21 ივლისს ტექნო პარკში განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ფორუმს ცენტრის კურსდამთავრებული სტუდენტები, მიმდინარე გრანტის მფლობელები და 2017-2018 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტიპენდიანტები დაესწრნენ.
ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა, სტიპენდიანტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ პრიორიტეტებისა და პერსპექტივის შესახებ ისაუბრა.
განთლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ კი ბენეფიციარებს ცენტრის მიმდინარე პროგრამები, შერჩევის კრიტერიუმები, ინიციატივები და ახალი „კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა“ გააცნო.
სამუშაო სესიებზე ასევე განიხილეს ცენტრისა და დაფინანსებული, თუ მიმდინარე გრანტის მფლობელი სტუდენტების ურთიერთვალდებულებები, ცენტრის ჩართულობა დასაქმების პროცესში, სტიპენდიანტებსა და ცენტრს შორის ორმხრივი კომუნიკაციის სტრატეგია.
ცალკე სესია დაეთმო საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, რომლებმაც „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სტიპენდიანტების დასაქმების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ს წარმომადგენილმა სპეციალურად ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის შემუშავებული პროდუქტი - Students Protector წარადგინეს. პრეზენტაციის ბოლოს, გათამაშდა სადაზღვევო პოლისი. გამარჯვებული გახდა გიორგი მელიქაძე, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით, შვედეთში მიემგზავრება სასწავლებად. იგი ნებისმიერ ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მომსახურებას 1 წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში.
კონფერენციაზე მსვლელობისას, 2017-2018 სასწავლო წლის პროგრამის გამარჯვებულები შეხვდნენ ცენტრის კურსდამთავრებულ და მიმდინარე გრანტის მფლობელ სტიპენდიანტებს, კომისიის წევრებს (სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს) და ცენტრის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილეს პროგრამის ბენეფიციარების უფლება-მოვალეობები. კურსდამთავრებულებმა სტიპენდიანტთა ახალ ნაკადს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებები, ჯგუფურად იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უცხოეთში სწავლის დაგეგმვისა და სასწავლო პროგრამების შერჩევის სპეციფიკა, სასწავლო პრაქტიკის გავლა, კვლევის თემატიკის განსაზღვრა, სწავლის შემდგომ სამსახურის მოძიება საქართველოში და სხვა.
წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტუდენტების მეოთხე თაობა შეარჩია, ვისაც საშუალება მიეცემა როგორც სახელმწოფო დაფინანსების, ასევე საერთაშორისო სასტიპენდიო პარტნიორობის სქემების ფარგლებში სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი მოიპოვონ საზღვარგარეთ. 2017 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრი 200-ზე მეტ სტუდენტს მისცემს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობას. 100-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. 20-მდე სტუდენტი საფრანგეთისა და საქართველოს სახელმწიფო ხელშეკრულების სასტიპენდიო პროგრამით, 12 სტუდენტი ამერიკა-საქართველოს ფულბრაითის პროგრამის თანადაფინანსებით, ხოლო 80 სტუდენტი უნგრეთის გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 - 17 წლებში 341 სასწავლო სასწავლო სტიპენდია გასცა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მოღვაწეობს შესაბიმის სფეროში.