მიზნები და ამოცანები
სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020“ წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ -განათლების საერთაშორისო ცენტრს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.
კამპუს ფრანსი წარმოადგენს საფრანგეთის საგარეო საქმეთა და უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სამინისტროების მეურვეობას დაქვემდებარებულ ორგანიზაციას, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს უმაღლესი განათლების და სამეცნიერო კვლევების სამყაროსთან ფორუმ კამპუს ფრანსის მეშვეობით, რომლის წევრია დაახლოებით 320 უნივერსიტეტი, მენეჯმენტის სკოლა, ხელოვნებისა და არქიტექტურის სკოლები. იგი ეყრდნობა 7 დელეგაციისაგან შემდგარ ეროვნულ ქსელს საფრანგეთის მთავარ საუნივერსიტეტო ქალაქებში და საფრანგეთის ფარგლებს გარეთ მდებარე კამპუს ფრანსის 220 ბიუროსა და წარმომადგენლობისგან შემდგარ საერთაშორისო ქსელს 117 ქვეყანაში. კამპუს ფრანსის კომპეტენცია და მოვალეობები, მათ შორის ფინანსური უზრუნველყოფის ნაწილში, განისაზღვრება ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით პარტნიორობის შესახებ.
საფრანგეთის საელჩოს საქართველოში საკუთარი წვლილი შეაქვს ამ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულ სასტიპენდიო პროგრამაში და საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ სტუდენტებს ანიჭებს საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიას. მისი კომპეტენცია და მოვალეობები, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში, ასევე განისაზღვრება ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით პარტნიორობის შესახებ.
ხელშეკრულების შესაბამისად, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში, მათი საერთაშორისო ვალდებულებიდან გამომდინარე და თანამშრომლობის პოლიტიკის ფარგლებში, განახორციელებენ სასტიპენდიო პროგრამის თანადაფინანსებას 9 აკადემიური თვის განმავლობაში, ხოლო სწავლის მე-10 თვის სტიპენდია სრულად - 767 (შვიდას სამოცდაშვიდი) ევრო) გაიცემა ცენტრის მიერ. პროგრამის მიზანია ფინანსური დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, რომლებიც სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხებიან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. სტიპენდია გაიცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია.
კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში/-ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ პრიორიტეტულად განსაზღვრულ მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისათვის.
დაფინანსებულ პირს ეკრძალება პარალელურად ისარგებლოს პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ქვეყნების სხვა სახელმწიფო/სამთავრობო, ასევე, ევროკავშირის სტიპენდიებით (Erasmus +, Erasmus Mundus და სხვა).
დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით.
ამ პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიის მიღების შემთხვევაში, დაფინანსებულმა პირმა სრული სასწავლო კურსი ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა გაიაროს.
საფრანგეთის ფარგლებს გარეთ სავალდებულო სტაჟირების შემთხვევაში, რომელიც სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმით არის გათვალისწინებული, დაფინანსებულ პირს შეუნარჩუნდება სტიპენდია მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც სავალდებულოდ არის განსაზღვრული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, საფრანგეთში სწავლის შედეგად მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შენარჩუნებულია ცენტრის ერთ-ერთი პრინციპული პირობა - კონკურსანტები დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში უნდა ჩაირიცხონ მხოლოდ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიზნების შესაბამისად სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020“ ამოცანაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებისთვის საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობა და მიღებული ცოდნის რეალიზებით ქვეყნის მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის ზრდა. აღნიშნული მიზნით, სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები დაბრუნდებიან და დასაქმდებიან საქართველოში შესაბამის სფეროში. ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
სასტიპენდიო პროგრამა ასევე ემსახურება ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.
მიმართულებები/სპეციალობები
სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020“ კონკურსანტი გამარჯვების შემთხვევაში უნდა ჩაირიცხოს საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამაზე აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე/სპეციალობაზე.
სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020“ ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:
აგრარული მეცნიერებანი;
განათლება;
ინჟინერია;
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
სოციალური მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
სამართალი;
არქიტექტურა;
საჯარო მმართველობა;
მენეჯმენტი.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლება-სწავლის სრული დატვირთვის რეჟიმის მქონე სამაგისტრო აკადემიური პროგრამები, რაც გამორიცხავს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის, დისტანციური, ე.წ. “Executive”, სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.
