News

 

ნუნუ მიცკევიჩი და ანა მარია შიკო რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებს შეხვდნენ

29412
  • 24 November 2022
ნუნუ მიცკევიჩი და ანა მარია შიკო რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებს შეხვდნენ

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში შედგა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის  - ნუნუ მიცკევიჩისა და საქართველოში უნგრეთის ელჩის - ანა მარია შიკოს სამუშაო შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებთან.

შეხვედრის მიზანი იყო ცენტრის არსებული სასტიპენდიო პროგრამების რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთათვის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.

ნუნუ მიცკევიჩმა ისაუბრა სასტიპენდიო პროგრამებში რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის შესაძლებლობებზე რომელიც, აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო დაფინანსებით ეძლევათ საზღვარგარეთ სწავლის მსურველ ახალგაზრდებს, ასევე ყურადღება გაამახვილა ინტერნაციონალიზაციის პროცესში რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ:

,,ეს არის პირველი ერთობლივი შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებთან განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე თუ დაგეგმილი პროგრამების გასაცნობად. უახლოეს მომავალში ჩვენ შევხვდებით რეგიონული თვითმმართველობების წარმომადგენლებსაც. ჩვენთვის მთავარია, რომ თითოეულმა ოჯახმა, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე, იცოდეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ახალგაზრდებს სახელმწიფო სთავაზობს, უნდა ვუთხრათ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი აკადემიური მოსწრება, მათი მიღწევები, რომ ჩვენ ვზრუნავთ მათი განათლებისა და განვითარებისთვის. ამავდროულად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, სწავლის შესაძლებლობები და მიღებული ცოდნა დავუკავშიროთ დასაქმების პროცესს და ამ საკითხში ჩავერთოთ სრული რესურსით, რათა, უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდები სამშობლოში დაბრუნდნენ, პროფესიის შესაბამისად დასაქმდნენ და თავიანთი ცოდნა მოახმარონ თავის რეგიონსა და ქვეყანას.’’

ანა მარია შიკომ ისაუბრა წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებაზე ქართულ-უნგრული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. მისი თქმით: ,,Stipendium Hungaricum’’-ის პროგრამაში 70-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული და საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. პროგრამა სტუდენტებს 600-ზე მეტ სასწავლო კურსს სთავაზობს სხვადასხვა ენასა და მიმართულებაზე. ,,Stipendium Hungaricum’’ უკვე მეექვსე წელია საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრირებით ხორციელდება და 2017 წლიდან დღემდე 300-ზე მეტმა სტუდენტმა გააგრძელა სწავლა უნგრეთის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.’’

პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

ღონისძიებაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის უფროსმა ნინო სულავამ წარადგინა პრეზენტაცია ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების, საკონკურსო ვადებისა და პროცედურების შესახებ, ხოლო პროფესიული განათლების კოორდინატორმა ლიკა ნოზაძემ ისაუბრა ცენტრის სამომავლო გეგმებზე და აუდიტორიას გააცნო განახლებული ხედვა პროფესიული განათლების მიმართულებით.

რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ, თავის მხრივ, აქტიურად ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამებში და უზრუნველყონ სტუდენტთა დროული ინფორმირება მიმდინარე კონკურსების შესახებ, ასევე, უნივერსიტეტებში უმასპინძლონ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლებს სასტიპენდიო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ფორმატში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები, კერძოდ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელები.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910