განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2017-2018 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი გამოცხადდა სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე.
2 მაისს, 14:00 საათზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში (ი.ჭავჭავაძის გამზ.7, მე-2 სართული) ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ მედიასა და დაინტერესებულ საზოგადოებას საკონკურსო მოთხოვნები და პირობები გააცნო.
სასტიპენდიო პროგრამების მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მოქალაქეები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
ელ. განაცხადები მიიღება 2017 წლის 28 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე).
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 -17 წლებში 341 სასწავლო სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.
განათლების საერთაშორისო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე.
განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები შეხვედრებს ასევე გამართავენ რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან:
- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017 წლის 3 მაისი, 14:00 საათი;
- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, 2017 წლის 5 მაისი, 13:00 საათი;
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, 2017 წლის 11 მაისი, 12:00 საათი;
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. მის.:ი.ჭავჭავაძის გამზ.7, მე-2 სართული, ელ-ფოსტა: info-iec@iec.gov.ge, საინფორმაციო ხაზის ნომერი 0322 97 01 97.