27-29 აპრილს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სასტიპენდიო პროგრამების კომისიის წევრებთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან და ცენტრის თანამშრომლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაიმართა. მოსამზადებელი შეხვედრის ძირითადი მიზანია, ოთხი სასტრიპენდიო კომისიის ერთობლივ სამუშაო პრინციპებზე, ვადებსა და მიზნებზე შეთანხმება კონკრეტული პროგრამების ფარგლებში.
ბორჯომში ორდღიანი სემინარის მსვლელობისას განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ კომისიის წევრებს გააცნო შემდეგი საკითხები: 2014-2018 წლების ზოგადი და შედარებითი სტატისტიკა, შერჩევის კრიტერიუმები, პარამეტრები, დინამიკა, 2018 წლის ჩატარებული სასტიპენდიო კონკურსები, პროცესი და შედეგები, ერთობლივი და გაცვლითი პროგრამები (Stipendium Hungaricum, Fulbright, French Master Programs, DAAD) – შედარებითი სტატისტიკა, ცენტრის ახალი პროგრამები და მიმართულებები: 2018 წლის სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები. კომისიის წევრებმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მესვეურებმა იმსჯელეს და შეთანხმებას მიაღწიეს შეფასების პროცესსა და პროცედურებზე, კომისიური მუშაობის წესსა და შერჩევის კრიტერიუმებზე. დისკუსია ასევე შეეხო ცენტრის აპლიკანტთა და ბენეფიციართა ხელშეწყობისა და პროფესიული განვითარების მექანიზმებს - ომბუდსმენის ჯგუფს, დასაქმებასა და კურსდამთავრებულთა ასოციაციას.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების მიმართულებით დაგეგმილი ის სიახლეები გააცნო, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია, ასევე განათლების ინტერნაციონალიზაციასა და აკადემიური და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგთა მიზნობრივ ტრენინგებსა და ამ მიმართულებით განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი პროფესიული პროგრამების შექმნაზე ისაუბრა.