სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს საქართველოში იტალიის ახალი ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ეწვივნენ.
სამუშაო შეხვედრაზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა და იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ ორ ქვეყანას შორის აკადემიური მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
2018 წელს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს (CRUI) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის განახლებაც მიმდინარე წელს იგეგმება.
შეხვედრაზე მხარეებმა, განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, იტალიის საპარტნიორო საუნივერსიტეტო ქსელის გაფართოებაზე ისაუბრეს და იტალიაში უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოდან კიდევ უფრო მეტი სტუდენტის დაფინანსების შესაძლებლობა განიხილეს.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამას „აკადემიური პროგრამები იტალიაში“ 2019 წლიდან, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2019-2023 წლებში, კონკურსის წესით შეირჩა და იტალიური მხარის დაფინანსებით, იტალიაში სასწავლებლად გაემგზავრა საქართველოს 20 მოქალაქე.
ამას გარდა, განათლების საერთაშორისო ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, 2014-2023 წლებში, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, იტალიაში სწავლის მიზნით, დაფინანსდა საქართველოს 37 მოქალაქე.
ამჟამად, განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, იტალიაში საქართველოს 18 მოქალაქე სწავლობს.