სააპლიკაციო პროცედურა
სასტიპენდიო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 30 წლის ჩათვლით ასაკის საქართველოს მოქალაქეები, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომელებსაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის/შემდგომი აკადემიური ხარისხი, ან სწავლობენ საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე, ან სწავლობენ საფრანგეთში: ა) სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და სურთ მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსების მოპოვება; ბ) ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე და სურთ მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსების მოპოვება პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.
პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო/სააპლიკაციო პროცესი:
◦სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება;
◦საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში, განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. არასრული განაცხადი არ განიხილება. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. განაცხადი რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - არსებობის შემთხვევაში.განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - http://iec.gov.ge/4166.
◦საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით გამარჯვებულების გამოვლენა;
◦კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით. ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს განაცხადში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართს;
◦გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა;
◦ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონსულტაციებს ერთობლივად ან ცალ-ცალკე გამართავენ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს წარომადგენლები საქართველოში.
საკონკურსო მოთხოვნები
◦საქართველოს მოქალაქე, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
◦ასაკი არ აღემატება 30 წელს;
◦მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი,
◦ან სწავლობს საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე,
◦ან სწავლობს საფრანგეთში:
- სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და ითხოვს საფრანგეთში მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსებას;
- ან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე და ითხოვს მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.
◦გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით: GPA¬-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;
◦ ფლობს ფრანგულ ენას (მინიმუმ DELF - B2, TCF – B2), ან ინგლისურ ენას (მინიმუმ TOEFL – 79, IELTS – 6,5).
წარმოსადგენი დოკუმენტები
◦პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრა¬ლური მოწმო-ბის/ნეიტრალური სამგ¬ზავ¬რო დოკუმენტის ასლი;
◦CV – 2 ენაზე ( ქართულ - ფრანგული ან ქართულ - ინგლისური);
◦სამოტივაციო წერილი 2 ენაზე (ქართულ - ფრანგული ან ქართულ - ინგლისური);
◦ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ ფოსტაზე);
◦ფრანგული/ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (DELF, TCF (TCF DAP - არ მიიღება), TOEFL, IELTS);
- ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ან საზღვარგარეთ ფრანგულენოვან აკადემიურ პროგრამაზე მინიმუმ ერთი აკადემიური წლის ხანგრძლივობით სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტს;
- ფრანგული/ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსანტი საფრანგეთის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თავისუფლდება ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის წარდგენის ვალდებულებისგან.
◦ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი, დიპლომის დანართი/შეფასების ფურცელი. დიპლომის დროებით არქონის შემთხვევაში, ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი (GPA¬-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ „ძალიან კარგი,“ ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);
◦განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში, ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების ამ პროგრამაში მითითებულ რომელიმე შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ.
◦საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
- შეფასების ფურცელი ყველა განვლილი სემესტრის საბოლოო წლიური/სემესტრული ქულების მითითებით ცალ-ცალკე ან ჯამურად (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).
- განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების ამ პროგრამაში მითითებულ რომელიმე შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
◦საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამა მასტერ 2-ზე/ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამის მეორე კურსზე სწავლის დაფინანსების მოთხოვნის მსურველმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
◦მასტერ 1-ის დიპლომი/სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა და შეფასების ფურცელი/პირველი აკადემიური წლის შეფასების ფურცელი (GPA-¬ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);
◦მასტერ 1-ის/პირველი აკადემიური წლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტმა განვლილი სემესტრის შეფასების ფურცელი (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
◦განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების ამ პროგრამაში მითითებულ რომელიმე შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ.
არსებობის შემთხვევაში:
◦სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები;
◦ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (აღნიშული დოკუმენტაციის ასლები შეიძლება წარმოდგენილ იქნას მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე);
◦სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
Note: კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმნეტი, გარდა იმ დოკუმენტებისა რომლებიც წარმოდგენილი უნდა იქნეს 2 ენაზე. ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება მხოლოდ ინგლისურ/ფრანგულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, ხოლო ფრანგულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
გ) დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა
გასულ წლებში ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის დაფინანსებულმა პირმა, რომელიც პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას უნდა წარმოადგინოს:
◦ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
◦განვლილი სასწავლო წლის შეფასების ფურცელი (GPA¬-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);
◦განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში, ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების ამ პროგრამაში მითითებულ რომელიმე შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ.
ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.“
საკონკურსო ვადები
საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2019 წლის 28 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლის
ჩათვლით (19:00 სთ-მდე თბილისის დროით).
კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2019 წლის 31 მაისამდე.
საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი
გამარჯვებულის გამოვლენასთან, კონკურსის ჩატარებასა და დაფინანსებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების მხარეებთან შეთანხმებით.
საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 ქულა (+ 4 ბონუს ქულა). აქედან:
◦განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;
◦გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;
◦ბონუს ქულა მაქსიმუმ 4 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის), ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა.
კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:
პირველი ეტაპი - განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.
მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.
მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება სკაიპით. მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.
კონკურსანტის რეზერვის სტატუსის ცვლილების წესი
საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებულის მიერ სტიპენდიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში სტიპენდიას მიიღებს სარეზერვო სიაში მყოფი უმაღლესი ქულის მფლობელი კონკურსანტი, რომელიც ვალდებული იქნება ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს პროგრამით დადგენილი დოკუმენტები.
რეზერვის სტატუსის ცვლილების საფუძველია, ასევე, გასულ წელს ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსებული პირის მიერ დაფინანსების გაგრძელების საკითხის განხილვის საფუძვლის - შესაბამისი აკადემიური მოსწრების დოკუმენტის წარმოუდგენლობა.
რეზერვის სტატუსის ცვლილების შემთხვევაში, სარეზერვო სიაში მყოფი უმაღლესი ქულის მფლობელი კონკურსანტის მიერ ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა განიხილება როგორც უარი სტიპენდიის მიღებაზე და აღნიშნული კონკურსანტი კარგავს სტიპენდიის მოთხოვნის უფლებას.
სახელშეკრულებო ურთიერთობები
ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.
ცენტრი იღებს ვალდებულებას:
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.
დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:
- სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში;
- ცენტრის შეთავაზებით ითანამშრომლოს საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.
დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ცენტრისგან გამოყოფილი გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.
ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის/ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს:
1. გამარჯვებული კონკურსანტის მიერ არაპრიორიტეტული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ წერილის წარმოდგენა.
2. კონკურსში გამარჯვებული ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის მიერ ბაკალავრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის და შესაბამისი შეფასების ფურცლის, ხოლო საფრანგეთში: ა) მასტერ 1-ის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის მიერ მასტერ 1-ის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტისა და შესაბამისი შეფასების ფურცლის, ბ) ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის მიერ პირველი კურსის საბოლოო შესაბამისი შეფასების ფურცლის წარმოუდგენლობა.
კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი შეფასების მაჩვენებელი უნდა იყოს GPA¬-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).
3. თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
4. თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.
პროგრამის ფარგლებში ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA¬-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.
დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საერთაშორისო საკონკურსო კომისია.
აღნიშნული უფლების მოპოვების მიზნით, დაფინანსებულმა პირმა, სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლებას.
პროგრამის ფარგლებში სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.
ანგარიშსწორების წესი. ბიუჯეტი
სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020“ დაფინანსება სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად და 2019 - 2020 წლის სავარაუდო ბიუჯეტის საფუძველზე უზრუნველყოფილია წინასწარი ანგარიშსწორებით კამპუს ფრანსის ანგარიშზე სხვა ხარჯების მუხლიდან, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით გადარიცხული თანხით 99 157,35 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას ას ორმოცდაჩვიდმეტი ევრო და 35 ცენტი) ევროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი ეროვნული ვალუტის კურსის შესაბამისად).
აღნიშნული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 32 04 04).
დაფინანსება
2019-2020 სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიზნით გაიცემა 15 სტიპენდია, როგორც 2019-2020 სასწავლო წლისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა დასაფინანსებლად, ასევე გასულ წელს დაფინანსებულ იმ პირთა მეორე აკადემიური წლის დასაფინანსებლად, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსებული პირებისთვის განსაზღვრული სტიპენდიების კვოტა არ შეივსება, თავისუფალი სტიპენდია გაიცემა 2019-2020 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგად სარეზერვო სიაში მყოფ პირზე ამ პროგრამით დადგენილი წესით.
დამატებითი ინფორმაცია
2019-2020 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საფრანგეთში, აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის საერთაშორისოდ აღიარებული მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის შემდგომში საქართველოში რეალიზებას.
◦ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
◦სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II
ტელეფონი: 032 2 97 01 97
ელ ფოსტა: info-iec@iec.gov.ge
ვებგვერდი: iec.gov.ge
იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი
ბრძანება