სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში

განათლების საერთაშორისო ცენტრი, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. ცენტრი, სახელმწიფო დაფინანსებით და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, ყოველწლიურად ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. აღნიშნული პროგრამები საუკეთესო შესაძლებლობაა უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა საფეხურზე უმაღლესი განათლების მისაღებად. 

განხორციელებული პროგრამები

2021 წელს, პანდემიური ვითარების და რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, ცენტრმა 10 სასტიპენდიო პროგრამა განახორციელა, მათ შორის: როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სადოქტორო, საერთაშორისო სამაგისტრო, საერთაშორისო სახელოვნებო და საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების) პროგრამები, ისე პარტნიორული, ანუ ერთობლივი პროგრამები - იტალიაში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სასტიპენდიო კონკურსების მიმდინარეობისას, ცენტრმა კონკურსანტებისთვის ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება და კონკურსებში შეუფერხებლად მონაწილეობა უზრუნველყო. შესარჩევი პროცედურები კი, საკონკურსო პროგრამული კომისიების მუშაობის შედეგად, გამჭვირვალედ და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად განხორციელდა.

სტიპენდიატები

სასტიპენდიო კონკურსების ფარგლებში დაფინანსდა 124 სტიპენდიატი, რომლებმაც სწავლა მსოფლიოს 13 სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელეს - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. საერთო ჯამში, 2014 წლიდან დღემდე ცენტრმა 1100-ზე მეტი სტიპენდია გასცა.

სასტიპენდიო პროცესში მნიშვნელოვანი იყო თავად კონკურსანტების დაინტერესება და აქტივობაც: პანდემიური რეჟიმის მიუხედავად,  აპლიკანტთა მომართვიანობა არ შემცირებულა, პირიქით, წინა წლებთან შედარებით გაიზარდა (სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიის კონკურსზე).

საზოგადოებასთან ურთიერთობა

ცენტრი მთელი წლის მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა მედიასთან. ცენტრის საქმიანობის, საკონკურსო ვადებისა და პროცედურების საკითხებზე დაიგეგმა არაერთი სატელევიზიო ეთერი, მათ შორის ცენტრის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად.

მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდა ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, ხოლო სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოსთან თანამშრომლობით მომზადდა/გავრცელდა 100-ზე მეტი სტატია ცენტრის საქმიანობის ამსახველ სხვადასხვა საკითხზე.

კურსდამთავრებულთა ასოციაცია და მცირე საგრანტო კონკურსი

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია 2018 წელს ჩამოყალიბდა და არსებობის 3 წლიანი პერიოდის მანძილზე არაერთი საინტერესო პროექტიც განახორციელა. მიმდინარე წელს ასოციაციის ორგანიზებით და ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა საგრანტო კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა კურსდამთავრებულთა განვითარების ხელშეწყობას და სხვადასხვა სფეროში საინტერესო პროექტების განხორციელებას.

კონკურსი ცენტრსა და ასოციაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გამოცხადდა, რომლის თანახმად, ცენტრმა ასოციაციას გადასცა თანხა 150 000 ლარის ოდენობით მცირე საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც, 2021 წელს დაფინანსდა პროექტები:

  • „ციფრული ოაზისები“ - ახალი მედია გამოფენა და მედია ხელოვნების ლაბორატორია“, ავტორი: ხატია ჭოხონელიძე;
  • განათლების ლაბორატორია (EDU LAB), ავტორი: ხატია ცირამუა;
  • „კონცენტრაციების კონტროლი საქართველოში: სამართლებრივი და ეკონომიკური კრიტერიუმების გავლენა კონკურენციასა და მომხმარებლების კეთილდღეობაზე“, ავტორი: გვანცა ჩადუნელი;
  • ,,საერთაშორისო პლატფორმა: Giveinternet.org0ის განვითარება’’, ავტორი: რუსუდან ჯაყელი.
  •  

2021 წლის 16 ნოემბერს, ცენტრმა უკვე გამოაცხადა ,,სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის’’ (2021-2022 სასწავლო წლის) კონკურსი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სტუდენტების აპლიკაციები მიიღება 2022 წლის 15 იანვრის ჩათვლით. უახლოეს მომავალში იგეგმება ცენტრის სხვა სასტიპენდიო კონკურსების ეტაპობრივი გამოცხადებაც.

წინა სიახლე სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამებით საზღვარგარეთ წასული სტუდენტების ნაწილს საქართველოში დაბრუნების პერიოდი გაუხანგრძლივდა
Next Article გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის
Print
1009 Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2022»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234