1. რა არის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა?

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა არის სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, განახორციელონ სხვადასხვა ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტი პროგრამით განსაზღვრულ თემატიკაზე, ცენტრის მიერ კონკურსის წესით გაცემული გრანტებითა ან/და სხვა თანადაფინანსებით.

 

 

2. ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის საგრანტო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება უცხოეთში განათლების მიღების მიზნით, სწავლის დასრულების შემდგომ დაბრუნდნენ საქართველოში და მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, გეგმავენ პროექტის განხორციელებას.

 

 

3. ვის არ შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც უკვე ორჯერ გაიმარჯვეს მცირე საგრანტო პროგრამაში და შესაბამისი პროექტები წარმატებით განახორციელეს.  

ასევე, პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის კურსდამთავრებულები, რომელმაც მცირე საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს და მიღებული გრანტის ფარგლებში, წარმატებით ვერ განახორციელეს ერთი პროექტი მაინც.  

 

 

4. რა თემატიკაზე შეიძლება იყოს პროექტი წარმოდგენილი?

ძირითადი და პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები მოცემულია პროგრამაში, კერძოდ: განათლება; ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; ჯანდაცვა; თავდაცვა, უსაფრთხოება; ჰუმანიტარული მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია; საჯარო მმართველობა; სამართალი; მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი. 

თუმცა აღნიშნული ჩამონათვალი არ ზღუდავს დაინტერესებულ პირს საპროექტო განაცხადის წარდგენასა და სასურველი თემატიკის შერჩევაში. 

 

 

5. რა უნდა გაითვალისწინონ კურსდამთავრებულებმა პროექტის წერისას?

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისას, კურსდამთავრებულებმა აუცილებელია გაითვალისწინონ პროგრამის მიზნები, დადგენილი შეფასების კრიტერიუმები და სხვა კომპონენტები.

შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საჯაროდ.

 

 

6. როგორ ფასდება განაცხადი მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში?

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსის ფარგლებში შეფასება 100 ქულიანია. აქედან:

- განაცხადის შეფასებისას კანდიდატმა შეიძლება მიიღოს მაქსიმუმ 60 ქულა;

- გასაუბრების შეფასებისას კანდიდატმა შეიძლება მიიღოს მაქსიმუმ 40 ქულა.

 

 

7. ვინ აფასებს საპროექტო განაცხადებს?

შემოსულ საპროექტო განაცხადებს აფასებს მცირე საგრანტო პროგრამის საკონკურსო კომისია, რომელიც შედგება არანაკლებ 7 წევრისგან.

 

 

8. რა არის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი?

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის საერთო ბიუჯეტია 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

 

 

9. რამდენი პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა?

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა არ არის წინასწარ გასაზღვრული, არამედ დამოკიდებულია კონკურსში შემოსული პროექტების ბიუჯეტებსა და პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებაზე.

 

 

10. რა თანხის მოთხოვნის უფლება აქვს კურსდამთავრებულს პროგრამის ფარგლებში?

პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის მაქსიმალურმა ოდენობამ თითოეულ საპროექტო განაცხადზე შეიძლება შეადგინოს  50,000 ლარი - თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ხოლო თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში - 35,000 ლარი. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური წყაროები.

 

 

11. რას გულისხმობს თანადაფინანსება და რა დოკუმენტებია წარმოსადგენი?

თანადაფინანსება, პროგრამის ფარგლებში, ნიშნავს სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის განხორციელებაში, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამოხატული თანხითა და მისი რეალური ხარჯვითი ნაწილით.

თანადაფინანსებად არ ჩაითვლება მატერიალური ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, სერვისის უფასო გაწევა ან უცხოელი/ადგილობრივი ექსპერტის ანაზღაურების გარეშე პროექტში ჩართულობის თანხმობის წერილის წარმოდგენა.

თანადაფინანსების კომპონენტის ჩასათვლელად, აუცილებელია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის სახელზე წარმოდგენილი იქნას ოფიციალური წერილი, შესაბამისი თანხისა და მისი გამოყენების მიზნობრიობის დაზუსტებით. აღნიშნული წერილი წარმოდგენილი უნდა იყოს მცირე საგრანტო პროგრამის დანართი N4-ის სახით.

 

 

12. რას გულისხმობს თანამშრომლობა და რა დოკუმენტებია წარსადგენი?

თანამშრომლობა ნიშნავს სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის არაფინანსურ კონტრიბუციას პროექტის განხორციელებაში. თანამშრომლობად ჩაითვლება მატერიალური ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, სერვისის უფასო გაწევა ან უცხოელი/ადგილობრივი ექსპერტის ანაზღაურების გარეშე პროექტში ჩართულობის თანხმობის წერილის წარმოდგენა.

თანამშრომლობის კომპონენტის ჩასათვლელად, აუცილებელია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის სახელზე წარმოდგენილი იქნას შესაბამისი შინაარსის წერილი.

 

 

13. რა სხვაობაა თანადაფინანსებისა და თანამშრომლობის კომპონენტებს შორის?

თანადაფინანსების შემთხვევაში, აუცილებელია ოფიციალური წერილის წარმოდგენა, რომლითაც გამცემისგან დადასტურდება შესაბამისი ფულადი კონტრიბუციის აღების ვალდებულება და შესაბამისად, პროექტის განხორციელების პროცესში, თანადამფინანსებლისგან მიღებული თანხის ფაქტობრივი ხარჯვა.

