1. რა არის საგრანტო პროგრამა კურსდამთავრებულთათვის?

საგრანტო პროგრამა კურსდამთავრებულთათვის (შემდგომში „პროგრამა“) არის სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში „ცენტრი) პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, განახორციელონ პროექტები მათი შრომის ბაზარზე ინტეგრირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ კონკურსის წესით გაცემული გრანტებითა ან/და სხვა თანადაფინანსებით.

 

2. ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის პროგრამის ფარგლებში მიიღეს სასწავლო გრანტი/სტიპენდია, დაასრულეს სწავლა საზღვარგარეთ,  დაბრუნდნენ საქართველოში და ასრულებენ სახელშეკრულებო პირობებს.

 

3. რას გულისხმობს პროგრამის ჩანაწერი, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პროექტში ცენტრის მინიმუმ ერთი კურსდამთავრებულის ჩართვა?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსში განაცხადის გაკეთებისას, პროექტის განმახორციელებელ გუნდში, პროექტის ხელმძღვანელის გარდა, ჩართული უნდა იყოს მინიმუმ ერთი კურსდამთავრებული მაინც.

 

4. რა თემატიკაზე შეიძლება იყოს პროექტი წარმოდგენილი?

პროექტების ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებები მოცემულია პროგრამაში. თუმცა, აღნიშნული ჩამონათვალი არ ზღუდავს დაინტერესებულ პირს საპროექტო განაცხადის წარდგენასა და სასურველი სხვა თემატიკის შერჩევაში.

 

5. რა უნდა გაითვალისწინონ კურსდამთავრებულებმა პროექტის წერისას?

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისას, კურსდამთავრებულებმა აუცილებელია გაითვალისწინონ პროგრამის მიზნები, დადგენილი შეფასების კრიტერიუმები და სხვა კომპონენტები. შეფასების კრიტერიუმები გამოქვეყნებულია საჯაროდ.

 

6. როგორ ფასდება განაცხადი მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში?

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსის ფარგლებში შეფასება 100 ქულიანია. აქედან:

- განაცხადის შინაარსობრივი შეფასებისას (მეორე ეტაპი) კანდიდატმა შეიძლება მიიღოს მაქსიმუმ 60 ქულა;

- გასაუბრებისას (მესამე ეტაპი) კანდიდატმა შეიძლება მიიღოს მაქსიმუმ 40 ქულა.

 

7. ვინ აფასებს საპროექტო განაცხადებს?

შემოსულ საპროექტო განაცხადებს აფასებს საგრანტო პროგრამის საკონკურსო კომისია, რომელიც შედგება არანაკლებ 7 წევრისგან.

 

8. რა არის პროგრამის ბიუჯეტი?

საგრანტო პროგრამის საერთო ბიუჯეტია 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

 

9. რამდენი პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს პროგრამა ?

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა არ არის წინასწარ გასაზღვრული. იგი დამოკიდებულია კონკურსში შემოსული პროექტების ბიუჯეტებზე, საკონკურსო კომისიის შეფასებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

10. რა თანხის მოთხოვნის უფლება აქვს საგრანტო პროგრამის ფარგლებში?

პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის მაქსიმალურმა ოდენობამ თითოეულ საპროექტო განაცხადზე შეიძლება შეადგინოს  50,000 ლარი - თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ხოლო თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში - 35,000 ლარი. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური წყაროები.

 

11. რას გულისხმობს თანადაფინანსება და რა დოკუმენტებია წარმოსადგენი?

თანადაფინანსება, პროგრამის ფარგლებში, ნიშნავს სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის განხორციელებაში, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამოხატული თანხითა და მისი რეალური ხარჯვითი ნაწილით.

 

თანადაფინანსებად არ ჩაითვლება მატერიალური ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, სერვისის უფასო გაწევა ან უცხოელი/ადგილობრივი ექსპერტის ანაზღაურების გარეშე პროექტში ჩართულობის თანხმობის წერილის წარმოდგენა.

