წელიწადში 12 თვე და გრძელდება სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.

დოქტორანტურა - სტიპენდიის ყოველთვიური ოდენობა შეადგენს 140 000 ფორინტს (დაახლოებით 450 ევრო) სწავლების პირველი ეტაპისთვის (ოთხი სემესტრი) და 180 000 ფორინტს (დაახლოებით 580 ევრო) მეორე ეტაპისთვის (ოთხი სემესტრი). საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურება ხდება წელიწადში 12 თვე და გრძელდება სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.

სტიპენდიატები აგრეთვე უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით და სამედიცნო დაზღვევით:

საცხოვრებელი - სტიპენდიატები უზრუნველყოფილნი იქნებიან საერთო საცხოვრებლით ან გამოეყოფათ საცხოვრებელი ფართის ქირის ასანაზღაურებელი ხარჯი 40 000 ფორინტი (დაახლოებით 129 ევრო) სწავლის სრული ხანგრძლივობის პერიოდისთვის. 

სამედიცინო დაზღვევა: სტიპენდიატებს სამედიცინო მომსახურება გაეწევათ უნგრული კანონმდებლობისა (აქტი N80, 1997, ეროვნული ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი) და დამატებითი სამედიცინო დაზღვევის შესაბამისად 65 000 ფორინტი (დაახლოებით 205 ევრო).

 

 

დამატებითი ინფორმაცია

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II 

ტელეფონი: 032 2 97 01 97

ელ ფოსტა: info-iec@iec.gov.ge

ვებგვერდი: iec.gov.ge

 

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი 

ბრძანება 

 

 

 

«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტის - „პირუტყვის სეზონური გადაადგილების სივრცითი კონფლიქტები და პოტენციალი“ ავტორებმა დიზაინ ინსტიტუტში შემაჯამებელი გამოფენა გამართეს.

Read more
222324
2526272829301
2345678