განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
საგრანტო პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულთა საინტერესო იდეების მხარდაჭერა, საზოგადოებრივი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შეტანის უფლება აქვთ ასოციაციის წევრებს (წევრთა ჯგუფებს), რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება, დაასრულეს სწავლა და გახდნენ კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები.
მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი მიმართულებებია: რეგიონული განვითარება; ინოვაციების ხელშეწყობა; განათლება; ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები; ჯანდაცვა; კონფლიქტები; გარემოს დაცვა და სხვა.
კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის მაქსიმალურმა ოდენობამ თითოეულ საპროექტო განაცხადზე (აპლიკაცია) შეიძლება შეადგინოს 50,000 ლარი თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ხოლო თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში - 35,000 ლარი. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე მოიზიდონ დამატებითი ფინანსური წყაროები.
საკონკურსო ვადებია: 13 ნოემბერი - 11 დეკემბერი.
მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
იმ შემთხვევაში, თუ: მიიღეთ სტიპენდია განათლების საერთაშორისო ცენტრისგან, დაასრულეთ სწავლა, დაბრუნდით საქართველოში და არ ხართ გაწევრიანებული ასოციაციაში, გადადით ბმულზე და დროულად შეავსეთ წევრობის ფორმა, რომ შეძლოთ გრანტებზე განაცხადის შემოტანა: https://bit.ly/2z9v2gQ.