განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულ პროექტებს გაეცნენ
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა. ღონისძიების პირველი ნაწილი სტიპენდიანტებისა და კურსდამთავრებულების შეხვედრას დაეთმო.
კურსდამთავრებულებმა ცენტრის ახალ სტიპენდიანტებსა და დამსწრე საზოგადოებას ის პროექტები გააცნეს, რომლებიც საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდგომ საქართველოში, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით განახორცილეს.
პანელურ დისკუსიაზე პრეზენტაციები წარადგინეს:
აკაკი ნადარაიამ - მყინვარული ტბების საფრთხეების შეფასება და მათი გავლენა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებზე;
ბესარიონ ლასარეიშვილმა - ეროვნული და საერთაშორისო სკოლა „იმუნიტეტი, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ფაგოთერაპია;
ლენა გომართელმა - STEM სასკოლო ჰაბი;
ელენე მაჩაიძემ - პირუტყვის სეზონური გადაადგილების სივრცითი კონფლიქტები და პოტენციალი ინტეგრირებული დიზაინის პრაქტიკა, ქვემო ქართლის რეგიონის დასახლებების მაგალითზე;
გურამ იმნაძემ - კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, მყინვარ გერგეთის ფირნის აუზის ყინულოვანი საფარის სისქის და მყინვარის სხეულის მდგომარეობის კვლევა აქტიური დათბობის პერიოდში;
მარიამ საღარაძემ - მულტისპექტრული ფოტოგადაღება და მდგომარეობის 3D ფოტოგრამეტრიული მონიტორინგი კედლის მხატვრობის კონსერვაციაში; საერთაშორისო ვორქშოფი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციაში.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამას იმ სტიპენდიანტების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს, რომლებმაც განათლება მიიღეს ან კვალიფიკაცია აიმაღლეს საზღვარგარეთ და შეძენილი ცოდნის შესაბამისად, საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი, კვლევითი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტის რეალიზებას გეგმავენ.