საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018 28 აპრილი - 31 მაისი (19:00 სთ-მდე)

პროგრამის მიზნები

 

სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

სასტიპენდიო პროგრამის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და  მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში  აკადემიური მოღვაწეობის მიზნით. 

შესაბამისად, სამოტივაციო წერილის შედგენისას, საზოგადოდ მიღებული სტანდარტული თემატიკის გარდა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ:

თქვენი უნარ-ჩვევები, რომლებიც სწავლის დასრულების შემდგომ აკადემიური მოღვაწეობის მიზნით საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირებაში დაგეხმარებათ.

თქვენი გამოცდილება ან/და სამომავლო ხედვა, რომელიც სწავლის დასრულების შემდგომ, საუნივერსიტეტო სწავლებაში, კვლევაში, აკადემიური სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროექტებში თქვენს ჩართულობას უზრუნველყოფს. 

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით. 

2017-2018 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები:

◦აგრარული მეცნიერებანი;

◦განათლება;

◦ინჟინერია;

◦საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

◦სოციალური მეცნიერებები;

◦ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

◦სამართალი;

◦არქიტექტურა;

◦საჯარო მმართველობა;

◦მენეჯმენტი. 

 

 

კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლების შესახებ

 

(დასაწყისი)

დაინტერესებულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ  სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა, ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

 

(დასაწყისი)

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე.  კერძოდ, პირი, რომელიც:

◦ფლობს  ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს; 

◦სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას. 

 

 

განაცხადით მომართვის პროცესი და საკონკურსო ვადები

 

(დასაწყისი)

განაცხადების წარმოდგენის ვადაა 28 აპრილიდან - 31 მაისის  ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე), 2017.

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/.

განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია 31 მაისის ჩათვლით (19:00 სთ-მდე)  უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის  რედაქტირებას.

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს განაცხადი საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. 

ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - http://iec.gov.ge/4166.

კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის 20  ივლისამდე.

 

 

საკონკურსო პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

(დასაწყისი)

საკონკურსო პირობები:

◦არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

◦ასაკი არ აღემატება 35 წელს;

◦ჩაბარებული აქვს აქვს საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული პროგრამული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე,  გააჩნია უპირობო ჩარიცხვის (გარდა ფინანსური და ადმინისტრაციული პირობისა) დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი;

◦მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი. საბოლოო ჯამური შეფასება: GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B)  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;

◦ან სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის ჯამური შეფასება GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B) ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);

◦აქვს მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, სტაჟირება, პრაქტიკის გავლა, კვლევითი საქმიანობა). 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

◦პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

◦CV/რეზიუმე;

◦სამოტივაციო წერილი;

◦უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური და ადმინისტრაციული პირობისა);

◦ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა  აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის მითითებით;

◦უცხოეთის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით; 

◦დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საშუალო ქულის  მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები; 

◦ერთი რეკომენდაცია (ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის რეკომენდატორის ველში თქვენ მიერ მითითებული პირი რეკომენდაციას თავად გადმოგზვანის სპეციალური ბმულის საშუალებით); 

◦დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ;

◦ საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

◦სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/ები;

◦ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

◦სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). 

 

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი  უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

 

კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია, თუ:

ა)  კონკურსანტს მოპოვებული აქვს ინსტიტუციური თანადაფინანსება; 

ბ)  პირველად გეგმავს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ;

გ) აქვს საუნივერსიტეტო სივრცეში სამუშაო გამოცდილება და გეგმავს აკადემიურ მოღვაწეობას.

 

 

კონკურსანტის შერჩევის პროცესი

 

(დასაწყისი)

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე  გადაწყვეტილებას იღებს  საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას  ამტკიცებს  ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო კომისია.

კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან:

პირველი ეტაპი -  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური. 

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. 

იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით.

 

 

შეფასების მექანიზმი

 

(დასაწყისი)

საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 (+ დამატებითი ბონუს) ქულა.  აქედან:

◦ელ. განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

◦გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

◦დამატებითი ბონუს ქულა მაქსიმუმ  3 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს),  ერთი სტატუსისთვის 1 ქულა.

კომისიის წევრები კონკურსანტების განაცხადებს  ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 

კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ კონკურსის მეორე ეტაპს, გასაუბრებაზე იქნებიან მოწვეულნი.

კონკურსის დასრულებისას ჯამდება კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე დაგროვილი საშუალო ქულები, რის საფუძველზეც ვლინდება კონკურსის საბოლოო შედეგი.

 

 

კონკურსანტის ინფორმირება შედეგების შესახებ

 

(დასაწყისი)

შეფასების ელექტრონული  სისტემა კონკურსის დასრულებისას კონკურსანტებს მიღებული ქულების შესაბამისად ჰყოფს (1) გამარჯვებულ, (2) სარეზერვო და (3) დაბალქულიან ჯგუფებად.

კონკურსანტების ინფორმირება საბოლოო შედეგის შესახებ (გამარჯვებული, სარეზერვო და დაბალქულიანი) ხდება მათ მიერ განაცხადში მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე.

 

 

დაფინანსება

 

(დასაწყისი)

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას. 

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას  ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:

◦სწავლის საფასურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწესებულებაში დადგენილია საქართველოს ხაზინაში მოქმედი საერთაშორისო გადარიცხვის წესისგან განსხვავებული წესი. 

◦სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს. 

ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის  ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში, კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B) ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში. დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

პროგრამა არ ითვალისწინებს  ნებისმიერი არასტანდარტული, მათ შორის: სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული, ე.წ. “Executive” სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

(დასაწყისი)

ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის  საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ. 

უცხოეთის უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა,  გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B) ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს ასევე წარმოადგენს:

თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.

ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის  ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით. 

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

◦სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი.

◦საზღვარგარეთ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსებული პირი უნდა დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში.

◦ცენტრის შეთავაზებით ითანამშრომლოს საქართველოში შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან,  აკადემიური მოღვაწეობის მიზნით. 

დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით,  დაფინანსებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. 

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა განაგრძოს საზღვარგარეთ სადოქტორო პროგრამაზე. აღნიშნული მიზნით, აგრეთვე აქვს უფლება ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით კვლავ მოიპოვოს დაფინანსება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით.  აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება სადოქტორო პროგრამის დასრულებისთანავე.

დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მიზნით. 

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345