 

თანადაფინანსების კომპონენტის ჩასათვლელად, აუცილებელია ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის სახელზე წარმოდგენილი იქნას ოფიციალური წერილი, შესაბამისი თანხისა და მისი გამოყენების მიზნობრიობის დაზუსტებით. აღნიშნული წერილი წარმოდგენილი უნდა იყოს პროგრამის დანართი N3-ის სახით.

 

12. რას გულისხმობს თანამშრომლობა და რა დოკუმენტებია წარსადგენი?

თანამშრომლობა ნიშნავს სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის არაფინანსურ კონტრიბუციას პროექტის განხორციელებაში. თანამშრომლობად ჩაითვლება მატერიალური ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, სერვისის უფასო გაწევა ან უცხოელი/ადგილობრივი ექსპერტის ანაზღაურების გარეშე პროექტში ჩართულობის თანხმობის წერილის წარმოდგენა.

თანამშრომლობის კომპონენტის ჩასათვლელად, აუცილებელია წერილი წარმოდგენილი იყოს საგრანტო პროგრამის დანართი N4 ან/და დანართი N5-ის სახით.

 

13. რა სხვაობაა თანადაფინანსებისა და თანამშრომლობის კომპონენტებს შორის?

თანადაფინანსების შემთხვევაში, ოფიციალური წერილის წარმოდგენით (დანართი N3), გამცემი ადასტურებს შესაბამისი ფულადი კონტრიბუციის აღების ვალდებულებას. შესაბამისად, პროექტის განხორციელების პროცესში, დასტურდება თანადამფინანსებლისგან მიღებული თანხის ფაქტობრივი ხარჯვა.

თანამშრომლობის კომპონენტის დროს კი, აუცილებელი არ არის თანხის ფაქტობრივი ხარჯვის კომპონენტის არსებობა და ნებისმიერი სხვა ტიპის თანამშრომლობა  აღნიშნული კომპონენტის დაკმაყოფილებად ჩაითვლება. აღნიშნულ შემთხვევაში ივსება თანამშრომლობის ფორმა (დანართი N4 ან/და დანართი N5).

 

14. რას ნიშნავს პროექტის საერთაშორისო კომპონენტი?

საერთაშორისო კომპონენტი გულისხმობს საზღვარგარეთის კონკრეტული დაწესებულებიდან შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცილების კონსულტანტის/ექსპერტის მოწვევას, რომელიც თავის საქმიანობას შეიძლება ახორციელებდეს როგორც უფასოდ, აგრეთვე, ანაზღაურების საფუძველზე.

 

15. შესაძლებელია თუ არა საერთაშორისო ექსპერტის ჩამოყვანა და რა დოკუმენტია საჭირო აღნიშნულის დასადასტურებლად?

პროექტის შესაბამისი ხარისხით განხორციელებისთვის, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საზღვარგარეთ მოღვაწე, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის საქართველოში ჩამოყვანა, რისთვისაც საჭიროა მისი თანამშრომლობის წერილის წარმოდგენა.

 

თანამშრომლობის წერილში (დანართი N4) მითითებული უნდა იყოს აღნიშნული პირის მზაობა პროექტში მონაწილეობის მიღებაზე, აგრეთვე, საქართველოში მისი ვიზიტის სავარუდო თარიღი.

 

16. უცხოელი კონსულტანტის მოწვევის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა გათვალისწინებული იქნას ერთჯერადი ჰონორარი, განთავსებისა და მგზავრობის ხარჯები?

პროექტის განხორციელებისას, უცხოელი კონსულტანტს მოწვევის შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტით შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას მისი ჰონორარი, საქართველოში მგზავრობისა და განთავსების ხარჯების ანაზღაურება.

 

17. რა არის პროექტის რეგიონალური კომპონენტი და რას გულისხმობს იგი?

საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის რეგიონალური კომპონენტი არის პროგრამის დამატებითი ელემენტი, რომლის მიხედვითაც, შეფასების პროცესში, კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება საქართველოს რეგიონების განვითარებაზე.  რეგიონალური კომპონენტი გულისხმობს პროექტის განხორციელებას რეგიონში ან/და რეგიონისთვის, მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

 

18. როგორია პროექტის განხორციელების ვადები?

პროგრამის გამოცხადებისას, ქვეყნდება როგორც პროგრამის, ისე პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების განხორციელების ვადები.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკონკურსო ვადაში. პროგრამით გაწერილია განაცხადების მიღების, ტექნიკური შეფასების, შინაარსობრივი შეფასების, გასაუბრებისა და შედეგების გამოცხადების ვადები.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის განხორციელების ვადები კი მოიცავს მისი დაწყების, ფაქტობრივი განხორციელებისა და ანგარიშების (შინაარსობრივი და ფინანსური) წარმოდგენის ვადებს.

 

19. როგორ უნდა იქნას წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი და რისი გათვალისწინება სჯობს ბიუჯეტის დაგეგმვის დროს?

პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა საფეხურის ბიუჯეტი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი და წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში. ბიუჯეტის შედგენისას გასათვალისწინებელია პროგრამის მიზნებთან შესაბამისობა, მიზნობრიობა, მდგრადობა და ეფექტურობა.

 

20. რა არის პროექტის პროგრამული და ფინანსური ანგარიში?

საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების ხელძღვანელებს, პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, აქვთ პროგრამული და ფინანსური ანგარიშების წარმოდგენის ვალდებულება.

პროგრამული ანგარიში მოიცავს ინფორმაციას პროექტის მიზნების მიღწევის, მისი მდგრადობისა და ეფექტურობის შესახებ: რა მოქმედებები განხორციელდა საპროექტო განაცხადში მოცემული თანმიმდევრობით და რა დროში, რა ნიუანსები გამოვლინდა პროექტის მიმდინარეობისას და რა შედეგი დადგა პროექტის ბოლოს.

ფინანსური ანგარიში მოიცავს მიღებული გრანტის ხარჯვის აღრიცხვას გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროს წარმოდგენილი ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის შესაბამისად. ფინანსურ ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტები.

 

21. თუ ბიუჯეტი ითვალისწინებს რაიმე ნივთის შეძენას, რა ბედი ეწევა ამ ნივთს პროექტის დასრულების შემდეგ?

თუ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, წარმოდგენილი ბიუჯეტის მიხედვით, მოთხოვნილია რაიმე ნივთის შეძენა, პროექტის დასრულების შემდეგ, ის კურსდამთავრებულის საკუთრებაში რჩება. პროექტის მიმდინარეობისას, აკრძალულია მისი რაიმე ფორმით გასხვისება ან სხვა პირისთვის განკარგვის უფლების გადაცემა.

 

22. იბეგრება თუ არა პროექტის განმახორციელებელი პერსონალის საგრანტო დაფინანსება?

პროექტის განმახორციელებელი პირების საგრანტო ანაზღაურება არ იბეგრება.

დაბეგვრას ექვემდებარება შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების მქონე დაქირავებულ პირთა ჰონორარები.

 

23. როგორ და როდის ხდება შუალედური ანგარიშგება?

შუალედური ანგარიშები (ფინანსური და პროგრამული) ცენტრს წარედგინება პროექტის პირველი ნახევრის დამთავრებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2 კვირისა. აღნიშნული ანგარიში უნდა მოიცავდეს შესრულებული სამუშოს ინფორმაციას ფოტო-ვიდეო მასალასთან ერთად. ანგარიში იგზავნება თარიღითა და ნედლი ხელმოწერით ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე (iec-alumni@gov.ge).

 

24. როგორ და როდის ხდება საბოლოო ანგარიშგება?

საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშები ცენტრს წარედგინება პროექტის გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული აქტივობების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა. ანგარიში იგზავნება თარიღითა და ნედლი ხელმოწერით ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე (iec-alumni@gov.ge).

 

 

 

 

«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567