თანამშრომლობის კომპონენტის დროს კი, აუცილებელი არ არის თანხის ფაქტობრივი ხარჯვის კომპონენტის არსებობა და ნებისმიერი სხვა ტიპის თანამშრომლობაც  აღნიშნული კომპონენტის დაკმაყოფილებად ჩაითვლება.

 

 

14. რას ნიშნავს პროექტის საერთაშორისო კომპონენტი?

საერთაშორისო კომპონენტი გულისხმობს საზღვარგარეთის კონკრეტული დაწესებულებიდან შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცილების კონსულტანტის/ექსპერტის მოწვევას, რომელიც თავის საქმიანობას შეიძლება ახორციელებდეს როგორც უფასოდ, აგრეთვე, ანაზღაურების საფუძველზე.

 

 

15. შესაძლებელია თუ არა საერთაშორისო ექსპერტის ჩამოყვანა და რა დოკუმენტია საჭირო აღნიშნულის დასადასტურებლად?

პროექტის შესაბამისი ხარისხით განხორციელებისთვის, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საზღვარგარეთ მოღვაწე შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის საქართველოში ჩამოყვანა, რისთვისაც საჭიროა მისი თანხმობის წერილის წარმოდგენა.

თანხმობის წერილში მითითებული უნდა იყოს აღნიშნული პირის მზაობა პროექტში მონაწილეობის მიღების თაობაზე, აგრეთვე, საქართველოში მისი ვიზიტის სავარუდო თარიღი.

 

 

16. უცხოელი კონსულტანტის მოწვევის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა გათვალისწინებული იქნას ერთჯერადი ჰონორარი, განთავსებისა და მგზავრობის ხარჯები?

პროექტის განხორციელებისას, უცხოელი კონსულტანტს მოწვევის შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტით შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას მისი ჰონორარი, საქართველოში მგზავრობისა და განთავსების ხარჯების ანაზღაურება.

 

 

17. რა არის პროექტის რეგიონალური კომპონენტი და რას გულისხმობს იგი?

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის რეგიონალური კომპონენტი არის მცირე საგრანტო პროგრამის დამატებითი ელემენტი, რომლის მიხედვითაც, შეფასების პროცესში, კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება საქართველოს რეგიონების განვითარებაზე.  რეგიონალური კომპონენტი გულისხმობს პროექტის განხორციელებას რეგიონში ან/და რეგიონისთვის, მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

 

 

18. როგორია პროექტის განხორციელების ვადები?

მცირე საგრანტო პროგრამის გამოცხადებისას, ქვეყნდება როგორც პროგრამის, ისე პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების განხორციელების ვადები.

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკონკურსო ვადაში. პროგრამით გაწერილია განაცხადების მიღების, ტექნიკური შეფასების, შინაარსობრივი შეფასების, გასაუბრებისა და შედეგების გამოცხადების ვადები.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის განხორციელების ვადები კი მოიცავს მისი დაწყების, ფაქტობრივი განხორციელებისა და ანგარიშების (შინაარსობრივი და ფინანსური) წარმოდგენის ვადებს.

 

 

19. როგორ უნდა იქნას წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი და რისი გათვალისწინება სჯობს ბიუჯეტის დაგეგმვის დროს?

პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა საფეხურის ბიუჯეტი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი და წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში. ბიუჯეტის შედგენისას გასათვალისწინებელია პროგრამის მიზნებთან შესაბამისობისა და მიზნობრიობის, მდგრადობისა და ეფექტურობის საკითხები.

 

 

20. რა არის პროექტის პროგრამული და ფინანსური ანგარიში?

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების ხელძღვანელებს, პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, აქვთ პროგრამული და ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება.

პროგრამული ანგარიში მოიცავს ინფორმაციას პროექტის მიზნების მიღწევის, მისი მდგრადობისა და ეფექტურობის შესახებ: რა მოქმედებები განხორციელდა საპროექტო განაცხადში მოცემული თანმიმდევრობით და რა დროში, რა ნიუანსები გამოვლინდა პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში და რა შედეგი დადგა პროექტის ბოლოს.

ფინანსური ანგარიში მოიცავს მიღებული გრანტის ხარჯვის აღრიცხვას გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროს წარმოდგენილი ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის შესაბამისად.

 

 

21. თუ ბიუჯეტი ითვალისწინებს რაიმე ნივთის შეძენას, რა ბედი ეწევა ამ ნივთს პროექტის დასრულების შემდეგ?

თუ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, წარმოდგენილი ბიუჯეტის მიხედვით, მოთხოვნილია რაიმე ნივთის შეძენა, პროექტის დასრულების შემდეგ, ის კურსდამთავრებულის საკუთრებაში რჩება. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში, აკრძალულია მისი რაიმე ფორმით გასხვისება ან სხვა პირისთვის განკარგვის უფლების გადაცემა.

 

 

22. იბეგრება თუ არა პროექტის განმახორციელებელი პერსონალის საგრანტო დაფინანსება?

პროექტის განმახორციელებელი პირების საგრანტო ანაზღაურება არ იბეგრება.

დაბეგვრას ექვემდებარება შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების მქონე დაქირავებულ პირთა ჰონორარები.

 

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345