სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების - „Stipendium Hungaricum 2022-2023’’ - კონკურსი გამოაცხადა. ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან, საქართველოში უნგრეთის საელჩოსთან ერთად ახორციელებს. დღემდე პროგრამით საქართველოს 300-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
უნგრეთის მთავრობის სტიპენდია ,,Stipendium Hungaricum” დაწესდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული. საქართველოში პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.
კონკურსით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა ელექტრონული განაცხადები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ვადებში:
- ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე - 15 ნოემბერი, 2021 – 15 იანვარი, 2022, უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.
- სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე - 16 ნოემბერი, 2021 – 15 იანვარი, 2022 უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.
კონკურსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ვადები და ეტაპები დეტალურად განთავსებულია: https://stipendiumhungaricum.hu/apply/
ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის, ასევე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:
• ბაკალავრიატი - არაუმეტეს 30,
• მაგისტრატურა - არაუმეტეს 30,
• დოქტორანტურა - არაუმეტეს 10,
• ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – არაუმეტეს 5.
• 3-10 თვის ხანგრძლივობის ტრენინგ კურსები - 5.
დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, სამედიცინო დაზღვევისა და საცხოვრებელ ხარჯებს სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.