საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.
საგრანტო პროგრამას საფრანგეთის საელჩოსთან არსებული „ფრანგული ინსტიტუტი“ და საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოპერატორი სააგენტო „კამპუს ფრანსე“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.
მიღებაზე სტიპენდიანტებს სიტყვით მიმართეს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ.
ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთის სახელმწიფო განათლების სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისა და მსოფლიოში ფრანგული კულტურის აქტიური პოპულარიზაციისთვის, ნუნუ მიცკევიჩს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა.
საფრანგეთში კურსდამთავრებულთა დღესთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, Campus France Géorgie-ს, ფრანგულ-ქართული სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს „ფრანგული ინსტიტუტის“ ორგანიზებით, ასევე გაიმართა დასაქმების ფორუმი.
ფორუმზე საფრანგეთში კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, შეხვედროდნენ ფრანგულ-ქართული სავაჭრო პალატის და საქართველოში არსებული ცნობილი ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს და განეხილათ მათთვის სასურველი ვაკანსიები.